მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ენერგეტიკულ ბირჟაზე 6 კომპანიაა, პოტენციურ მონაწილეთა დიდი ნაწილი პროცესებს აკვირდება - სემეკი

ენერგეტიკული ბირჯა

6-ჯერ გადავადების შემდეგ, პირველ ივლისს საქართველოში ელექტროენერგიის ბაზრის გარდამავალი მოდელი ამოქმედდა, თუმცა ჯერჯერობით, ბირჟაზე მიმწოდებლებსა და მომხმარებლებს შორის გარიგება ვერ შედგა.

სემეკმა ელექტროენერგიის ბაზრის გარდამავალი მოდელის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ბირჟაზე რეგისტრირებულია 6 მონაწილე, ხოლო პოტენციურ მონაწილეთა დიდი ნაწილი აკვირდება მიმდინარე პროცესებს. სემეკში იმასაც აღნიშნავენ, რომ სავაჭრო განაცხადებით შეთავაზებული ელექტროენერგიის რაოდენობა არ გამოიყურება უმნიშვნელოდ, ბაზრის გახსნის ამ ეტაპისთვის.

საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის ვებგვერდზე არსებული მონაცემებით, ამ დროისთვის ბაზრის მონაწილეები არიან:

  • სს თელასი;
  • შპს ლილო-მოლი;
  • სს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა;
  • შპს ენერჯი დეველოფენტ ჯორჯია;
  • შპს რიცეულაჰესი;
  • შპს საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია.

სემეკის თანახმად, თუ პროცესები მოლოდინებს მნიშვნელოვნად ასცდება, ვაჭრობის წასახალისებლად დამატებითი მექანიზმების გამოყენება მოხდება.

"ბაზრის გარდამავალ მოდელზე დაკვირვება მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს. შესაბამისად, ხორციელდება ელექტროენერგიის ბაზრის რეფორმის შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვა. იმ შემთხვევაში, თუ პროცესები მნიშვნელოვნად ასცდება იმ მოლოდინებს, რაც გარდამავალი მოდელის ამოქმედებამდე არსებობდა, გამოყენებული იქნება დამატებითი მარეგულირებელი მექანიზმები ბირჟაზე ვაჭრობაში მონაწილეობაზე პოზიტიური გავლენის მოსახდენად",- აღნიშნულია სემეკის განცხადებაში.

1-ელ ივლისს ამოქმედებული ელექტროენერგიის ბაზრის გარდამავალი მოდელი ითვალისწინებს დღით ადრე და დღიური ბაზრების ამოქმედებას შეზღუდულ და ნებაყოფლობით რეჟიმში, ხოლო საათობრივი დაბალანსების ვალდებულების, ასევე საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ამოქმედების ვადის გადაწევას 2025 წლის პირველ ივლისამდე.

დღეს, ბირჟასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს კითხვებს უპასუხა სემეკის თავმჯდომარემ. დავით ნარმანია დარწმუნებულია, რომ ბირჟაზე ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვის შეთანხმება მალე შედგება. მისი თქმით, იმ პირობებში, როდესაც ბირჟაზე ვაჭრობა ნებაყოფლობითია, მომხმარებლებს ელექტროენერგიის შესყიდვის მოტივაცია არ აქვთ, რადგან მისი ყიდვა სემეკის დადგენილი ტარიფითაც შეუძლიათ, თუმცა ნარმანიას სჯერა, რომ სანამ ვაჭრობა სავალდებულო გახდება, მხარეები შეთავაზებებში გადაიკვეთებიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები