ექიმი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი, ქართველ ექიმთა საერთაშორისო ასოციაციის დამფუძნებელი ანი ქავთარაძე ეთანხმება მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების დაფინანსების კლასიკური DRG მოდელი ვერ დაინერგა.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას განაცხადა და აღნიშნულის მიზეზად სამედიცინო სექტორთან არასათანადო კომუნიკაცია და რეფორმის ხისტი მეთოდების დანერგვა დაასახელა.
ექიმი ფიქრობს, რომ DRG მექანიზმის ამოქმედებისას, ჯანდაცვის სამინისტროსთვის უმთავრესი იყო საბიუჯეტო დანახარჯების მაქსიმალურად სწრაფად შემცირება.
- ჯანდაცვის სფეროს ყველა ექსპერტი თუ ექიმი თანხმდება, რომ DRG არის ძალიან კარგი მოდელი იმ ქვეყნებში, სადაც ის სწორად დაინერგა, რათა პაციენტების ჯიბიდან დანახარჯები შემცირებულიყო, მით უმეტეს, როცა მოქალაქეები ისედაც იხდიან სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადებს და ამ გზით, თავის წილ ყულაბას ავსებენ და ეკუთვნის ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ჯანდაცვა.
- ჩვენ რატომ არ გამოგვივიდა კლასიკური DRG მოდელის დანერგვა - სამედიცინო სექტორში ფიქრობენ, რომ ქართული DRG ჰიბრიდულია კორექტირებას საჭიროებს...
- იმიტომ არ გამოგვივიდა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ ის სწრაფად და ხისტად დანერგა და პროფესიული საბჭოების და დარგის სპეციალისტების მოსაზრებები არ გაითვალისწინა.
- როგორ უნდა გამოსწორდეს ხარვეზები?
- პირველ რიგში, სახელმწიფოსთვის, ჯანდაცვის სამინისტროსთვის, სამედიცინო დარგისთვის, რომელიც ზრუნავს ადამიანის ჯანმრთელობაზე, ამოსავალი წერტილი და ცენტრი უნდა იყოს ამ ქვეყნის მოქალაქე, რომელიც შემდეგში შეიძლება გახდეს პაციენტი და მის ირგვლივ უნდა აეწყოს ყველა დანარჩენი რგოლი.
- დღეს ვინ არის ცენტრში?
- მგონია, რომ რაღაცნაირად არის პიროვნული ინტერესები, სამთავრობო ინტერესები, მათ შორის კერძო ბიზნესის ინტერესები. რა თქმა უნდა, ეს რგოლები ნაწილობრივ ფარავენ მოქალაქის მოთხოვნებს, მაგრამ პაციენტი ცენტრში არ არის და ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა.
- როგორ დავაბრუნოთ ჯანდაცვის სისტემის ცენტრში პაციენტი?
- პირველ რიგში, ვფიქრობ, ამას ესაჭიროება პოლიტიკური ნება, რათა საქართველოს მოქალაქის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლება, რასაც ჰქვია ჯანმრთელობის უფლება, უზრუნველყოფილი იყოს; შედეგად, პაციენტი ჯანდაცვის სისტემის ცენტრში მოექცევა და შემდგომში, მათ შორის, კერძო სექტორიც აუცილებლად დაიწყებს თამაშს იმ წესებით, რომელსაც პოლიტიკური ნება განსაზღვრავს.
„DRG მოდელი, დღესდღეობით, ჰიბრიდულია“ - რას ითხოვს ჯანდაცვის ბიზნესი?