მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საგამოძიებო სამსახურიდან მიხეილ მაღლაკელიძე შემოსავლების სამსახურში გადაიყვანეს

მიხეილ მაღლაკელიძე

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი - მიხეილ მაღლაკელიძე წარუდგინა. მას ამ დრომდე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობა ეკავა.

უწყების ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას დაესწრნენ სამსახურის ყოფილი უფროსი ირაკლი (დაჩი) ბერაია, ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე და მამუკა ბარათაშვილი, ასევე შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები.

ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ირაკლი (დაჩი) ბერაიას მადლობა გადაუხადა გაწეული სამსახურისთვის და წარმატებები უსურვა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობაზე.

შეხვედრაზე მან, კიდევ ერთხელ, ხაზი გაუსვა შემოსავლების სამსახურის მუშაობის მნიშვნელობას ქვეყნის წინსვლისთვის და იმედი გამოთქვა, რომ კვლავ გაგრძელდება ყველა ის რეფორმა, რომელიც ხელს შეუწყობს ეფექტიან საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრირებას.

როგორც მან აღნიშნა, მიხეილ მაღლაკელიძე კარგად იცნობს შემოსავლების სამსახურის სისტემას, ვინაიდან მას წლების განმავლობაში უწყებაში სხვადასხვა თანამდებობა ეკავა.

ლაშა ხუციშვილმა ხაზი გაუსვა მის პროფესიონალიზმს და იმედი გამოთქვა, რომ მისი წარმატებული საქმიანობა გაგრძელდება ახალ სამსახურში მუშაობის პერიოდშიც.

თავის მხრივ, მიხეილ მაღლაკელიძემ მადლობა განაცხადა ნდობისთვის და აღნიშნა, რომ შემოსავლების სამსახური უწყების თანამშრომლებთან ერთად, კვლავ გააგრძელებს ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის ხელშეწყობას.

შეხვედრაზე შემოსავლების სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა ირაკლი (დაჩი) ბერაიამ მადლობა გადაუხადა კოლეგებს მხარდაჭერისთვის და იმედი გამოთქვა, რომ სამსახურებრივი თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. მან მიხეილ მაღლაკელიძეს წარმატებები უსურვა ახალ თანამდებობაზე მუშაობის პროცესში.

რაც შეეხება მაღლაკელიძის გამოცდილებას, სამუშაო გამოცდილება წლების მიხედვით ასეთია:

  • 2025 წლის 24 ივნისიდან – დღემდე: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი;
  • 2019 – 2025: შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე;
  • 2016 – 2019: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის უფროსის მოადგილე;
  • 2014 – 2016: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური — სხვადასხვა ხელმძღვანელი თანამდებობა;
  • 2013: შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს უფროსის მოადგილე;
  • 2012 – 2013: ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს უფროსის მოადგილე;
  • 2009 – 2012: კერძო სექტორი — სხვადასხვა კომპანიის დირექტორი;
  • 2008 – 2009: ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსის მოადგილე; პარალელურად ეკავა ამავე დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის პოსტი;
  • 2007 – 2008: ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რეგიონული საბაჟოს აღმოსავლეთის მომსახურების განყოფილების უფროსი ინსპექტორი;
  • 2004 – 2005: ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს უფროსი;
  • 1996 – 2004: შინაგან საქმეთა სამინისტრო — სხვადასხვა პოზიცია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები