მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა ჭერს აწესებს, საპენსიო სესხის განაკვეთი მაქსიმუმ 26% იქნება - ვინ დაასუბსიდირებს ამ ცვლილებას?

6206500e3538c
შოთა ტყეშელაშვილი
11.02.22 16:11
1475
ხანდაზმული მოქალაქეებისთვის, რომლებიც პენსიით უზრუნველყოფილ სამომხმარებლო სესხებს იღებენ, კრედიტის განაკვეთი მაქსიმუმ 26% შეიძლება იყოს. შესაბამისი გადაწყვეტილება ვიცე-პრემიერის ხელმძღვანელობით გამართულმა უწყებათაშორისმა კომისიამ მიიღო. სხდომას ოპოზიციის წევრები, სებ-ის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საპროცენტო განაკვეთის 26%-იანი ჭერი, ამ კრედიტების საბაზრო განაკვეთზე - 36%-ზე 10 პროცენტული პუნქტით დაბალია. შესაბამისად, ჭერის შემცირება ტენდერში გამარჯვებული ბანკის საპროცენტო შემოსავლების კლებას გამოიწვევს.

მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, ერთ თვეში შემუშავდება კონტრაქტის პირობები, რომლითაც გამოცხადდება ახალი ტენდერი და ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტო შეარჩევს ბანკს, რომელიც პენსიებს და სხვა სოციალურ დახმარებებს დაარიგებს.

ათ წელზე მეტია პენსიების დარიგებას “ლიბერთი ბანკი” ახორციელებს, სწორედ ის არის ერთადერთი ბანკი, რომელიც წლიდან წლამდე გამოთქვამს სურვილს მონაწილეობა მიიღოს ჯანდაცვის სამინისტროს ტენდერში.

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ამჟამად სახელმწიფო პენსიების დარიგების ადმინისტრირებაში ფულს არ იხდის და ამ ხარჯებს სრულად “ლიბერთი ბანკი” ფარავს. როგორც დღეს ითქვა, ახალი ტენდერის პირობებში ჩაიდება 15-მილიონიანი დაფინანსება, რომელსაც მთავრობა გამარჯვებულ ბანკს დამატებით გადაუხდის.

დღეს გამართულ სხდომას ესწრებოდა არასამთავრობო ორგანიზაცია “საზოგადოება და ბანკების” გამგეობის თავმჯდომარე გიორგი კეპულაძე, რომელიც მიიჩნევს, რომ განახლებული პირობების გათვალისწინებით, ბანკებს შესაძლოა, არ ჰქონდეთ ინტერესი ტენდერში მიიღონ მონაწილეობა.

“ჩაიდო პირობა: ბანკთა შორის განაკვეთი რეფინანსირების განაკვეთთან ახლოს არის ხოლმე, დღეისთვის 10.4-10.5%-ია, ამას დაემატება 15%, მარტივი მათემატიკით გამოდის 25.5%, რაც ნომინალური განაკვეთია, ეფექტური შეიძლება 26% იყოს, მაგრამ ეს დღეისთვის. თუ რეფინანსირების განაკვეთი დაიკლებს ინფლაციის შემცირების შემდეგ, რისი მოლოდინიც არსებობს, შესაბამისად, საპროცენტო განაკვეთიც დაიკლებს და თუ იქნება 8%, გამოვა 8+15%, ანუ რეალურად ამ საკონკურსო პირობებით საპროცენტო განაკვეთი უნდა შემცირდეს, მაგრამ მე აქ ერთ რისკს ვხედავ - რამდენად მისაღებია კომერციული ბანკებისთვის ეს პირობები? რადგან ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბანკის გარეშე პენსიებს ვერ დავარიგებთ.

კომერციული ბანკები ბიზნესსუბიექტები არიან და ისინი ყველაფერს იმის მიხედვით გათვლიან, რამდენად მისაღებია ეს პირობები მათთვის. ამასთან, სესხზე საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარის დაწესება არის ერთგვარი ჩარევა საბაზრო პრინციპეპში,” - ამბობს ის.

გიორგი კეპულაძის ინფორმაციით, პენსიების დარიგების გაგრძელება სურს “ლიბერთი ბანკს”. ამასთან, ახალ ტენდერში მონაწილეობის მიღებას “საქართველოს ბანკიც” განიხილავს.

საპენსიო გასაცემლებთან დაკავშირებით სპეციალური უწყებათაშორისი კომისია გასული წლის ივლისში, ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით შეიქმნა. იქამდე პარლამენტში გაიმართა რამდენიმე სხდომა, რომელიც საპენსიო სესხების განაკვეთებს შეეხებოდა. „ჩვენ უმოკლეს ვადაში უნდა ვიპოვოთ გამოსავალი... საპროცენტო განაკვეთმა კიდევ უნდა დაიწიოს“, - აცხადებდა ირაკლი ღარიბაშვილი 2021 წლის აგვისტოში.