21.ივნისი .2021 00:01

მთავრობა ეძებს შესყიდვების კონსულტანტს, ვინც COVID-19-ის ვაქცინების შეძენაში დაეხმარება

მთავრობა ეძებს შესყიდვების კონსულტანტს, ვინც COVID-19-ის ვაქცინების შეძენაში დაეხმარება
views 6339
უკან

7 ივნისს მსოფლიო ბანკმა საქართველოსთვის $34.5-მილიონიანი დახმარების პაკეტი დაამტკიცა, რომლითაც ქვეყანამ COVID-19-ის საწინააღმდეგო ზომები უნდა გაატაროს. სასესხო შეთანხმების ძირითად ნაწილს საქართველოსთვის ვაქცინების შეძენის დაფინანსება წარმოადგენს. სწორედ ამასთან დაკავშირებით მსოფლიო ბანკის შესყიდვების სისტემაში გამოცხადდა ვაკანსია შესყიდვების კონსულნატნტის თაობაზე, რომელმაც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად COVID-19-ის ვაქცინების შესყიდვის პირობები უნდა მოამზადოს.

მსოფლიო ბანკის ვებგვერდის თანახმად, კონსულტანტობის მსურველებმა ვაკანსიები 21 ივნისის 18:00-მდე უნდა წარადგინონ. კანდიდატთა შერჩევას და მსოფლიო ბანკის სესხით ვაქცინების შეძენის ადმინისტრირებას ჯანდაცვის სამინისტრო მოახდენს. 

დოკუმენტის თანახმად, შესყიდვების კონსულტანტი პასუხისმგებელი იქნება:

“ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსთან, WHO-სთან და სხვა საერთაშორისო სააგენტოებთან და და მომწოდებლებთან ერთად უხელმძღვანელოს და კოორდინირება გაუწიოს COVID-19-ის ვაქცინების შესყიდვის პროცესს. მათ შორის გამართოს მოლაპარაკებები როგორც COVAX პლატფორმის წარმომადგენლებთან, ასევე სხვა მომწოდებლებთან.

სხვადასხვა მხარესთან ჩაატაროს შეხვედრები, როგორც ონლაინ, ასევე პირისპირ COVID-19-ის ვაქცინების და სხვა სამედიცინო საშუალებებისა და სერვისების შესყიდვასთან დაკავშირებით.

მოახდინოს სხვადასხვა ჩართულო მხარის კოორდინირება და მათ დროულად მიაწოდოს ინფორმაცია შესყიდვის პროცესის შესახებ,”- ნათქვამია მსოფლიო ბანკის ვებგვერდზე.

გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, შესყიდვების კონსულტანტმა ასევე მონაწილეობა უნდა მიიღოს “ცივი ჯაჭვის” სისტემის მენეჯმენტისა და ლოგისტიკის უზრუნველყოფაში.

საქართველოში ვაქცინაციის პროცესის დაწყებიდან 20 ივნისის ჩათვლით, COVID-19-ის საწინააღმდეგო 233,488 აცრა ჩატარდა. ამასთან ყოველდღიურად აცრილი ადამიანების რაოდენობა 3,583-ია.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ივლის-ოქტომბრის პერიოდში საქართველო 3.2 მილიონ დოზა ვაქცინას ელოდება. ეს იქნება Pfizer-ის, Novavax-ის, Sinopharm-ის, SinoVac-ის, Johnson & Johnson-ის ვაქცინები. თუმცა, გაბუნია ვაქცინების ჩამოსვლის კონკრეტულ თარიღებს არ ასახელებს.