ენერგეტიკულ ბირჟას გახსნიდან 3 თვის თავზე მხოლოდ 15 მონაწილე ჰყავს და პლატფორმაზე ნებაყოფლობით რეჟიმში ვაჭრობა აქტიურად ისევ არ მიმდინარეობს, თუმცა სემეკის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ ბირჟა სრულყოფილი ამოქმედებისთვის მზადაა და რისკები, რის გამოც მისი გახსნა აქამდე უკვე 6-ჯერ გადავადდა, ფაქტობრივად მინიმალიზებულია.
„მარეგულირებელი კომისია ყოველდღიურ რეჟიმში აკვირდება ელექტროენერგეტიკის ბაზარზე ვაჭრობას. იყო რამდენიმე მიმწოდებელი და მომხმარებელი, რომელთაც ივაჭრეს ბირჟაზე, დაფიქსირდა ფასი, პლატფორმამ გამართულად იმუშავა, ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული საკითხები ასევე გამართულია, რაც ნიშნავს იმას, რომ სატესტო რეჟიმი წარმატებით დასრულდა და შესაძლებელია გადავიდეთ სრულყოფილ ვაჭრობაზე. რისკები არის პრაქტიკულად მინიმალური“,-აცხადებს დავით ნარმანია.
განსხვავებული პოზიცია აქვს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს. სანამ საქართველო ენერგეტიკულად არ დაუკავშირდება ევროპას, ლევან ვეფხვაძე ბირჟის არსებობის ლოგიკას ვერ ხედავს.
„ბირჟის გახსნა გეოგრაფიული კონტექსტის გათვალისწინების გარეშე, კომპანიების კონკურენტუნარიანობის გათვალისწინების გარეშე, ზოგადად ეკონომიკის მდგომარეობის გათვალისწინების გარეშე, არ არის ლოგიკური. კი არის მოთხოვნა, რომ ეს ჩვენ გავაკეთოთ, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ევროპასთან გეოგრაფიული საზღვარი ჯერ არ გვაქვს და ჩვენს მეზობლებთან ექსპორტ-იმპორტის ნაწილში ვვაჭრობთ სხვა ტიპის მექანიზმებით, განსაკუთრებით პრობლემაა იმპორტი, იმ ქვეყნებიდან გვაქვს იმპორტი, სადაც ბირჟა არ არის და შესაბამისად ამ ელექტროენერგიის ფასის მონაწილეობა ჩვენი ბირჟის საქმიანობაში ცოტა გაურკვეველია, შეიძლება გრძელვადიან პერსპექტივას ვამბობ, მაგრამ მე მგონია, რომ ბირჟის გახსნა უნდა იყოს მიბმული ევროპასთან პირდაპირ ენერგეტიკულ ბმასთან. თუ ჩვენ ელექტრო კაბელს გავაკეთებთ და ვიქნებით ბმაში და ეს იქნება ძალიან ლოგიკური, რომ დაწყვილდეს ბაზრები და ვიყოთ მიბმული ევროპულ ბაზარზე. სანამდე ეს არ იქნება, ლოგიკურობას სიმართლე გითხრა ვერ ვხედავ“,- ამბობს ლევან ვეფხვაძე.
ვეფხვაძისგან განსხვავებით, GREDA-ს აღმასრულებელი დირექტორი ბირჟის სრულყოფილი გახსნის მომხრეა. მაია მელიქიძის თქმით, მომავალი წლის 1 ივლისიდან უნდა ამოქმედდეს უბალანსობის ბაზარიც, თუმცა მელიქიძე ბირჟაზე იმპორტირებული ელექტროენერგიის დაშვებას არ ემხრობა და ამ მხრივ არსებულ რისკებზე საუბრობს.
„ნებაყოფლობითი ხასიათი წარმოადგენს გამოწვევას ინვესტორებისთვის, რადგან მათი მომზადება შარშან იყო 100%-იანი. გამომდინარე იქიდან, რომ მათ გადაამზადეს კადრები, მზად იყვნენ ფინანსურად, ამ ერთმა წელმა უკან დახია სექტორი. მიუხედავად ამისა ჩვენ მაინც ვთვლით, რომ ეს არის არაჩვეულებრივი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ყველა ის რისკი, რომელიც თან სდევს ამ პროცესს ახლავე იყოს ჰეჯირებული, ვიდრე 2025 წლის 1 ივლისიდან, როცა ბირჟა სრულყოფილად უნდა ამუშავდეს. მოვუწოდებ ინვესტორებს წავიდნენ რისკზე, გადადგან ეს ნაბიჯი, რადგან ენერგეტიკული ბირჟის გახსნა გარდაუვალია, ამას ითხოვს ენერგეტიკული გაერთიანება და იმისთვის, რომ ჩვენ გავხდეთ ევროპის სრულუფლებიანი წევრები, ეს ნაბიჯი უნდა გადავდგათ.
