მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა მთლიანი ვალის პორტფელში საგარეო ვალის წილის 60%–მდე შემცირებას გეგმავს

616d40582d794
დავით ჯალაღონია
18.10.21 13:40
834
ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, მთავრობა მიმდინარე წლის ბოლომდე ვალის მართვის ახალ სტრატეგიას გამოაქვეყნებს, სადაც მოცემული იქნება სამიზნე მაჩვენებლები, თუ როგორ უნდა შეიცვალოს პროპორცია მთავრობის საშინაო და საგარეო ვალს შორის.

ამის შესახებ კაკაურიძემ პარლამენტში, საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტზე, 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსიის განხილვისას, კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის კითხვის პასუხად განაცხადა. კოვზანაძემ აღნიშნა, რომ მთავრობა 2024 წლისთვის, საგარეო ვალის წილის 71.7%–მდე შემცირებას გეგმავს და ამიტომ ფინანსთა მინისტრის მოადგილეს კითხვით მიმართა, მაღალი ხომ არ არის ეს მაჩვენებელი.

„წლის ბოლოს 2022–2025 წლების ახალი სტრატეგია (ვალის მართვის) გვექნება და ის გაითვალისწინებს იმას, რომ არათუ ვალის მაჩვენებელი შემცირდეს, არამედ წილის გადანაწილება საგარეო და საშინაო ვალს შორის შეიცვალოს. ჩვენი პირველადი მიზანი იქნება 60%–მდე ჩამოსვლა (საგარეო ვალის მაჩვენებლის), თუმცა ამის მიღწევა თუნდაც 4–წლიან პერიოდში შეუძლებელია.

სასურველი მიზანი რა თქმა უნდა არის, ვიყოთ დაახლოებით 40%–ის ფარგლებში, თუმცა თუ ჩვენ მივაღწიეთ და 60%–ის ნიშნულზე გავედით, ეს იქნება საკმაოდ წარმატებული მუშაობა მომდევნო 4-5 წლიან პერიოდში. ეს ძალიან რთული იქნება, რადგან პროექტები დასასრულებელია და საგარეო წყაროებიდან ფინანსდება დიდწილად, ამიტომ მე უკვე გავაჟღერე, რომ რამდენიმე პროექტის გადავადების ნაწილში მოგვიწევს თქვენთან რატიფიცირებაზე შემოტანა, რამდენიმე უკვე შეთანხმებული სესხის შემცირება მოგვიწევს იმისათვის, რომ ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას და ის რისკები შევამციროთ, რაც საგარეო ვალს მოყვება.

საბოლოო ჯამში, სასურველი პოზიცია 40%–თან არის, მაგრამ მიზნობრივი მაჩვენებელი საშუალოვადიან პერიოდში გვექნება, რომ 60%–მდე ჩამოვიდეს საგარეო ვალის წილი მთლიანი ვალის პორტფელში“, – განაცხადა კაკაურიძემ.