მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამშენებლო სექტორი შრომის კანონმდებლობაში ე.წ. ხარაჩოების სტანდარტების გადახედვას ითხოვს

მშენებლობა

სამშენებლო სექტორი შრომის კანონმდებლობაში ე.წ. ხარაჩოების სტანდარტების გადახედვას ითხოვს. როგორც BMG-სთან „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე აცხადებს, შრომის ინსპექციასა და ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრაზე, ბიზნესმა სწორედ ეს საკითხი დააყენა.

ახლა, „საქართველოს ბიზნეს ასოციაცია“ სამშენებლო სექტორში მოქმედი უსაფრთხოების სტანდარტების ოპტიმიზაციაზე მუშაობს.

ლევან ვეფხვაძის თქმით, არსებული მკაცრი და გარკვეულწილად, ფორმალური რეგულაციები მშენებლობებს საოპერაციო დონეზე სერიოზულ შეფერხებებს უქმნის, რადგან კომპანიების დიდი ნაწილის აღჭურვილობა ახალ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს.

„სტანდარტი ის შეიძლება იყოს მძიმე და როცა სახელმწიფო მაგალითად, ითხოვს პირობითად, ხარაჩოების სტანდარტის შესრულებას, ჩვენ შეგვიძლია, გავაფართოოთ ეს მოთხოვნა - სტანდარტების რაოდენობა, ოღონდ ეს არ უნდა მოხდეს ხარისხის და უსაფრთხოების ხარჯზე. მიზანია, სახელმწიფო დავარწმუნოთ, რომ სხვა სტანდარტი ამ სტანდარტთან ერთად, უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

სახელმწიფო ღიაა თანამშრომლობაზე და ამ კუთხით, მიუღებლობა არ აქვს - სახელმწიფოს მიზანი არ არის კონკრეტულად, რომელიმე სტანდარტის არსებობა, მიზანი არის და უნდა იყოს უსაფრთხოების დაცვა და თუკი სხვა სტანდარტიც უზრუნველყოფს იგივე უსაფრთხოებას, ვფიქრობ, რომ აქ პრობლემა არ იქნება.

ხარაჩოებზე იყო მაგალითად საუბარი და ყველა კარგად ხვდება, რომ გარკვეული პერიოდის მერე ამ მოთხოვნამ შეიძლება, მნიშვნელოვანი შეფერხება გამოიწვიოს სამშენებლო კომპანიებისთვის“ - აცხადებს ლევან ვეფხვაძე BMG-სთან.

მისივე თქმით, სექტორში პრობლემაა ავტორიზებული და აკრედიტებული ორგანოების არარსებობა. იქ, სადაც კონკრეტული სტანდარტი დადგენილი არ არის, ბაზარზე არ არსებობენ შესაბამისი კვალიფიკაციის ინსტიტუციები, რომლებიც გასცემენ ოფიციალურ დასკვნას ამა თუ იმ დანადგარის, ხელსაწყოსა თუ კონსტრუქციის უსაფრთხოებაზე.

„იქ, სადაც სტანდარტები არ არსებობს, აქაც თამაშის წესებზე უნდა შევთანხმდეთ. გვაქვს თუ არა რაიმე ტიპის ავტორიზებული ორგანო, რომელმაც შეიძლება გამოთქვას მოსაზრება - არის თუ არა კონკრეტული ხელსაწყო, დანადგარი, რაღაცა ტიპის კონსტრუქცია უსაფრთხო? აქ პრობლემა არის სწორედ ასეთი ტიპის კვალიფიციური ორგანოების ინსტიტუციების არარსებობა, რომელსაც ამ ტიპის დასკვნას შეიძლება გასცემდეს და აქაც, უნდა ვიმუშაოთ ერთად, რომ საერთაშორისო მოთამაშეები აქტიურად შემოვიდნენ ქართულ ბაზარზე და შეეძლოთ ამ ტიპის დასკვნების გაცემა“ - აცხადებს ლევან ვეფხვაძე.

ამ ეტაპზე BAG სამშენებლო სექტორთან შეხვედრებს მართავს და ალტერნატიული სტანდარტების შედარებით ანალიზს ახორციელებს.

„ჯერ ვმუშაობთ, რომ თუ იქნება სხვა სტანდარტი - იგივე ხარისხით უზრუნველყოფის - გაფართოვდეს სტანდარტების რაოდენობა. საბოლოო მიზანი არის ის, რომ დაცული იყოს თითოეული დასაქმებული. ახლა, ვადარებთ სტანდარტებს იმისათვის, რომ ვნახოთ, ეს მიზანი რამდენად იქნება მიღწევადი - რომ მაგალითად, ხარაჩოების თურქული სტანდარტი რამდენად კავშირში და ბმაშია ევროპის სტანდარტთან.

ჩვენი მიზანია, რომ შრომის ინსპექცია იყოს არა ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც მოდის და გვაჯარიმებს, არამედ იყოს ჩვენი პარტნიორი პრევენციისთვის. პრევენციაც სწორედ მდგომარეობს იმაში, რომ კარგი გაგებით, სტანდარტები გქონდეს. რათა თითოეული დასაქმებულის ჯანმრთელობა იყოს დაცული და ამავდროულად კომპანიების პრობლემები შემცირდეს იმ ინცინდენტებიდან გამომდინარე, რაც შეიძლება მათ დაუდგეთ. ეს პრობლემა შეიძლება იყოს ფინანსური, მაგრამ ყველაფერზე მეტად ეს არის რეპუტაციული და მორალური ზიანი, რომელიც შეიძლება კომპანიას მიადგეს“ - აცხადებს ლევან ვეფხვაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები