მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თუ ვაქცინებში ინვესტირებას გავაგრძელებთ, ეს ფენომენალურ შედეგებამდე მიგვიყვანს" - ბილ გეიტსი

ვაქცინაცია

მსოფლიო ეკონომიკის ფორუმზე ბილ გეიტსმა ჯანდაცვის სისტემების გაძლიერებისა და ტექნოლოგიური განვითარების მნიშვნელობაზე Yahoo Finance-სთან ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, საუკუნის განმავლობაში სამედიცინო სექტორი მნიშვნელოვანი პროგრესით ვითარდება, ამ პროცესში კი ვაქცინების როლი უმნიშვნელოვანესია.

Yahoo Finance: გასული წლების მსოფლიო ეკონომიკური ფორუმების გათვალისწინებით, როგორ ფიქრობთ, დღეს როგორ უყურებს მსოფლიო ჯანდაცვის საკითხებს?

ბილ გეიტსი: სიმართლე გითხრათ, ცოტათი შემაშფოთებელია. მსოფლიო ამ წუთებში მრავალი გამოწვევის წინაშე დგას. დღემდე გვაქვს მოცემულობა, რომ 5 მილიონი ბავშვი 5 წლის ასაკის მიღწევამდე იღუპება. ეს ვიზუალურად ისეთი შესამჩნევი არ არის, როგორც, მაგალითად, ავიაკატასტროფა ან ბომბის აფეთქება, მაგრამ გარდაცვალების თითოეული შემთხვევა ერთმანეთს ემატება და 5 მილიონამდე ავდივართ. რა თქმა უნდა, გარკვეულ პროგრესს მივაღწიეთ, საუკუნის დასაწყისში ეს მაჩვენებელი 10 მილიონამდე იყო, ამ პროგრესის დიდი ნაწილი კი ვაქცინაციაა. ბოლო წლებში, პანდემიასთან ერთად, ჩვენი პროგრესიც შენელდა. არადა, თუ ყურადღებას მოვადუნებთ და ვაქცინების დაფინანსებას არ გავაგრძელებთ (რაც, უნდა ითქვას, რომ 8 დოლარის ყველაზე ეფექტური გამოყენებაა), ვნახავთ, რომ ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი ისევ აიწევს. ნებისმიერი საკითხისთვის დღის წესრიგში დარჩენა რთულია, თუმცა ჯანდაცვა, განსაკუთრებით ღარიბი ქვეყნების ჯანდაცვა, იმსახურებს, რომ დღის წესრიგში მუდმივად იდგას.

-გარდა ამისა, გეიტსის ფონდი ჯანდაცვის სექტორში ზოგიერთი ამ გამოწვევის წინააღმდეგ ტექნოლოგიურ ინოვაციებსაც იყენებს, და ზოგიერთი ასეთი მოწყობილობა თქვენ სადემონსტრაციოდ მოტანილიც გაქვთ. თითოეული მათგანი მარტივად სამართავი, მსუბუქი, ადვილად გადაადგილებადია, ამიტომ მინდა ვაჩვენო მაყურებელს, რაზეც ვსაუბრობთ. მაგალითად, ეს არის პაპილომა ვირუსის ერთ დოზიანი ვაქცინა, მოგვიყევით მასზე უფრო მეტი.

გასაოცარია, რომ ვაქცინები მდიდარ ქვეყნებში იქმნება, მიუხედავად იმისა, რომ მათი საჭიროება აბსოლუტურად ყველგან არსებობს. HPV ვაქცინა ქალებს საშვილოსნოს კიბოსგან იცავს. როდესაც მასზე დაიწყო მუშაობა, წარმოდგენა გვქონდა, რომ სამი დოზა იქნებოდა საჭირო. თუმცა ჩვენმა ფონდმა საკმარისი კვლევები დააფინანსა, რომლებმაც დაადასტურეს, რომ სრული დაცვისათვის ვაქცინის ერთი დოზაც საკმარისი იქნებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ახლა ორჯერ უფრო მეტი ქალისათვის საკმარისი ვაქცინა გვაქვს, ვიდრე მაშინ გვექნებოდა, ის რომ ორდოზიანი იყოს.

-ასევე მომრავლებულია ანტივაქსერული მოსაზრებები, ალბათ, განსაკუთრებით შეერთებულ შტატებში, რამდენად გაკვირვებთ ეს ფაქტი?

სამწუხაროდ, პანდემიის პერიოდში ვაქცინის შესახებ იმდენი მისინფორმაცია გავრცელდა, რომ მხოლოდ აშშ-ში არ იკავებენ თავს ვაქცინის გაკეთებისგან. რეალურად, ვაქცინა ფენომენალური რამ არის. რა თქმა უნდა, საჭიროა, რომ მის მიმართ ნდობა გამოიმუშაო, არც ისეთი ინტუიციურია, რომ ბავშვს თუ ნემსს გაუკეთებ და ატირებ, ეს მის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი იქნება და წითელათი, ან ათობით სხვა დაავადებით აღარ მოკვდება. მეტიც, ვაქცინა საშუალებას გვაძლევს, რომ პოლიომიელიტიც კი იქცეს ვირუსად, რომელიც სამუდამოდ წარსულში დარჩა, იმ შემთხვევაში, თუ ვაქცინას საკმარისი მოცვა ექნება. ეს აჩვენებს, რომ თუ ვაქცინაციის დაფინანსებას გავაგრძელებთ, ეს ფენომენალურ შედეგებამდე მიგვიყვანს.

-სხვა ინოვაციებზეც რომ ვისაუბრობთ, რომლებსაც თქვენს საქმიანობაზე აქვს გავლენა, ვგულისხმობ გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტს, რამდენად უწყობს ხელს ეს თქვენს საქმიანობას ჯანდაცვაში თუ სხვა სფეროებში?

აბსოლუტურად. ჩვენ ვატარებთ კვლევებს იმისათვის, რომ ახალი ხელსაწყოები და ხელოვნური ინტელექტები შევქმნათ. ეს გვეხმარება ვიცოდეთ, როგორია უჯრედის აგებულება და როგორ მოქმედებს სხვადასხვა ბიოლოგიური სისტემები. შესაბამისად, AI გვეხმარება, ხანგრძლივი სამუშაო შევამსუბუქოთ. გარდა ამისა, AI უკვე აჩენს შესაძლებლობას, რომ ყველაზე იაფფასიან სმარტფონშიც კი გქონდეს მასზე წვდომა, შესაბამისად, ჯანმრთელობასთან დაკავშირებით რჩევის მიღება ნებისმიერ ადგილას შეგიძლია. მიწოდების მხრივ გაუმჯობესების ადგილი ყოველთვის არის, ეს მოწყობილობა მხოლოდ ერთი მაგალითია იმისა, რისი მიღწევაც AI-ით შეგვიძლია, ეს არის ინოვაცია, რომლის დახმარებითაც HIV ვაქცინაციას გაცილებით უფრო მალე შევქმნით, ვიდრე მის გარეშე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები