მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელექტროენერგიის ბაზრის გახსნა სექტორში არსებულ გამოწვევებს ვერ პასუხობს - გიორგი მარგებაძე

მარგებაძე

საქართველოში ელექტროენერგიის ბაზრის გახსნა და დაგეგმილი რეფორმები არსებულ გამოწვევებს ვერ პასუხობს - ამის შესახებ BMG-სთან „მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის“ ხელმძღვანელი გიორგი მარგებაძე აცხადებს. მისი შეფასებით, სექტორში არსებული მძიმე ფინანსური და ინფრასტრუქტურული ვითარების ფონზე, ბაზრის ლიბერალიზაცია არარეალურია.

ასოციაციის ხელმძღვანელის თქმით, დღით ადრე ბაზრებზე ვაჭრობა მცირე და საშუალო ჰესებისთვის დამატებითი რისკია. ამინდის ცვალებადობისა და ზუსტი პროგნოზირების არარსებობის გამო, გენერაციის ობიექტებს უბალანსობის გამო ჯარიმების გადახდა მოუწევთ.

„ჩვენ არ გვაქვს გამართული სისტემები. ამინდის პროგნოზში წერია წვიმა და მეორე დღეს მზეა. ბირჟაზე კი წინასწარ უნდა თქვა, რამდენს მიაწვდი. თუ ვერ მიაწვდი, ჯარიმდები; თუ მეტს მიაწვდი - მაგაზეც ჯარიმდები. ასეთ პირობებში, ბირჟაზე ვაჭრობა მხოლოდ გააუარესებს მდგომარეობას. ევროპაში, სადაც ეს მოდელი მუშაობს, გენერაციების ასეთი დეფიციტი და სეზონური რყევები არ არის, თანაც მთელი კონტინენტი ერთიან ქსელშია“ - აცხადებს გიორგი მარგებაძე BMG-სთან.

მისივე თქმით, ბაზრის გახსნამ ზამთრის პერიოდში შესაძლოა, ტარიფების ზრდა გამოიწვიოს, რაც მძიმე დარტყმა იქნება როგორც მოსახლეობისთვის, ისე ბიზნესისთვის.

„დავინახავთ, რომ ტარიფი წავა მაღლა რა. მაისი-ივნისში, როცა პროფიციტი ექნება, დაბლა ჩამოვა, მაგრამ ზამთრის პერიოდში გაძვირდება, აუცილებლად. არის მაგისთვის მზად თუნდაც, მოსახლეობა? მათ შორის, მცირე ბიზნესი, მზად არის რომ ტარიფი მაღლა წავიდეს? თავი დაიჯარიმოს და ჯარიმები იხადოს? ჰიდროსთვის მეტ-ნაკლებად კიდევ შეიძლება რაღაცა გათვალო, მაგრამ ყველაფერში ვერ გათვლი - მეორე დღეს, მზე რომ ეწერება, შეიძლება, გაწვიმდეს და ისე აგიწიოს გენერაცია, რომ პროფიციტი გქონდეს. ამაზეც, იგივენაირად, ჯარიმდები. ამიტომ, ძალიან რთულია. ასეთი დღით ადრე ბაზრები არის ქვეყნებში, სადაც გამართულია ყველანაირი სისტემა და ელემენტარულად, ხვალ იწვიმებს თუ არა - იციან“ - აცხადებს მარგებაძე.

მისი თქმით, ბაზრის გახსნამდე, სახელმწიფომ პრიორიტეტი ენერგეტიკის სუბსიდირებას, გარანტირებული შესყიდვის ტარიფების გადახედვასა და ადგილობრივი ჰიდრორესურსების ათვისებას უნდა მიანიჭოს, რათა ქვეყანამ მოსალოდნელი ენერგოკრიზისი და „ბლექაუთები“ აიცილოს თავიდან.

ენერგეტიკული ბირჟა ელექტროენერგიის ბაზრის გარდამავალი მოდელის რეჟიმში 2024 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდა. გარდამავალი მოდელის ამოქმედება პირველი ნაბიჯი იყო ელექტროენერგიის ბაზრის ლიბერალიზაციისკენ, რისი ვალდებულებაც საქართველომ ევროკავშითან ჰარმონიზაციის ნაწილში აიღო.

1 ოქტომბრიდან კი, საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟაზე დღიური ვაჭრობა შეაჩერდა. შესაბამისი დადგენილება 8 სექტემბერს მთავრობამ გამოსცა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დღიური ბაზრის ოპერირება 2027 წლის პირველ ივლისამდე ჩერდება, ხოლო 2027 წლის პირველი ივლისიდან, დღიური ბაზრის ოპერირებას ბირჟის ოპერატორი უზრუნველყოფს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები