მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წარმოდგენა არ მაქვს რატომ გადააყენეს, ყველას ძალიან გაგვიკვირდა - გიორგი მარგებაძე ვანო ზარდიაშვილზე

ვანო ზარდიაშვილი

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ (სსე) ხელმძღვანელის ცვლილება სექტორისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა - ამის შესახებ BMG-სთან „მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის“ ხელმძღვანელი გიორგი მარგებაძე აცხადებს.

მისი თმით, ვანო ზარდიაშვილი „ძალიან კარგი ხელმძღვანელი, საქმესა და პრობლემების მოგვარებაზე ორიენტირებული“ ლიდერი იყო.

კითხვაზე, გახდა თუ არა გადაყენების შესაძლო მიზეზი ბოლო პერიოდში ქვეყანაში მომხდარი მასშტაბური ავარიული გათიშვები, მარგებაძე პასუხობს, რომ მისთვის ზუსტი მიზეზი უცნობია და მსგავს გადაწყვეტილებებში სექტორი ჩართული არ ყოფილა.

„მართლა წარმოდგენა არ მაქვს, რატომ გადააყენეს და რატომ შეცვალეს. ყველას გაგვიკვირდა, აბსოლუტურად. ჩემი აზრით, ის იყო ძალიან კარგი, საქმეზე ორიენტირებული ხელმძღვანელი. მან აამუშავა არაერთი გაჩერებული პროექტი, მათ შორის დაძრა ქვესადგურების მშენებლობა და მოახდინა პროექტების ბიუჯეტური ოპტიმიზაცია,“ - აცხადებს გიორგი მარგებაძე.

რაც შეეხება სსე-ს მომავალ ხელმძღვანელს, ასოციაციის თავმჯდომარე მას წარმატებებს უსურვებს და ხაზს უსვამს იმ პასუხისმგებლობას, რაც ამ პოზიციას ახლავს.

„ძალიან ბევრი გამოწვევა აქვს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას: ქსელების განახლება, ათწლიანი გეგმის და პროექტების დროული შესრულება; აუცილებლად, სასწრაფოდ უნდა დაიწყოს ქსელების რეაბილიტაცია, ახალი ქსელების აშენება, რომ ის პრობლემები, რაც ზოგადად ენერგეტიკას აქვს დაერთების კუთხით, მალე მოგვარდეს. ასევე, საჭიროა ძველი ქსელების განახლება და ახალი პროექტების მშენებლობა“ - აცხადებს გიორგი მაგრგებაძე BMG-სთან.

გავრცელებული ინფორმაციით,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორი ვანო ზარდიაშვილი თანამდებობიდან მოხსნეს. BMG-ის ინფორმაციით, გადადგომის შესახებ განცხადება ვანო ზარდიაშვილმა პარასკევს, 31 აგვისტოს დაწერა და ამჟამად, ოფიციალურად, შვებულებაშია. ეკონომიკის სამინისტროში ზარდიაშვილის ელექტროსისტემიდან წასვლას ჯერჯერობით, არ ადასტურებენ.

თუმცა, BMG-ის ინფორმაციით, უკვე გადაწყვეტილია, ვინ შეცვლის ვანო ზარდიაშვილს. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორის პოსტს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მოქმედი დირექტორი დავით ვარდიაშვილი დაიკავებს, რომელიც ამ პოსტზე 2025 წლის შემოდგომაზე დაინიშნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები