მთავრობამ პარლამენტს 2022 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი გაუგზავნა. დოკუმენტის თანახმად, მომდევნო წელს 3.1 მილიარდი ლარის ახალი საგარეო ვალის აღება არის დაგეგმილი.
ამ მოცულობით ახალი საგარეო ვალის აღება მეტყველებს იმაზე, რომ პრემიერ-მინისტრის "უარი" ევროკავშირის მაკრო-ფინანსური დახმარების 75 მილიონი ევროს ტრანშზე წარმოადგენდა არა “ვალის შემცირების მოტივით” გადადგმულ ნაბიჯს, არამედ პოლიტიკურ აქტს, რაც საქართველოს მიერ აღნიშნული სესხის წინაპირობის, კერძოდ კი, სასამართლო სისტემის რეფორმის შეუსრულებლობას უკავშირდებოდა.
2022 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 3.1 მილიარდი ლარის საგარეო სესხებთან ერთად მთავრობა სახაზინო ვალდებულებებისა და ობლიგაციების გამოშვებით 1.3 მილიარდი ლარის შიდა ვალს აიღებს. ჯამურად, 2022 წელს მთავრობა 4.4 მილიარდით გეგმავს ვალდებულებების ზრდას.
● საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და უცხო ქვეყნების მთავრობების მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოსაყოფი გრძელვადიანი საინვესტიციო, შეღავათიანი კრედიტები − 1.9 მილიარდი ლარის ოდენობით.
● ფისკალური მდგრადობის და სოციალური დაცვის პროგრამის ფარგლებში აზიის განვითარების ბანკიდან (ADB) მისაღები სახსრები - 318 მილიონი ლარის ოდენობით;
● წყალმომრაგებისა და წყალარინების სექტორის მდგრადი განვითარების პროგრამის ფარგლებში აზიის განვითარების ბანკიდან (ADB) მისაღები სახსრები - 150 მილიონი ლარის ოდენობით;
● კლიმატზე მორგებული ირიგაციის სექტორის განვითარების პროგრამის ფარგლებში აზიის განვითარების ბანკიდან (ADB) მისაღები სახსრები - 190 მილიონი ლარის ოდენობით;
● განვითარების პოლიტიკის ღონისძიება-2022 პროგრამის (DPO-2022) ფარგლებში მსოფლიო ბანკიდან (WB) მისაღები სახსრები - 157 მილიონი ლარის ოდენობით;
● სოციალური კეთილდღეობის პროგრამა-IV-ის ფარგლებში საფრანგეთის განვითარების სააგენტოდან (AFD) მისაღები სახსრები – 109 მილიონი ლარის ოდენობით;
● წყალმომრაგებისა და წყალარინების სექტორის მდგრადი განვითარების პროგრამის ფარგლებში საფრანგეთის განვითარების სააგენტოდან (AFD) მისაღები სახსრები - 109 მილიონი ლარის ოდენობით; (ADB-ს II ტრანშის თანადაფინანსება).
● საქართველოში ენერგეტიკის სექტორის რეფორმის პროგრამა- V-ის ფარგლებში საფრანგეთის განვითარების სააგენტოდან (AFD) მისაღები სახსრები – 164 მილიონი ლარის ოდენობით.
რაც შეეხება ვალების დაფარვას, ის 1.2 მილიარდზე არის დაგეგმილი, საიდანაც 1.2 მილიარდი საგარეო ვალის დაფარვა იქნება.
2022 წლის ბოლოსთვის მთავრობის მთლიანი ვალდებულებები საპროგნოზო მშპ-ის 52.1%-ზე არის დაგეგმილი.