სემეკის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ენერგეტიკულ ბირჟაზე მსხვილმა კომპანიებმა შესაძლოა, იმაზე დაბალ ფასად შეიძლება იყიდონ ელექტროენერგია, ვიდრე ეს მარეგულირებლის მიერ დადგენილი ტარიფია.
როგორც დავით ნარმანიამ BMG-ის განუცხადა, სწორედ ესაა ერთ-ერთი მთავარი მასტიმულირებელი ფაქტორი, რის გამოც მსხვილი მომხმარებლები ენერგეტიკულ ბირჟაზე სავაჭროდ ნებაყოფლობით რეჟიმში უნდა გავიდნენ.
გარდა ამისა, მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ კომპანიები ვაჭრობას სატესტო რეჟიმში შეეჩვიონ, რათა ბირჟის სავალდებულო წესით ამოქმედებას გენერაციის ობიექტები და ელექტროენერგიის მსხვილი მომხმარებლები მომზადებულები შეხვდნენ.
“როდესაც ბირჟაზე ვაჭრობა სავალდებულო იქნება, მაშინ ყველა შევა პლატფორმაზე, სხვანაირად ენერგიას ვერ იყიდიან. რაც შეეხება ნებაყოფლობით ვაჭრობას, მთავარი მასტიმულირებელი მექანიზმი ისაა, რომ მიეჩვიონ ვაჭრობას. თუკი კომპანიები მიხვდებიან, რომ ბაზარზე ახლა ხანდახან იმაზე უფრო იაფად იყიდიან ენერგიას, ვიდრე სემეკის დადგენილი ტარიფია, მაშინ კიდევ უფრო მეტი კომპანია შევა ბირჟაზე სავაჭროდ. ამიტომ ჯობს, კომპანიები საბაზრო ფასებს დააკვირდნენ. შესაძლოა, ბაზარზე უფრო იაფად იყიდონ ენერგია, ვიდრე სემეკის დადგენილი ტარიფია. ესაა მთავარი მასტიმულირებელი ფაქტორი. ამ ეტაპზე, ფინანსურ ან რაიმე სხვა სახის სტიმულის საჭიროება არ დგას.
ამასთან, დავით ნარმანია აღნიშნავს, რომ ზამთრის სეზონზე ენერგეტიკულ ბირჟაზე ფასის ზრდაა მოსალოდნელი.
“ენერგეტიკულ ბირჟაზე ფასები ბირჟაზე სეზონურია, როდესაც იაფი ენერგიის წყაროები, როგორიცაა მაგალითად, ენგურჰესი ან რაიმე სხვა ჰესები არ ივაჭრება ბირჟაზე, რა თქმა უნდა, ზამთრის სეზონზე უფრო მაღალი იქნება ბირჟაზე ფასები, ვიდრე ზაფხული-შემოდგომა”, - აცხადებს დავით ნარმანია.
ცნობისთვის, 6-ჯერ გადავადების შემდეგ, პირველ ივლისს საქართველოში ელექტროენერგიის ბაზრის გარდამავალი მოდელი ამოქმედდა, რომელიც ითვალისწინებს დღით ადრე და დღიური ბაზრების ამოქმედებას შეზღუდულ და ნებაყოფლობით რეჟიმში, ხოლო საათობრივი დაბალანსების ვალდებულების, ასევე საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ამოქმედების ვადის გადაწევას 2025 წლის პირველ ივლისამდე.