ექიმი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგ, ქართველ ექიმთა საერთაშორისო ასოციაციის დამფუძნებლის ანი ქავთარაძის აზრით, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ძალიან მსხვილია საიმისოდ, რომ ერთმა ადამიანმა მართოს.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას, დაახლოებით, 8 მილიარდის ბიუჯეტის მქონე უწყების პირველ პირად მიხეილ სარჯველაძის დანიშვნის კომენტირებისას განაცხადა.
ანი ქავთარაძე ფიქრობს, რომ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უნდა დაიშალოს.
"ეს სამინისტრო არის ძალიან მსხვილი საიმისოდ, რომ ერთმა ადამიანმა მართოს, მიუხედავად იმისა, როგორი გუნდი ეყოლება ან რა რაოდენობის მოადგილეები. დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ძალიან ბევრ და თან ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან და ამავდროულად, მტკივნეულ ბევრ საკითხს აერთიანებს“, - აღნიშნა მან.
რაც შეეხება უშუალოდ მიხეილ სარჯველაძის ფაქტორს, ექიმი ანა ქავთარაძე ამბობს, რომ ახალ მინისტრთან დაკავშირებით „განსაკუთრებული მოლოდინი არ აქვს“, რადგან მმართველი ძალა არ შეცვლილა.
"ბოლო წლების განმავლობაში, ვხედავდით, რომ ჯანდაცვის მინისტრებს რადიკალურად განსხვავებული მიდგომები არ ჰქონიათ; ყველა, გარკვეულწილად ერთ ხაზს ხაზს მიჰყვებოდა და ერთი სტრატეგიით მოქმედებდა; რა თქმა უნდა, გარკვეული განსხვავებები იყო მართვის სტილში, მაგრამ არა - რადიკალური. შესაბამისად, ამ მინისტრისგან, რომელსაც არ აქვს არანაირი შეხება სამედიცინო სფეროსთან, განსაკუთრებული მოლოდინები არ გამაჩნია. აქვე, იმასაც აღვნიშნავ, რომ არ ვთვლი, რომ ჯანდაცვის მინისტრი, აუცილებლად, პროფესიით ექიმი უნდა იყოს“, - განაცხადა ანი ქავთარაძემ.
სამედიცინო სფეროს წარმომადგენელს მიაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია რეფორმების უწყვეტობა შენარჩუნდეს და ჯანდაცვის სამინისტროს ახალი გუნდი, მინიმუმ, 2023-2030 წლების ჯანდაცვის სტრატეგიით გაწერილ დღის წესრიგს მიჰყვეს.
„ბოლო 12 წელიწადს თუ გადავხედავთ, თითოეული მინისტრი თავისი ხედვით მოდის და რეფორმების თავისებურად წარმოებას იწყებს, ამიტომ მნიშვნელოვანია რეფორმების უწყვეტობა შენარჩუნდეს. გასაგებია, რომ გზადაგზა, იქნება შეცდომებიც და გადაცდომებიც, მაგრამ ეს ისე მსუბუქად უნდა მოხდეს, რომ ჯანდაცვის სექტორზე, შესაბამისად, პაციენტებზე არ აისახოს“, - განაცხადა ანი ქავთარაძემ.