მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შრომის კანონმდებლობა და უსაფრთხოების სტანდარტები გადახედვას საჭიროებს - მიხეილ კორძახია

კორძახია

შრომის კანონმდებლობა და უსაფრთხოების სტანდარტები გადახედვას საჭიროებს - ამის შესახებ BMG-სთან „ბიზნეს საქართველოს“ პრეზიდენტი მიხეილ კორძახია საუბრობს.

მისი თქმით, შრომის კანონმდებლობისა და შრომის უსაფრთხოების მოქმედი ნორმები სერიოზულ დახვეწასა საჭიროებს, რადგან, არსებული რეგულაციების ბუნდოვანება, პრაქტიკაში ჩამოყალიბებული ორმაგი სტანდარტები და აღსრულების სირთულეები კერძო სექტორში მნიშვნელოვან შეფერხებებსა და სამართლებრივ დავებს იწვევს.

როგორც კორძახია აცხადებს, შრომის ინსპექციის სამსახურის შექმნიდან და შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილებებიდან გასული 9 წელი საკმარისი დროა იმისთვის, რომ დაგროვილი პრაქტიკის საფუძველზე საკანონმდებლო ბაზის რევიზია განხორციელდეს.

„ფრაგმენტულია შრომის უსაფრთხოების ორგანულ კანონში ჩანაწერები, ნებისმიერ ტერმინთან დაკავშირებით პრაქტიკაში დაგროვდა უამრავი მიდგომა - ორმაგი, სამმაგი სტანდარტი. მაგალითად, ფუნქციებთან დაკავშირებით: შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი ამ კანონიდან გამომდინარე ერთ-ერთი ინოვაცია და ძალიან კარგია, რომ ასეთი პროფესია, ჩამოყალიბდა. მაგრამ დღემდე, შეუძლებელია კანონმდებლობით ან რომელიმე კანონქვემდებარე აქტით დავადგინოთ ამ ადამიანის, ამ პროფესიის ფუნქცია-მოვალეობების ფარგლები. ვერანაირად ვერ განსაზღვრავთ, როგორი შეიძლება იყოს ანალოგიური მიდგომები და ერთიანი ხედვა.

იგივე სამშენებლო სექტორში - არასდროს ხდება ისე, რომ ერთი კომპანია იწყებდეს და ამთავრებდეს მშენებლობის მთლიანად - მას ჰყავს სხვადასხვა კონტრაქტორები. შესაბამისად, საკმაოდ ზოგადი და ბუნდოვანი ჩანაწერია, ვინ არის პასუხისმგებელი კონკრეტულ შემთხვევებთან დაკავშირებით - რომელი კონტრაქტორი, ან კონტრაქტორის კონტრაქტორი, თუ თავად ნებართვის მფლობელი. ეს გაურკვევლობა ხშირად სასამართლო დავების მიზეზი ხდება“, - აცხადებს მიხეილ კორძახია BMG-სთან.

ამასთან, მისივე თქმით, რისკების შეფასების არსებული მეთოდოლოგია იმდენად ზოგადი და სუბიექტურია, რომ ნებისმიერ მაკონტროლებელს საშუალებას აძლევს, კომპანიის მიერ მომზადებული დოკუმენტაცია ხარვეზიანად მიიჩნიოს და სანქციები დააკისროს.

მიხეილ კორძახია შრომის კოდექსით განსაზღვრულ 40-საათიან სამუშაო კვირაზეც საუბრობს. მისი თქმით, მოქმედი მიდგომით, ერთ კომპანიაში კვირაში 40 საათზე მეტი სისტემატური მუშაობა აკრძალულია დასაქმებულის ინტერესების დასაცავად, თუმცა პრაქტიკაში, იგივე დასაქმებულს შეუძლია პარალელურად მეორე ან მესამე კომპანიაში იმუშაოს და ჯამში 80 საათი დაიტვირთოს.

„ეს მიდგომა ალოგიკურია. თუკი მიზანი ადამიანის გადაღლისგან დაცვაა, გაუგებარია, რატომ არის ერთ დამსაქმებელთან ეს შეზღუდვა კატეგორიული, ხოლო სხვადასხვა ადგილზე მუშაობისას - დაშვებული. ეს საკითხები სიღრმისეულ, შინაარსობრივ გააზრებასა და რეფორმირებას საჭიროებს“, - აცხადებს მიხეილ კორძახია.

„ბიზნეს საქართველოს“ პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ დადგა დრო, შეიქმნას საერთო სამუშაო ჯგუფი და მომზადდეს საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც აღმოფხვრის ბუნდოვანებებს, დაადგენს სამართლიან თამაშის წესებს და უზრუნველყოფს კანონმდებლობის რეალურ, ობიექტურ აღსრულებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები