2023 წლის ივნისში ცნობილი გახდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის გუნდი საინვესტიციო კანონმდებლობას შეიმუშავებდა. "საქართველოში ინვესტიციების დაცვისა და ხელშეწყობის შესახებ" - ამ სახელწოდებით პროექტი პარლამენტში ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომაზე უნდა დარეგისტრირებულიყო, თუმცა დოკუმენტი ჯერ არავის უნახავს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში BMG-ის განუცხადეს, რომ საკანონმდებლო ინიციატივა შიდაუწყებრივ განხილვას გადის და მისი პარლამენტისთვის წარდგენა წელს არის დაგეგმილი.
"ამჟამად შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა გადის შიდაუწყებრივ განხილვას. ასევე მიმდინარეობს წინასწარი რეგულირების ზეგავლენის ანგარიშის მომზადება. მისი საჯარო განხილვა და პარლამენტისთვის წარდგენა დაგეგმილია მიმდინარე წლისთვის. კანონპროექტი მომზადდა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად და მისი ამოქმედება ხელს შეუწყობს საინვესტიციო კლიმატის შემდგომ გაუმჯობესებას", - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.
გასულ წელს ითქვა, რომ კანონპროექტზე მუშაობის პროცესი კერძო და საჯარო სექტორის ჩართულობით მიმდინარეობდა, თუმცა საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში აცხადებენ, რომ საკითხზე მთავრობასთან კომუნიკაცია ჯერ არ ჰქონიათ.