2023 წლის ივნისში ცნობილი გახდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის გუნდი საინვესტიციო კანონმდებლობას შეიმუშავებდა. "საქართველოში ინვესტიციების დაცვისა და ხელშეწყობის შესახებ" - ამ სახელწოდებით პროექტი პარლამენტში ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომაზე უნდა დარეგისტრირებულიყო, თუმცა დოკუმენტი ჯერ არავის უნახავს. მაშინ ითქვა, რომ კანონპროექტზე მუშაობის პროცესი კერძო და საჯარო სექტორის ჩართულობით მიმდინარეობდა, თუმცა საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში აცხადებენ, რომ საკითხზე მთავრობასთან კომუნიკაცია ჯერ არ ჰქონიათ.
"ჯერ არ გვქონია კონსულტაცია. ჩვენი ყოველდღიური საქმიანობით, ფაქტობრივად, კანონმდებლობის სკრინინგს ვაკეთებთ. ჩვენი ხედვები, სავარაუდოდ, შეთავაზებული და ფურცელზე გადატანილი იქნება. მიგვაჩნია, რომ არის საკითხები, რომლებიც ინვესტორებისთვის მეტ სიცხადეს და განჭვრეტადობას მოითხოვს", - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ BMG-სთან.
როგორც BAG-ის აღმასრულებელი დირექტორი აღნიშნავს, კანონმდებლობაში ის გარანტიები უნდა ჩაიწეროს, რომლებიც ინვესტორს დააზღვევს. მის ამბობს, რომ დღესდღეობით, ინვესტორის შემოსვლის შემთხვევაში, გაცხადებული არ არის, რა მოსდის მის კაპიტალს გარკვეული პირობებისა თუ რეგულაციების გაუარესების შემთხვევაში.
"როცა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტია და სახელმწიფოს მსხვილი საერთაშორისო ინვესტორი შემოჰყავს, არ არის სიცხადე, რა მოსდის მის კაპიტალს გარკვეული პირობების, რეგულაციების, სტანდარტების გაუარესების შემთხვევაში. თუკი 250- მილიონიანი ვალდებულება თუ ჰქონდა [ინვესტორს] და 245 მილიონი შეასრულა, ინვესტორი იმ 5 მილიონს კარგავს. ასეთი ტიპის საკითხები გასავლელია, რათა ინვესტორისთვის ბიზნეს გარემო განჭვრეტადი იყოს. კანონმდებლობით მკაფიოდ უნდა იყოს გაწერილი, რომ სახელმწიფო ინვესტორებს გონივრულ ზომებს სთავაზობს იმ ზიანის საკომპენსაციოდ, რომელიც მიადგა. თუ ეს არ განისაზღვრება, გამოდის, ინვესტორმა უნდა იზარალოს და პასუხისმგებლიანი ინვესტორი არ შემოვა", - აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.
სად არის ინვესტიციების დაცვისა და ხელშეწყობის შესახებ პროექტი? - BMG პასუხს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსგან ელის.