მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რატომ არ გაიხსნა ენერგეტიკული ბირჟა?" - სემეკის თავმჯდომარის პასუხი

სემეკი

ენერგეტიკული ბირჟის დაფუძნება საქართველოს ევროკავშირის წინაშე ელექტროენერგიის ბაზრის ლიბერალიზაციის ვალდებულების ნაწილია. ბირჟაზე უნდა განისაზღვროს საბითუმო ელექტროენერგიის ღირებულება, თუმცა, ამ ბაზრის ამოქმედება უკვე ექვსჯერ გადავადდა.

რატომ არ გაიხსნა ენერგეტიკული ბირჟა ამ კითხვაზე სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ გადაცემა "ანალიტიკაში" ისაუბრა. მისი თქმით, ფასების ღია ბაზარზე დაწესების შემთხვევაში მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის საფასური აუცილებლად გაიზრდებოდა, ამ და სხვა ფაქტორებთან ერთად ბირჟის ამოქმედებამ გადაიწია.

"ელექტროენერგეტიკის ნაწილში მეორადი კანონმდებლობა მზად არის, ბირჟამ სატესტო ვაჭრობაც ჩაატარა, შესაბამისი ტრენინგები ჩატარდა ბაზრის მონაწილეებისთვის, სისტემა ელექტროენერგეტიკის ნაწილში მთლიანად არის მზად, მაგრამ მაინც არ გახსნილა, რადგან რეგიონში საომარი მოქმედებებიდან გამომდინარე გეოპოლიტიკურად რთული სიტუაცია შეიქმნა, რაც ენერგიის ფასზე გავლენას იქონიებდა და აუცილებლად გააძვირებდა ბაზარზე ელექტროენერგიის ფასს. ჩვენ 2020 წლის ბოლოს დადგენილი ტარიფებით მოვდივართ და ჩვენი ვარაუდით, კიდევ შემდგომი 2-3 წელი არ მოგვიწევს ტარიფების გაზრდა. მინდა აღვნიშნო, რომ ეს საომარი ვითარება არა მხოლოდ ჩვენზე, არამედ მთელს ევროპაზე ახდენს გავლენას", - დასძინა დავით ნარმანიამ.

ამასთან, სემეკის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ბაზრის ამოქმედებასთან დაკავშირებით გაერთიანების მხრიდან კონკრეტული ბოლო ვადა არ არის დაწესებული.

"ბაზრის გახსნასთან დაკავშირებით გაერთიანების მხრიდან კონკრეტული ბოლო ვადა არ არის დაწესებული, ჩვენ 4-5 წელია რაც რეფორმა დავიწყეთ, ამიტომ გონივრულად მივიწევთ წინ და საკმარისი დრო გვაქვს იმისათვის, რომ სწორ დროს გავხსნათ ბაზარი, ამასთან, ბაზრის გახსნის და ლიბერალიზაციის ნაწილში მეორე საკითხიც არის - საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის და ენგურჰესის ერთმანეთისგან განცალკევება - ისინი ერთად არ უნდა იყვნენ და უწყებრივად უნდა გაიყონ, რაზედაც აქტიური მუშაობა მიმდინარეობს", - განმარტა მან.

ინფორმაციისთვის: საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით გეოპოლიტიკური რისკების გათვალისწინებით ბირჟის გაშვება მეექვსედ, ამჯერად მომავალი წლის 1 ივლისამდეა გადავადებული. ხარჯების დაზოგვის მიზნით ეკონომიკის სამინისტრო გეგმავს ელექტროენერგეტიკის და გაზის ბაზრები ერთად გახსნას, განხილვაშია ბირჟაზე ნებაყოფლობით ვაჭრობის პრინციპის შემოტანაც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები