მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა ცას ხსნის: წესები, რომლითაც საქართველო უცხოელ ვიზიტორებს მიიღებს

6013d1a590d66
ვიქტორია მღებრიშვილი
29.01.21 13:10
5326
საქართველოს მთავრობამ უცხოელი ვიზიტორებისთვის ქვეყანაში შემოსვლის წესები შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც, ტურისტები საზღვრის კვეთას 2 სახის დოკუმენტის საფუძველზე შეძლებენ. თემაზე ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. 

"უცხოელი ვიზიტორები საქართველოში უპირობოდ შემოსვლას შეძლებენ ნებისმიერი ტიპის კოვიდ-ვაქცინის სრული კურსის ჩატარების (რაც ნიშნავს ვაქცინის 2 სრულ დოზას) დამადასტურებელი დოკუმენტის საზღვარზე წარდგენით; ვითვალისწინებთ, რომ ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობა მსოფლიოში იზრდება და ეს არის ჩვენი პირველი მთავარი სამიზნე ჯგუფი, თუნდაც მწვანე აჭარაში ჩასაყვანად“, - განაცხადა თურნავამ.

რაც შეეხება ჯერ არავაქცინირებული ვიზიტორების საქართველოში შემოშვების წესებს, მინისტრის თქმით, განისაზღვრა ქვეყნები, საიდანაც საქართველო ვიზიტორების მიღებას შეძლებს.

„ევროკავშირის, ისრაელის, შვეიცარიის, აშშ-ის, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საემიროების და ბაჰრეინის მოქალაქეებს და აღნიშნული ქვეყნებიდან რეზიდენტებს, ასევე მათ, ვინც ტრანზიტულად შემოდის საქართველოში, ქვეყანაში შემოსვლის შესაძლებლობა ექნებათ იმ შემთხვევაში, თუ ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR ტესტის ნეგატიურ პასუხს წარმოადგენენ; ასევე, მათ ქვეყანაში შემოსვლის მესამე დღეს სავალდებულოდ უნდა ჩაიტარონ PCR ტესტი ანუ ჩვენ აქ თვითიზოლაციის ვალდებულებას ვაუქმებთ“, - განმარტა ეკონომიკის მინისტრმა.

ამასთან, მან ავიაკომპანიებს მიმართა და არსებული წესების დაცვისაკენ მოუწოდა.

„ავიაკომპანიებს მივმართავთ თხოვნით, თვითმფრინავში არ დაუშვან უცხო ქვეყნის ის მოქალაქეები, რომელთაც არ ექნებათ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხი ან კოვიდ ვაქცინის დამადასტურებელი დოკუმენტი“, - თქვა მინისტრმა.

ნათია თურნავას შეფასებით, წესები, რომლითაც საქართველო უცხოელი ვიზიტორების მიღებას გეგმავს, "ინოვაციური მიდგომაა", რომელიც ტურიზმის ამოქმედების საშუალებას იძლევა იმ პერიოდში, როდესაც მსოფლიო ეპიდემიის მესამე ტალღის მოლოდინშია.

„ეს ინოვაციაა, რომელიც გვაძლევს საშუალებას შემდეგი კვირიდან ტურიზმის ადმინისტრაციის ჩართულობით დავიწყოთ შეხვედრები ტურ-ოპერატორებთან, სასტუმროებთან, ტურისტული ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლებთან სწორედ იმისთვის, რომ გავაცნოთ მათ ეს ახალი წესები და გადავინაწილოთ პასუხისმგებლობები და ვიცით, რომ ისინი ამას გაგებით ეკიდებიან და დავიწყოთ იმაზე ფიქრი, როგორ შემოვიყვანოთ სწრაფად უცხო ქვეყნებიდან ვიზიტორების პირველი ჯგუფები", - განაცხადა თურნავამ.

რა წესები უნდა დაიცვან საქართველოს მოქალაქეებმა ქვეყანაში შემოსვლისას? - პასუხი