მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“2000-იან წლებში ჯანდაცვის სექტორის აბსოლუტური დერეგულაცია გამოვიარეთ” - ილია ღუდუშაური ბაზრის რეგულირებაზე

ჯანდაცვა

თბილისში გამართულ რიგით II საერთაშორისო კონფერენციაზე “კონკურენცია და მომხმარებლის უფლებები“, რომელიც ხუთი მარეგულირებელი უწყების ორგანიზებით იმართება, პანელური დისკუსია ჯანდაცვის სექტორის რეგულირებასაც ეხებოდა.

BMG-ის დამფუძნებლის, გიორგი ისაკაძის კითხვას, სად გადის ზღვარი ეფექტიან რეგულირებასა და სამართლიან თამაშის წესებსა და ბიზნესისათვის არაპროგნოზირებადი გარემოს შექმნაში, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ილია ღუდუშაური პასუხობს:

“მე პირადად კერძო სექტორიდან მოვდივარ, სულ რამდენიმე წელია საჯარო მიმართულებას შემოვუერთდი და კარგად მესმის ეს კითხვა. ის გადაწყვეტილებები, რასაც ამწუთას აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან ვიღებთ, ძალიან კარგად გვაქვს გააზრებული ჯანდაცვის სამინისტროში.

მნიშვნელოვანი საკითხია, რომ საქართველოში ჯანდაცვის მიმართულება არასტანდარტულია და სხვას არ ჰგავს. ჩვენ გვყავს საერთაშორისო ექსპერტები, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთანაც ყოველდღიურად ვთანამშრომლობთ, მათ შორის იმ მნიშვნელოვანი რეფორმების ნაწილში, რომლებსაც ახლა ვატარებთ. ყველა მიმართულებით მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ საერთაშორისო პრაქტიკა გამოვიყენოთ”, - ამბობს ილია ღუდუშაური.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, კერძო სექტორისათვის ნებისმიერი რეგულაცია შეიძლება ნეგატიურად აღიქმებოდეს, რადგან ჯანდაცვის სფეროს რეგულირება ქვეყანაში დიდი ხანი არ არის, რაც დავიწყეთ.

“2000-იან წლებში ჯანდაცვის სექტორის აბსოლუტური დერეგულაცია გამოვიარეთ, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ არის ჯანდაცვის სისტემა ისეთი დაურეგულირებელი, როგორც საქართველოში. შესაბამისად, რეგულაციები, რომლებსაც ჩვენ ახლა ვახორციელებთ, არახალია საერთაშორისო პარტნიორებისთვის და აბსოლუტურად გაგებით ეკიდებიან მას, ხშირად გვეუბნებიან, რომ უფრო ხისტები უნდა ვიყოთ. ისინი ვერ აღიქვამენ, რამდენად დიდი ეფექტი აქვთ რეგულაციებს ბაზარზე, იმიტომ რომ წლების განმავლობაში ეს სექტორი მიშვებული იყო.

ვფიქრობ, უპრეცედენტო პერიოდს გავდივართ და სექტორისთვისაც გასაგებია, რომ გამოწვევაა. ჯანდაცვის სამინისტროს ამოცანაა, რომ მაქსიმალური კომუნიკაცია ჰქონდეს სექტორთან დაგეგმილი რეგულაციების შესახებ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეფორმის განხორციელებისას ჩვენ სექტორს გონივრული ვადა მივცეთ იმისთვის, რომ ახალ კანონმდებლობაზე გადაეწყოს”, - აცხადებს ღუდუშაური.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები