მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის პროცესი უფრო მოქნილი უნდა იყოს”-ლევან ვეფხვაძე

ლევან ვეფხვაძე

„ეს იმ ტემპის მაქსიმუმია, რის ათვისებაც კერძო სექტორს შეუძლია“ - ასე უპასუხა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ქვეყანაში პრივატიზების ტემპის დაჩქარებასთან დაკავშირებულ კითხვას. დავითაშვილი ამბობს, რომ გასულ წელს 2 723 აუქციონი ჩატარდა და დაახლოებით 300 მლნ ლარის მობილიზება მოხდა, რაც ნიშნავს რომ პრივატიზების გეგმა 100%-ზე მეტად შესრულდა.

კითხვაზე თუ როგორ უნდა გაიზარდოს უფრო მეტად სახელმწიფო ქონებების პრივატიზების პროცესის ეფექტიანობა, ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე ამბობს, რომ ამ ნაწილში განსაკუთრებით პრობლემური აუქციონზე გამოტანილი სახელმწიფო ქონებების საწყისი ღირებულებაა, რომელიც ხშირ შემთხვევაში მაღალია, რაც ინვესტორს უბიძგებს, შეიძინოს იმავე ტერიტორიასთან ახლოს მდებარე ნაკვეთი კერძო მესაკუთრისგან, რომელიც მას ბევრად დაბალ ფასს სთავაზობს. სახელმწიფო ქონება კი გაუყიდავი რჩება.

“პრივატიზაციის პროცესი უფრო მოქნილი უნდა იყოს. გასაგებია, რომ სახელმწიფოს და იმ სტრუქტურებს, რომლებიც ამზადებენ პრივატიზაციისთვის ქონებას, აქვს თავისი ამოცანა, რომ ქონება არ გადასცეს ახალ მესაკუთრეს საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებად. ეს საბაზრო ღირებულება და მისი განსაზღვრა ძალიან ხშირად არის ხოლმე ის მთავარი პრობლემა, რომელიც სახელმწიფოსა და კერძო ინვესტორს დგება ხოლმე, რადგან ხშირად კერძო მფლობელისგან შეძენილი უძრავი ქონება უფრო იაფია ხოლმე, ვიდრე სახელმწიფოსგან აუქციონზე გამოტანილი ქონების საწყისი ღირებულება.

მოქნილობაში ვგულისხმობ იმას, რომ შესაძლებელია, საინვესტიციო ვალდებულებების მეტი დატვირთვა, შესაბამისი გარანტიების მოტანა და წარმოდგენა, მაგრამ არა ქონების საწყისი ღირებულების მაქსიმალური ნიშნულიდან დაწყება, იმისთვის, რომ ინვესტორებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ ის თანხა, რომელიც შეიძლება ბიუჯეტში წავიდეს, პირიქით ჩააბრუნონ კონკრეტულ საინვესტიციო პროექტში და ამით მერე უკვე შექმნან ეკონომიკური პროცესები, რომელიც ბიუჯეტში დამატებით შემოსავალს მოგვცემს.

თუმცა აქაც არსებობს საფრთხე, რადგან არსებობს კეთილსინდისიერი და არაკეთილსინდისიერი მყიდველი და ცხადია სახელმწიფოს აქვს ვალდებულება როგორმე დაიცვას თავისი ქონება ამ ტიპის არაკეთილსინდისიერი მსურველებისგან. ჩემი მიდგომა იქნება ამ დროს სოლიდური ბანკებისგან მაღალი გარანტიის წარდგენის ვალდებულება, რაც უნდა იყოს გარანტია, რომ ეს ქონება არ იქნება გამოყენებული არასწორი მიზნებისთვის“, - ამბობს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე.




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები