მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიოს TOP 10 ყველაზე დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყანა

5df4fdc88ddb1
ირაკლი მაკალათია
14.12.19 21:00
37783
IMF-ს 2019 წლის ოქტომბრის ანგარიშის მიხედვით, გთავაზობთ მსოფლიოს ყველაზე დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს. ათეული შედგენილია თითოეული ქვეყნის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობის მიხედვით და გამოთვლილია მათი შესაბამისი წილები მსოფლიოს რეალურ მთლიან შიდა პროდუქტში, 2018 წელი.

1. ჩინეთი 18,67%
6. რუსეთი 3.12%
2. აშშ 15,2%
7. ინდონეზია 2.58%
3. ინდოეთი 7,7%
8. ბრაზილია 2,49%
4. იაპონია 4.13%
9. გაერთიანებული სამეფო 2,24%
5. გერმანია 3.24%
10. საფრანგეთი 2,19%

1. ჩინეთი 25,3 ტრილიონი აშშ დოლარი (18,67% მსოფლიოს რეალურ მშპ-ში)

ჩინეთი თავისი ეკონომიკური სიდიდით დიდ კონკურენციას უწევს აშშ-ს, თუ ნომინალური ღირებულებით ჩამორჩება, სამაგიეროდ რეალური მშპ-ს მოცულობით ასწრებს მას. ჩინეთის ეკონომიკის განვითარება მას შემდეგ დაიწყო, რაც გეგმიური მმართველობიდან უფრო მეტად საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყანა გახდა. მოხდა კერძო სექტორის როლის ზრდა და შესაბამისად გაიზარდა საბაზრო ეკონომიკის წილი. საწარმოების მნიშვნელოვანი ნაწილი პრივატიზდა, ქვეყანაში შეიქმნა თავისუფალი ეკონომიკური ზონები, ქვეყანაში დაუშვეს საერთაშორისო ვაჭრობა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოსვლა. ჩინეთში მნიშვნელოვნად განვითარდა წარმოება და მსოფლიოში არის ყველაზე სწრაფად მზარდი სამომხმარებლო ბაზარი. იაფი მუშახელი ჩინური საქონლის დაბალ თვითღირებულებას უზრუნველყოფს და ამ მხრივადაც მიმზიდველია ჩინეთის ბაზარი, თუმცა ზოგჯერ ჩინეთის ეკონომიკის განვითარებას, სწორედ ქვეყანაში იაფი მუშა ხელის არსებობას უკავშირებენ, რაც ასე არ არის, ჩინეთს წლების განმავლობაში ჰყავდა იაფი მუშა ხელი, თუმცა ეკონომიკური განვითარება, მხოლოდ საბაზრო ეკონომიკის რელსზებზე გადასვლის შემდეგ დაიწყო. დღეს, მსოფლიოს 500 უმსხვილესი კომპანიის 129 სათაო ოფისი ჩინეთშია. მას აქვს მსოფლიოში უდიდესი სავალუტო რეზერვები, ხოლო განხორციელებული ინვესტიციებითა და საგარეო ვაჭრობით ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა მსოფლიოში. ჩინეთი არის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი და წარმატებით აფორმებს ვაჭრობის ხელშეკრულებებს სხვა ქვეყნებთან. ჩინეთის ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნები, საიდანაც შემოაქვთ იმპორტი, არიან: კორეა, იაპონია, აშშ, გერმანია, ავსტრალია. ხოლო მთავარი ექსპორტი ხდება შემდეგ ქვეყნებში: აშშ, იაპონია, ვიეტნამი, გერმანია, ინდოეთი. ჩინეთი ცნობილია შანხაისა და შენჟენის საფონდო ბირჟებით, რომლებიც ერთ-ერთი უდიდესი ბირჟებია თავიანთი კაპიტალიზაციითა და ვაჭრობის მოცულობით. შენჟენის ეკონომიკურმა განვითარებამ განაპირობა, ის რომ ქალაქი მოიხსენიება როგორც მსოფლიოს მომდევნო სილიკონის ველი. რაც შეეხება მშპ-ს სტრუქტურას, ის ასე გამოიყურება: სოფლის მეურნეობა 7,9%; მრეწველობა 40,5%; მომსახურების სფერო 51,6%.

2. აშშ 20,1 ტრილიონი აშშ დოლარი (15,2% მსოფლიოს რეალურ მშპ-ში)

აშშ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული და ტექნოლოგიურად მძლავრი ეკონომიკის მქონე ქვეყანაა. მისი კომპანიები ტექნოლოგიურ სფეროში მოწინავე პოზიციებზე არიან. ქვეყანა მდიდარია ბუნებრივი რესურსებით: ქვანახშირი, სპილენძი, ტყვია, მოლიბდენი, ფოსფატები, ურანი, ბოქსიტები, ოქრო, რკინა, ვერცხლისწყალი, ნიკელი, ვერცხლი, ვოლფრამი, თუთია, ნავთი, ბუნებრივი აირი, საშენი ხე-ტყე. აშშ ცნობილია საფონდო ბირჟის ინდექსებით: Dow Jones, Nasdaq, S & P 500. აშშ-ს დოლარი არის მსოფლიოში აღიარებული ვალუტა, რომელიც ყველაზე მეტად გამოიყენება საერთაშორისო ტრანზაქციებში და განიხილება ქვეყნების სარეზერვო ვალუტად. აშშ დოლარი, რომელსაც გარანტად უდგას ამერიკის უდიდესი ეკონომიკა. აშშ მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ექსპორტიორი და იმპორტიორი ქვეყანაა, ქვეყნის მთავარი იმპორტიორები არიან: ჩინეთი, მექსიკა, კანადა, იაპონია, გერმანია. ქვეყნის მთავარი ექსპორტი ხდება შემდეგ ქვეყნებში: კანადა, მექსიკა, ჩინეთი, იაპონია, გაერთიანებული სამეფო. რაც შეეხება მშპ-ის სტრუქტურას, შემდეგნაირად არის გადანაწილებული: სოფლის მეურნეობა 0,9%; მრეწველობა 19,1%; მომსახურების სფერო 80,0%.

3. ინდოეთი 10,5 ტრილიონი აშშ დოლარი (7,7% მსოფლიოს რეალურ მშპ-ში)

მიუხედავად იმისა რომ ინდოეთი რეალური მშპ-ის სიდიდით მსოფლიოში მესამე ქვეყანაა, ქვეყანაში კვლავაც დაუძლეველ პრობლემას წარმოადგენს სიღარიბე. ინდოეთის ეკონომიკა ბოლო წლებია ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ეკონომიკას წარმოადგენს და მოექცა კიდეც რეიტინგში მესამე ადგილზე. ინდოეთს აქვს მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სამომხმარებლო ბაზარი, ინდოეთის მშპ-ს თითქმის 60% გამოწვეულია შიდა კერძო მოხმარებით. ქვეყანაში ხდება თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, იხსნება ინვესტიციების შემოდინების გზები და მნიშვნელოვან როლს თამაშობს საერთაშორისო ვაჭრობაში, აფორმებს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებს, დასაქმებულთა უმეტესი ნაწილი მოდის ინდუსტრიულ სექტორსა და სოფლის მეურნეობის დარგზე, ამასთან ინდოეთი ცნობილია როგორც იაფი სამუშაო ძალით. მიუხედავად ამისა, ქვეყანას აქვს დიდი ფისკალური და მონეტარული პრობლემები და მძიმე სოციალური მდგომარეობა ქვეყანაში. მსოფლიო ბანკის თანახმად, მდგრადი ეკონომიკური განვითარების მისაღწევად ინდოეთი უნდა ფოკუსირდეს საჯარო სექტორის რეფორმებზე, ინფრასტრუქტურაზე, სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, ინვესტიციების მოზიდვასა და ექსპორტის წახალისებაზე. ქვეყნის მთავარი იმპორტიორები არიან: ჩინეთი, აშშ, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული ემირატები, ერაყი. ინდოეთის მთავარი საექსპორტო ქვეყნებია: აშშ, არაბთა გაერთიანებული ემირატები, ჩინეთი. მშპ-ის სტრუქტურა შემდეგნაირად არის გადანაწილებული: სოფლის მეურნეობა 15,4%; მრეწველობა 23,1%; მომსახურების სფერო 61,5% (2016 წლის მონაცემები)

4. იაპონია 5,6 ტრილიონი აშშ დოლარი (4.13% მსოფლიოს რეალურ მშპ-ში)

იაპონიაში საბაზრო ეკონომიკა მაღალ დონეზეა განვითარებული, ,,Blue chip’’ წარმოადგენს მსოფლიოს მესამე ყველაზე დიდ საფონდო ბირჟას და მონაწილეობს დოუ ჯონსის საშუალო ინდექსის გაანგარიშებაში. იაპონიას აქვს სიდიდით მეორე სავალუტო რეზერვები, ასევე არის მსოფლიოში სიდიდით მესამე სამომხმარებლო ბაზარი. ქვეყანაში მნიშვნელოვნად არის განვითარებული საავტომობილო წარმოება, ელექტრონული პროდუქციის წარმოება. იაპონია ითვლება ბაზარზე თანამედროვე ტექნოლოგიების მთავარ მიმწოდებლად და ინოვატორად. იაპონიის საზოგადოების იერარქიულობის მკაცრი დაცვა, კოლექტიურობა, დიდ როლს თამაშობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში, იაპონია იშვიათი ქვეყანაა სადაც ქვეყნის კულტურის გავლენა მნიშვნელოვნად იგრძნობა ეკონომიკაზე. ქვეყნის მთავარი იმპორტიორები არიან: ჩინეთი, აშშ, ავსტრალია, საუდის არაბეთი, ს. კორეა. იაპონიის მთავარი საექსპორტო ქვეყნებია: ჩინეთი, აშშ, კორეა, ტაილანდი. მშპ-ის სტრუქტურა შემდეგნაირად არის გადანაწილებული: სოფლის მეურნეობა 1,1%; მრეწველობა 30,1%; მომსახურების სფერო 68,8%

5. გერმანია 4,3 ტრილიონი აშშ დოლარი (3,24% მსოფლიოს რეალურ მშპ-ში)

გერმანია მსოფლიოში ერთ-ერთი მძლავრი ეკონომიკის მქონე ქვეყანაა, ხოლო ევროპაში პირველი ქვეყანაა მშპ-ის მოცულობით. გერმანია არის ევროზონისა და ევროკავშირის დამფუძნებელი წევრი. გერმანიაში მაღალ დონეზეა განვითარებული მრეწველობა, შესაბამისად მისი ეკონომიკა უმსხვილესი საწარმოო ეკონომიკაა ევროპაში და მასზე ფინანსურ რეცესიებს ნაკლებად შეეძლებათ გავლენის მოხდენა. გერმანიაში ენერგიას ძირითადად იღებენ წიაღისეული საწვავით (50%), შემდეგ მოდის ბირთვული ენერგია, გაზი, ქარი, ბიომასა, ჰიდრო და მზის ენერგიები. გერმანია პირველი მაღალგანვითარებული ინდუსტრიული ქვეყანაა, რომელიც განახლებად ენერგიაზე გადასვლაზე იღებს ვალდებულებას. მსხვილი საერთაშორისო სავაჭრო ბაზრობები და კონგრესები წარმოდგენილია გერმანიის რამდენიმე ქალაქში, როგორებიცაა: ჰანოვერი, ფრანკფურტი, კიოლნი, ლაიფციგი და დიუსელდორფი. გერმანია მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ექსპორტიორია, გერმანიის მთავარი საექსპორტო ქვეყნებია: აშშ, საფრანგეთი, ჩინეთი, ნიდერლანდები, გაერთიანებული სამეფო, ხოლო ქვეყნის მთავარი იმპორტიორები არიან: ჩინეთი, ნიდერლანდები, საფრანგეთი, აშშ, იტალია. მშპ-ის სტრუქტურა შემდეგნაირად არის გადანაწილებული: სოფლის მეურნეობა 0,7%; მრეწველობა 30,7%; მომსახურების სფერო 68,6%

6. რუსეთი 4,2 ტრილიონი აშშ დოლარი (3.12% მსოფლიოს რეალურ მშპ-ში)

რუსეთის არის გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყანა, სადაც ქვეყნის ეკონომიკური აქტივების მთავარი მესაკუთრე ჯერ კიდევ სახელმწიფოა. რუსეთის დიდი გეოგრაფიული არეალი განსაზღვრავს მის ეკონომიკურ საქმიანობას. მსოფლიო ბანკი რუსეთის ბუნებრივი რესურსების საერთო ღირებულებას 75 ტრილიონ აშშ დოლარად აფასებს. რუსეთს აქვს ნავთობის, გაზისა და ძვირფასი ლითონების ჭარბი მარაგები, რაც ქვეყნის ექსპორტის დიდ წილს წარმოადგენენ. რუსეთს აქვს მსოფლიოში უდიდესი დადასტურებული გაზის რეზერვები და არის კიდეც გაზის უდიდესი ექსპორტიორი, ის ასევე არის ნავთობის ექსპორტის სიდიდით მეორე უდიდესი ქვეყანა.რუსეთის წარმოება მნიშვნელოვნად არის ჩართული სამხედრო ინდუსტრიაზე, რუსეთიდან ყველაზე მეტ სამხედრო ექსპორტს წარმოადგენს: საბრძოლო თვითმფრინავები, საჰაერო თავდაცვის სისტემები, გემები და წყალქვეშა ნავები. ქვეყნის მთავარი იმპორტიორები არიან: ჩინეთი, გერმანია, აშშ, ბელარუსი, იტალია. რუსეთის მთავარი საექსპორტო ქვეყნებია: ჩინეთი, ნიდერლანდები, გერმანია, ბელორუსი, თურქეთი. მშპ-ს სტრუქტურა შემდეგნაირად არის გადანაწილებული: სოფლის მეურნეობა 4,7%; მრეწველობა 32,4%; მომსახურების სფერო 62,9%.

7. ინდონეზია 3,5 ტრილიონი აშშ დოლარი (2,58% მსოფლიოს რეალურ მშპ-ში)

ინდონეზიის ეკონომიკა უდიდესია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისა და ოკეანეთის ქვყნებში, ის წარმოადგენს მსოფლიოს ერთ-ერთ განვითარებად საბაზრო ეკონომიკას. ხშირად მას, ახალ ინდუსტრიულ ქვეყანას უწოდებენ, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს თამაშობს თანამედროვე ტექნოლოგიები. ინდონეზია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის დამფუძნებელი წევრია და დიდი ოცეულის წევრია. მიუხედავად საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პროცესისა, ინდონეზიის ეკონომიკაში დიდია სახელმწიფო ჩარევა და მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მთავრობის მიერ ბიუჯეტის ხარჯვაზე, ცენტრალური მთავრობა ფლობს 100-ზე მეტ სახელმწიფო საწარმოს. ქვეყანა მდიდარია ბუნებრივი რესურსებით, თუმცა სახელმწიფოს მხრიდან არ ხდება მათი ეფექტიანად გამოყენება და სიღარიბე კვლავ მაღალ დონეზე რჩება. ინდონეზია გამოირჩევა ტურიზმის პოტენციალით და განვითარებული სავაჭრო ურთიერთობებით.ქვეყნის მთავარი იმპორტიორები არიან: ჩინეთი, სინგაპური, იაპონია, ტაილანდი, აშშ. ინდონეზიის მთავარი საექსპორტო ქვეყნებია: ჩინეთი, იაპონია, აშშ, ინდოეთი, სინგაპური. მშპ-ს სტრუქტურა შემდეგნაირად არის გადანაწილებული: სოფლის მეურნეობა 13,7%; მრეწველობა 41,0%; მომსახურების სფერო 45,3%.

8. ბრაზილია 3,4 ტრილიონი აშშ დოლარი (2,49% მსოფლიოს რეალურ მშპ-ში)

ბრაზილია საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალი ქვეყანაა. ის ინდუსტრიულ-აგრარული სახელმწიფოა, მნიშვნელოვანი ბუნებრივი რესურსებით და სამრეწველო პოტენციალით. ბრაზილიას აქვს დაახლოებით 21.8 ტრილიონი აშშ დოლარის ღირებულების ბუნებრივი რესურსი, რომელიც მოიცავს უზარმაზარი რაოდენობით ოქროს, ურანს, რკინას და მერქანს. თუმცა სახელმწიფო ამ აქტივებს ვერ იყენებს ეფექტიანად და ქვეყანაში გადაუჭრელ პრობლემად რჩება სიღარიბე, უმეშევრობა, სოციალური უთანასწორობა და კრიმინალის მაღალი დონე. ბრაზილიის ეკონომიკის ტრადიციულ დარგებს განეკუთვნება კვებისა და მსუბუქი მრეწველობის დარგები, მნიშვნელოვანი როლი უჭირავს სოფლის მეურნეობას, სადაც საექსპორტო კულტურებს წარმოადგენს: ყავა, კაკაო, ბამბა, შაქრის ლერწამი, ბრინჯი და სოიო. როგორც ეკონომიკის მიმომხილველები აღნიშნავენ, ბრაზილიას დიდი ეკონომიკა აქვს იმიტომ რომ სხვანაირად ეს ვერ მოხდებოდა, მისი რესურსებისა და ტერიტორიული სიდიდის გათვალისწინებით ეს კანონზიმიერია, თუმცა ქვეყანას რეალურად აქვს იმის პოტენციალი რომ მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ეკონომიკის მქონე ქვეყანა გახდეს და წარმატებით გადაჭრას დღეს არსებული სოციალური პრობლემები. ბრაზილიის ეკონომიკა უდიდესია ლათინურ ამერიკაში, ხოლო მეორეა ამერიკაში (აშშ-ს შემდეგ). ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს უცხოური ინვესტიციები და ქვეყანაში შემოსული კაპიტალი ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა, აშშ, ჩინეთი, გერმანია, იაპონია, შვეცარია, გაერთიანებული სამეფო. ქვეყნის მთავარი იმპორტიორები არიან: ჩინეთი, აშშ, არენტინა, გერმანია ბრაზილიის მთავარი საექსპორტო ქვეყნებია: ჩინეთი, აშშ, არგენტინა, ნიდერლანდები. ჩინეთი, იაპონია, აშშ, ინდოეთი, სინგაპური. მშპ-ს სტრუქტურა შემდეგნაირად არის გადანაწილებული: სოფლის მეურნეობა 6,6%; მრეწველობა 20,7%; მომსახურების სფერო 72,7%.

9. გაერთიანებული სამეფო 3,0 ტრილიონი აშშ დოლარი (2,24% მსოფლიოს რეალურ მშპ-ში)

გაერთიანებული სამეფო (ინგლისი, შოტლანდია, უელსი, ჩრ. ირლანდია) არის საბაზრო ეკონომიკაზე ორიენტირებული ქვეყანა, სადაც დომინირებს მომსახურების სექტორი. რაც უფრო ეკონომიკურად განვითარებულია ქვეყანა მით უფრო მაღალია მის ეკონომიკაში მომსახურების წილი და ნაკლები სოფლის მეურნეობის ხვედრითი წონა. მრეწველობის სექტორიდან უდიდესი დარგია ავტოინდუსტრია და ერთ-ერთი წამყვანია სამოქალაქო ავიაციის დარგში. ასევე მნიშვნელოვნად განვითარებულია სამთო მრეწველობა, გადამამუშავებელი მრეწველობა. მსოფლიოში უდიდესი და გამორჩეული წარმოების დარგებია საჰაერო კოსმოსური და ფარმაცევტული ინდუსტრია. ასევე მნიშვნელოვანია ჩრდილოეთის ზღვის ნავთობისა და გაზის წარმოება. ეკონომიკის დარგებიდან მაღალ დონეზეა განვითარებული ტურიზმი, ყოველწლიურად გაერთიანებულ სამეფოს დაახლოებთ 27 მილიონი ტურისტი სტუმრობს. სოფლის მეურნეობის დარგებიდან განვითარებულია: მეცხოველეობა, მემცენარეობა, ხოლო ზღვისპირა ქალაქებში იმდენად არის განვითარებულია თევზჭერა, რომ გაერთიანებული სამეფო მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერია მეთევზეობაში. ლონდონი ცნობილია როგორც სიდიდით მეორე ფინანსური ცენტრი მსოფლიოში, მსოფლიოს 500 უმსხვილესი კომპანიის 26 სათაო ოფისი დიდ ბრიტანეთშია განლაგებული. მშპ მოცულობით ლონდონი უმსხვილესი ქალაქია ევროპაში. ეკონომიკური კეთილდღეობის მიხედვით გაერთიანებული სამეფო ერთ-ერთი ძლიერი ქვეყნების კავშირია ევროპაში. დიდი ბრიტანეთის ვალუტა არის ფუნტი სტერლინგი, რომელიც წლებია მსოფლიოს ყველაზე მყარ და ძვირადღირებულ ვალუტებს შორის შედის. გაერთიანებული სამეფო ერთ-ერთი მსხვილი ესპორტიორი ქვეყანაა, რომლის მთავარი საექსპორტო ქვეყნებია: აშშ, გერმანია, ნიდერლანდები, საფრანგეთი, ხოლო ქვეყნის მთავარი იმპორტიორები არიან: გერმანია, ჩინეთი, აშშ, ნიდერლანდები. გაერთიანებული სამეფოს მშპ-ს სტრუქტურა შემდეგნაირად არის გადანაწილებული: სოფლის მეურნეობა 0,7%; მრეწველობა 20,2%; მომსახურების სფერო 79,1%.

10. საფრანგეთი 2,9 ტრილიონი აშშ დოლარი (2,19% მსოფლიოს რეალურ მშპ-ში)

საფრანგეთი არის საბაზრო ეკონომიკაზე ორიენტირებული ქვეყანა. მას აქვს დივერსიფიცირებული ეკონომიკა: ქიმიური ინდუსტრია; საჰაერო ინდუსტრია და ასევე ფლობს კოსმოდრომს; ტურიზმის ინდუსტრია ეკონომიკის მთავარი კომპონენტია, რადგან მსოფლიოში ვიზიტორებს შორის ერთ ერთი ლიდერი ქვეყანაა; პარიზი წარმოადგენს მოდის ინდუსტრიას. მიუხედავად იმისა რომ საფრანგეთში ეტაპობრივად დაიწყეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტების აქციონირება და წილებად გაყიდვა. მთავრობა ერევა ეკონომიკაში და ამ დრომდე მნიშვნელოვან მესაკუთრედ რჩება ინფრასტრუქტურის სექტორში. საფრანგეთი ერთ-ერთი მოწინავე ინვესტორი ქვეყანაა მსოფლიოში. საფინანსო მიმართულებით ყველაზე ცნობილი და ძველი დაწესებულებაა პარიზის საფონდო ბირჟა. ქვეყანა გამორჩეულია სადაზღვეო და საბანკო მომსახურების განვითარების დონითა და მასშტაბებით. საფრანგეთი ისტორიულად ცნობილია განვითარებული სოფლის მეურნეობის დარგით, ხოლო მოცემულ დარგში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებამ და ევროკავშირის სუბსიდიებმა ქვეყანა აქცია სოფლის მეურნეობის პროდუქციის მწარმოებელ და ექსპორტიორ ქვეყნად. მიუხედავად სოფლის მეურნეობის ასეთი განვითარებისა მას მაინც მინიმალური წილი უჭირავს ეკონომიკაში, რაც სხვა დარგების და განსაკუთრებით მომსახურების სფეროს მკვეთრი განვითარებისა და ზრდის ხარჯზე მოხდა. ქვეყნის მთავარი იმპორტიორები არიან: გერმანია, ჩინეთი, იტალია, ბელგია, ესპანეთი, აშშ. საფრანგეთის მთავარი საექსპორტო ქვეყნებია: გერმანია, აშშ, ესპანეთი, იტალია, ბელგია, გაერთიანებული სამეფო. მშპ-ს სტრუქტურა შემდეგნაირად არის გადანაწილებული: სოფლის მეურნეობა 1,7%; მრეწველობა 19,5%; მომსახურების სფერო 78,8%.

გამომდინარე იქიდან, რომ ზოგ ქვეყანას უფრო მეტი შიდა პროდუქტი მხოლოდ იმიტომ აქვს რომ დიდ ტერიტორიას ფლობს და მეტი ადამიანი ცხოვრობს, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების შესადარისობის მიზნით ანგარიშობენ რეალურ მშპ-ს ერთ მოსახლეზე, სადაც დავინახავთ რომ ბევრი გიგანტი ეკონომიკის მქონე ქვეყანა ვერც კი მოხვდა ათეულში.

რეალური მშპ ერთ მოსახლეზე (აშშ დოლარი):

1. ყატარი
129 638,4 აშშ დოლარი
2. ლუქსემბურგი
106 371,8 აშშ დოლარი
3. სინგაპური
101 386,8 აშშ დოლარი
4. ირლანდია
79 617,06 აშშ დოლარი
5. ბრუნეი
78 350,31 აშშ დოლარი
6. ნორვეგია
74 357,05 აშშ დოლარი
7. არაბთა გაერთიანებული საამიროები
69 222,48 აშშ დოლარი
8. ქუვეითი
66 652,39 აშშ დოლარი
9. შვეიცარია
65 009,82 აშშ დოლარი
10. აშშ
62 868,92 აშშ დოლარი