როგორც ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენელი და კარგად ვიაზრებ ფასის წარმოქმნის მექანიზმს, არ მივესალმები იმპორტირებული ელექტროენერგიის დაშვებას ამ ეტაპისთვის, ვინაიდან ჩვენ იმპორტს ვახორციელებთ პირდაპირ უნდა ვთქვათ, რუსეთიდან, სადაც ელექტროენერგიის ფასი დაახლოებით 3-4 დოლარ/ცენტის ფარგლებში მერყეობს, მაშინ როცა საქართველოში გენერირებული ენერგიის ფასი შედარებით მაღალია. ამიტომ თუ ჩვენ იმპორტირებული ელექტროენერგიას დავუშვებთ ბირჟაზე, დასაწყისი ეტაპისთვის განსაკუთრებით, ის აუცილებლად ჩაკეტავს ადგილობრივ გენერაციას და შეუქმნის გარკვეულწილად სირთულეებს. ამიტომ ჩვენ ცოტა განსხვავებული მეთოდით უნდა ვიმუშაოთ და ხელი უნდა შევუწყოთ ადგილობრივი გენერაციის ობიექტების განვითარებას.
უბალანსობის ბაზარი ცალსახად უნდა ამოქმედდეს, რადგან ამის გარეშე ჩვენ ვერ მივიღებთ სრულყოფილად გახსნილ ბირჟას, ამიტომ შემდეგი ნაბიჯი ამის შემდეგ, ერთი წლის მერე უნდა იყოს უბალანსობის ბაზრის გახსნა“,-აცხადებს მელიქიძე.
ენერგეტიკული ბირჟის გახსნა ენერგეტიკული ბაზრის რეფორმის ნაწილია, რომელიც საქართველომ ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში 2017 წელს გაწევრიანებით აიღო. Energy Community-ის დირექტორი ბირჟის გახსნას ამ ვალდებულების შესრულების დროში გაჭიანურების მიუხედავად დადებითად აფასებს, თუმცა BMG-სთან ინტერვიუში ამბობს იმასაც, რომ არსებული მოდელი მათ მოთხოვნებთან თავსებადი არ არის.
„ჩვენ ახლა გარკვეულ გამოცდილებებს ვაგროვებთ და მთავრობასთან, მარეგულირებელთან ერთად ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით ბაზრის განვითარებას. ვხედავთ, რომ შეზღუდულია ბაზრის მონაწილეების რაოდენობა, ასევე ელექტროენერგიის მოცულობა, რითაც ხდება ვაჭრობა, ასევე ვაკვირდებით შეზღუდულ წვდომას სხვებისთვის ამ ბაზარზე და რა თქმა უნდა ვხედავთ გარკვეულ შეუთავსებლობას ევროკავშირის ბაზართან. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბაზარი მეტად უნდა განვითარდეს და დამატებითი სერვისები იქნეს შეთავაზებული, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს ბაზრის სწორი ფუნქციონირებისთვის, რომ ბაზარმა შეძლოს რეალური ფასის შეთავაზება.
კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ვიპოვოთ გზა იმისა, როგორ დავასრულოთ ეს პროექტი, როგორ გავუმკლავდეთ ყველა გამოწვევას და როგორ ვუპასუხოთ ყველა შეუთავსებლობას. იმედი გვაქვს, 2025 წლის 1 ივლისისთვის შეგვეძლება ვთქვათ, რომ გვაქვს ელექტროენერგიის ბაზარი, რომელიც ემსახურება ბაზრის მონაწილეებს, სთავაზობს მათ სამართლიან ფასს, რომელიც სწორი სიგნალი იქნება ახალი ინვესტორებისთვისაც”,- აცხადებს არტურ ლორკოვსკი.
დღეს არსებული მოდელის მიხედვით, 2025 წლის 1 ივლისამდე ენერგეტიკული ბირჟა ნებაყოფლობით რეჟიმში იმუშავებს. როგორც ირკვევა პლატფორმაზე სავალდებულო რეჟიმში ვაჭრობის ვალდებულება არ აქვთ იმ ინვესტორებს, რომელთაც სახელმწიფოსთან პირდაპირი კონტრაქტები აქვთ გაფორმებული. სამაგიეროდ, ეს ვალდებულება არ ვრცელდება სახეცვლილი ფორმით, ახლახან ამოქმედებულ PPA კონტრაქტებზე.