სემეკ-ის თავმჯდომარე, დავით ნარმანია აცხადებს, რომ ენერგეტიკული ბირჟა გასახსნელად მზად არის, თუმცა გარე ფაქტორები კვლავ გამოწვევად რჩება.
„ენერგეტიკული ბირჟის გახსნასთან დაკავშირებით ყველა ნორმატიული აქტი დასრულებულია, დამტკიცებულია, საცდელი ვაჭრობები ჩატარებულია, პლატფორმა მზად არის, სისტემა მზად არის ბაზრის გახსნისთვის, თუმცა გარე რისკები არ განელებულა. როგორც მინისტრმა ისაუბრა, იგეგმება ეტაპობრივი გახსნა. ვფიქრობ, რომ ტურბულენტური გეოპოლიტიკური პირობების შემთხვევაში ასე თუ ეტაპობრივი გახსნა იქნება მოგებიანი, სექტორს დააზღვევს რისკებისგან და ისევე, როგორც ძალიან ბევრ სხვადასხვა ქვეყანაში გაკეთდა ევროპაში, არა ერთბაშად, არამედ ნაბიჯ-ნაბიჯ გახსნა მოხდა, აუცილებლად მივალთ იქამდე, როცა ბაზარი სრულად გაიხსნება და ეს იქნება უალტერნატივო“, - განაცხადა ნარმანიამ.
რაც შეეხება ეტაპობრივ გახსნას, სემეკ-ის თავმჯდომარე განმარტავს: „ბაზარზე ივაჭრება მსხვილი მომხმარებელი, პირველ ეტაპზე ვაჭრობა შესაძლოა, იყოს ნებაყოფლობითი მათთვის, რაღაცა პერიოდის შემდეგ უნდა გაიხსნას სავალდებულოდ დღიური ბაზარი, რომ წინა დღეს იყიდონ მომდევნო დღისთვის, ხოლო შემდეგი ეტაპი იქნება საათობრივი ბაზარი, როცა ისინი დღის განმავლობაში იყიდიან დამატებით ენერგიას. ისევე, როგორც საბალანსო ბაზარი, რაც სახელმწიფო ელექტროსისტემამ უნდა მართოს, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, დიდი კომპონენტი ბაზრის გახსნის დროს“.
შეგახსენებთ, საქართველოში ენერგეტიკული ბირჟას სრულფასოვანი ფუნქციონირება ჯერ კიდევ 2021 წლის 1 ივლისს უნდა დაეწყო, თუმცა მისი გახსნა 6-ჯერ გადავადდა. ბაზრის გახსნა ამჯერად 2024 წლის 1 ივლისს არის დაგეგმილი.