მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან დაკავშირებით უახლოეს სხდომაზე იმსჯელებს

5e0f086f4e686
ინგა მურუსიძე
03.01.20 13:24
882
საქართველოს მთავრობა ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან დაკავშირებით უახლოეს სხდომაზე იმსჯელებს, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

უწყების ცნობით, ამავე სხდომაზე გადაწყდება სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტის შემდგომი გაგრძელების გზები.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადება: 

"საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმს 2019 წლის ბოლომდე უნდა წარმოედგინა გაფორმებული ხელშეკრულებები - საერთაშორისო ბანკებთან 400 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სესხის გამოყოფისა და პოტენციურ ინვესტორებთან 120 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის საკუთარი კაპიტალის შევსების თაობაზე, ასევე უნდა წარმოედგინა ხელმოწერილი ხელშეკრულებები პორტის ოპერატორთან და მშენებელ კომპანიებთან.

სამწუხაროდ, მრავალგზის გადავადების მიუხედვად, ეს ვადაც უშედეგოდ ამოიწურა და კონსორციუმმა ვერ შეასრულა ინტერესთა გამოხატვის შედეგად მთავრობასთან საინვესტიციო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.

საქართველოს მთავრობა უახლოეს სხდომაზე იმსჯელებს ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულების საკითხზე და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტის შემდგომი გაგრძელების გზების თაობაზე". 

შეგახსენებთ, რომ 31 დეკემბერს ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ "მიუხედავად არა ერთხელ გაჟღერებული ეგრეთ წოდებული ვადების ამოწურვის საკითხისა, ანაკლიის განვითარების კონსორციუმი არ წყვეტს მუშაობას ინვესტორთან და მიმართავს ყველა საშუალებას, რომ პროექტი არ გაჩერდეს და წინ წავიდეს".

„არსებულ ვითარებაში, გადამწყვეტი როლი აქვს სახელმწიფოს მხარდაჭერას და აქტიურ ჩართულობას, განსაკუთრებით ინვესტორთან მოლაპარაკების პროცესში. სამწუხაროდ, ჩვენი მხრიდან არა ერთხელ გაკეთებული მიმართვისა და თხოვნისა, მთავრობის მხრიდან, ჯერჯერობით, ქმედით ნაბიჯები არ გადადგმულა.
კონსორციუმის პოზიცია უცვლელია და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ თავიდან იქნას არიდებული მოსალოდნელი სამართლებრივი დავა, რომელიც დამაზიანებელი იქნება ყველა მხარისათვის", - ეწერა კონსორციუმის განცხადებაში.