მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიოში კორონავირუსზე უკვე 2.7 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა

5fe4c7b951700
თათია კაკიაშვილი
24.12.20 23:00
1109
კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით ამ დროისთვის 2.7 მილიონზე მეტი ადამიანია აცრილი მსოფლიოს 6 ქვეყანაში. ამ სტატისტიკას Bloomberg-ი ავრცელებს. ეს პროცესი ისტორიაში ყველაზე დიდი ვაქცინაციის კამპანიის დასაწყისი და ერთ-ერთი უდიდესი ლოგისტიკური გამოწვევაა, რომელიც ოდესმე განხორციელებულა.

ვაქცინაცია აშშ-ში 14 დეკემბერს დაიწყო და პირველი ინექციები ჯანდაცვის მუშაკებს გაუკეთდათ, შედეგად, მთლიანობაში 1.1 მილიონი დოზა პრეპარატი გაკეთდა. Moderna-ს მიერ ვაქცინის დისტრიბუციის შემდეგ, ანალიტიკოსები პროგნოზირებენ, რომ ეს რიცხვი მნიშვნელოვნად მოიმატებს.

შეგახსენებთ, Pfizer-BioNtech-ის მიერ წარმოებული ვაქცინა დამტკიცებულია ჩრდილოეთ ამერიკის, ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, სადაც ვაქცინაცია უახლოეს დღეებში დაიწყება.

მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში ახლა 9 ყველაზე პერსპექტიული ვაქცინის განვითარებაა. მათგან ექვსი - უკვე ხელმისაწვდომია ათეულობით ქვეყანაში მასშტაბური გამოყენებისათვის, თუმცა - შეზღუდული რაოდენობით.

ისტორიაში ყველაზე მძიმე პანდემიისგან გათავისუფლების სურვილით, არაერთმა ქვეყანამ გააფორმა გარიგებები ვაქცინების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად და, გავრცელებული ინფორმაციით, 8.15 მილიარდი დოზა უკვე გამოყოფილია განაწილებისთვის. ანალიტიკოსების თქმით, პრეპარატი თანაბრად რომ განაწილებულიყო, ეს რაოდენობა მსოფლიო მოსახლეობის ნახევარზე მეტის ვაქცინაციისთვის საკმარისი იქნებოდა იმის გათვალისწინებით, რომ ინექცია ორჯერ კეთდება. თუმცა მდიდარმა ქვეყნებმა გაცილებით მეტი რაოდენობის პრეპარატის დარეზერვება მოახერხეს. ამას გარდა, მსოფლიოს შორეულ ნაწილებში ვაქცინის ტრანსპორტირება რთულდება, რადგან ის ულტრაცივ გარემოს საჭიროებს იმისთვის, რომ ეფექტურობა არ დაკარგოს. შესაბამისად, ზოგ ქვეყანას შესაძლოა, 2022 წლამდე მოუწიოს ლოდინი ანუ სანამ პრეპარატების მარაგი ფართოდ ხელმისაწვდომი იქნება.