მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა ინვესტორებთან დავებში გადასახდელი კომპენსაციების ზრდას პროგნოზირებს

63ec9f3da0930
შოთა ტყეშელაშვილი
15.02.23 13:18
873
საქართველომ რუსულ ენერგოგიგანტთან, Inter Rao-სთან ორი პარალელური საარბიტრაჟო დავა წააგო. მსოფლიო ბანკთან არსებულმა საინვესტიციო დავების მოგვარების საერთაშორისო ცენტრმა (ICSID) საქართველოს $76 მილიონი დოლარის კომპენსაციის გადახდა დააკისრა. ამავდროულად, სტოკჰოლმის საარბიტრაჟო ტრიბუნალმა საქართველოს ანალოგიურ დავაში $112 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა. თუმცა, არსებული მდგომარეობით უცნობია ამ ორი განაჩენიდან უშუალოდ რომლის გადახდა მოუწევს საქართველოს, რადგანაც წინასწარი ინფორმაციით, ორივე მათგანის სრული აღსრულება არ მოხდება.

დაკისრებული სანქცია, რაც ამჟამინდელი კურსით 201 მილიონი ლარია საქართველოს ხაზინამ უნდა გადაიხადოს. 2023 წლის ბიუჯეტის ფისკალური რისკების ანალიზში ნათქვამია, რომ მომდევნო წლებში სასამართლო დავებში დაკისრებული სანქციების მოცულობის ზრდა არის მოსალოდნელი. ამავე დოკუმენტის მიხედვით, უმსხვილეს საარბიტრაჟო საქმეებში მოთხოვნილი კომპენსაციის ჯამური ოდენობა 2.8 მილიარდი დოლარია, რაც საქართველოს მიმდინარე მშპ-ის 13%-ს შეადგენს.

“მსხვილი საარბიტრაჟო დავები დაკავშირებულია მსხვილ საინვესტიციო პროექტებთან. მათში გათვალისწინებულია კონფიდენციალურობის ვალდებულებები მხარეებისთვის სპეციალიზებული სასამართლოების მიერ, როგორებიცაა - საინვესტიციო დავების განმხილველი საერთაშორისო ცენტრი (ICSID) ან საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლო (ICC). ამასთან, ძალიან ხშირად შეთანხმება მიიღწევა ისეთ თანხაზე, რაც მნიშვნელოვნად ნაკლებია თავდაპირველ მოთხოვნასთან შედარებით. ასევე, სახელმწიფომ შესაძლოა მოამზადოს შემხვედრი სარჩელი და მოიპოვოს გამარჯვება შესაბამისი კომპენსაციით. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2022 წლის 23 სექტემბრის მდგომარეობით საერთაშორისო არბიტრაჟებში 7 მიმდინარე დავის ფარგლებში სადავო თანხის პოტენციური მაქსიმალური ოდენობა შეადგენს დაახლოებით 2.81 მლრდ აშშ დოლარს (7.87 მლრდ ლარს), რაც 2021 წლის მშპ-ს 13%-ს შეადგენს.

საქართველოს მთავრობა ყოველწლიურად გამოყოფს ასიგნებებს შესაძლო წაგებული საქმეებისთვის. გასულ წლებში წაგებული გადახდილი ფაქტობრივი თანხის ოდენობა იყო არაარსებითი, სავარაუდოდ, მოსარჩელეებისთვის ასანაზღაურებელი თანხების სიმცირის ან/და საანგარიშო წელს დაუსრულებელი დავების გამო, რაც განპირობებული იყო სხვადასხვა ზოგადი გარემოებით, მაგალითად, COVID-19-ის პანდემიამ შეანელა სასამართლოების მუშაობა 2020 წელს.

მოსალოდნელია სასამართლო დავებზე ფაქტობრივად გადახდილი თანხების ზრდადი ტენდენციის შენარჩუნება, ეს არ ნიშნავს, რომ სახელმწიფო პროპორციულად უფრო მეტ საქმეს აგებს ვიდრე მანამდე. ასეთი ტენდენცია შეინიშნება სხვა ქვეყნებშიც, სპეციალიზირებული იურიდიული კომპანიების რაოდენობის ზრდისა და ამ დრომდე აკუმულირებული მსხვილი დავების ფონზე,”- ნათქვამია ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტში.