მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა საზღვარგარეთ დასაქმების საშუამავლო კომპანიების რეგულირებას გეგმავს

63e9f6f976d10
ინგა მურუსიძე
13.02.23 12:52
1533
შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში ცვლილებები შედის. პროექტის განხილვა პარლამენტში დღეს იწყება. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, ცვლილებებით დარეგულირდება როგორც შრომითი ემიგრაციის, ისე, იმიგრაციის საკითხი.

გამოწვევები:

კანონპროექტის ინიციატორის განმარტებით, საკმაოდ ხშირია სამუშაოს მაძიებლების მოტყუებისა და/ან მათი უფლებების დარღვევის შემთხვევები, რასაც ადასტურებს ამ სფეროში ჩატარებული კვლევების შედეგები. "უნარებზე საწარმოთა მოთხოვნის კვლევის“ მიხედვით, საქართველოში 2019 წელს 41 359 უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო დასაქმებული და არ არსებობს საქართველოში მათი რეალური დასაქმების შესახებ სანდო ინფორმაციის აღრიცხვის ეფექტური სისტემა.

გამოწვევას წარმოადგენს ის ფაქტიც, რომ შესაბამისი სამართლებრივი და აღმასრულებელი მექანიზმების არარსებობის გამო, ვერ ხერხდება იდენტიფიცირებული საშუამავლო კომპანიების მიმართ არსებული კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ნორმების (ჯარიმების) აღსრულებაც. კერძოდ, არსებული კანონმდებლობა ითვალისწინებს, საშუამავლო კომპანიების ვალდებულებას წელიწადში ერთხელ მოახდინონ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმირება მათ მიერ გაწეული საშუამავლო საქმიანობის თაობაზე. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კანონი ადგენს 300-ლარიან ჯარიმას (დარღვევის განმეორების შემთხვევაში 600-ლარიან ჯარიმას), რომლის აღსრულებასაც ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო (2017 წლიდან 2020 წლამდე აღსრულებას ახორციელებდა სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტო, ხოლო 2020 წლიდან დღემდე აღსრულებას ახორციელებს სსიპ - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო).

რა იცვლება?

1. იგეგმება საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური და იურიდიული პირების სავალდებულო სერტიფიცირება. აქვე აღსანიშნავია, რომ სერტიფიცირების პროცედურები საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის იქნება უფასო.

2. ადგილობრივი დამსაქმებლების მიერ საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელის დასაქმების შესახებ მონაცემები სავალდებულო რეგისტრაციას დაექვემდებარება. ეს უნდა მოხდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შექმნილ ონლაინ-სისტემაში და ამ მონაცემების ბაზაზე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელზე საიმიგრაციო ვიზის გაცემას.

3. ცვლილებების განხორციელებაზე მონიტორინგს უზრუნველყოფს სსიპ - შრომის ინსპექციის სამსახური, რაც უზრუნველყოფს როგორც საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური და იურიდიული პირების, ისე ადგილობრივი დამსაქმებლების მიერ საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელის დასაქმების პროცესების გამჭვირვალობას.

4. ცვლილებები უზრუნველყოფს იმ საშუამავლო კომპანიების ადმინისტრაციული სახდელისგან - ჯარიმისგან გათავისუფლებას იმ შემთხვევაში, თუ ჯარიმა გამოწერილია 2017 წლიდან 2022 წლამდე პერიოდებში. ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან გათავისუფლება ვრცელდება მხოლოდ აღუსრულებელ ჯარიმაზე და იმ საშუამავლო კომპანიებზე, რომლებმაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ამ კანონის ამოქმედებამდე ჩაიდინა.

კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:

პროექტის მიღებით მოხდება შრომითი მიგრაციის რეგულირებისათვის, არსებული სამართლებრივი ნორმების დახვეწა და განვითარება როგორც შრომითი ემიგრაციის, ისე იმიგრაციის ეფექტიანად მართვის თვალსაზრისით;

ქვეყანაში ლეგალური შრომითი მიგრაციის ხელშეწყობასა და არალეგალური შრომითი მიგრაციისა და ტრეფიკინგის შემთხვევების შემცირება;

შუამავალი კომპანიების საქმიანობის ლეგალიზაცია;

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, 2023 წლის 1 აპრილამდე საქართველოს მთავრობამ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ამ კანონის შესაბამისად და მის შესასრულებლად უნდა უზრუნველყონ შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის შემუშავება და გამოცემა.

განისაზღვრა ადგილობრივი დამსაქმებლის ვალდებულება, 2023 წლის 1 ივნისამდე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარუდგინოს ინფორმაცია მასთან 2023 წლის 1 აპრილამდე დასაქმებული შრომითი იმიგრანტის თაობაზე.

ფინანსური შედეგები:

კანონპროექტით განსაზღვრული მარეგულირებელი ნორმების დარღვევის შემთხვევაში, კანონპროექტის გათვალისწინებულია ფინანსური სანქციები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ამასთან, ცვლილებების ამოქმედებამდე გათვალისწინებულია დროის გარკვეული პერიოდი და დაგეგმილია შესაბამისი აქტივობები, რათა მოხდეს ამ პირთა დროული ინფორმირება.


კანონპროექტით განსაზღვრულია ჯარიმები. (დეტალურად)

კანონპროექტის ავტორია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ხოლო ინიციატორი მთავრობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები