საქართველოს ბიზნესასოციაციასა (BAG) და საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიას შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც მხარეებმა ქვეყანაში არსებული მაკროეკონომიკური ტენდენციები, ბიზნესგარემო და კერძო სექტორის წინაშე არსებული გამოწვევები განიხილეს.
როგორც BAG-ის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნულია, შეხვედრის ფარგლებში საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ მისიის წარმომადგენლებს BAG ინდექსის პრეზენტაცია წარუდგინა, რომელშიც დეტალურად იყო ასახული კერძო სექტორის მიმდინარე განწყობები, მოლოდინები და ეკონომიკური აქტივობის ძირითადი მაჩვენებლები.
"დისკუსიისას მხარეებმა სიღრმისეულად მიმოიხილეს ქვეყანაში არსებული ბიზნესკლიმატი და საინვესტიციო გარემო. შეხვედრაზე ასევე განიხილეს შრომის ბაზარზე არსებული ვითარება, დასაქმების ბარომეტრი და კვალიფიციური კადრების დეფიციტი, რომელიც ბიზნესსექტორისთვის ერთ-ერთ უმთავრესს გამოწვევად რჩება.
ყურადღება ასევე გამახვილდა საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის დაფუძნებაზეც, ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ეს ინიციატივა დადებითად შეაფასა და ინვესტიციების მოზიდვის მნიშვნელოვან მექანიზმად დაასახელა" - ეწერა რელიზში.
BAG-ის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი შეეხო გლობალურ გეოპოლიტიკურ ვითარებასაც და მის გავლენას საქართველოს ეკონომიკასა და რეგიონულ ვაჭრობაზე. ამ კონტექსტში განიხილეს შუა დერეფნის მზარდი როლი, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მნიშვნელობა და საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროცესი, როგორც ქვეყნის სატრანზიტო და ლოგისტიკური პოტენციალის გაძლიერების უმთავრესი ფაქტორები.
„საქართველოს ბიზნეს ასოციაციას საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მრავალწლიანი და ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებს. ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია ფონდის მისიას გავუზიაროთ კერძო სექტორის ობიექტური შეფასებები, რომლებიც BAG ინდექსშია თავმოყრილი.
შეხვედრაზე დეტალურად განვიხილეთ როგორც მაკროეკონომიკური პარამეტრები და შრომის ბაზრის გამოწვევები, ისე ის მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები და რეგიონული პროცესები, რომლებიც ქვეყნის გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდასა და საინვესტიციო მიმზიდველობას განსაზღვრავს“, - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.
























