26.იანვარი .2021 15:30

მთავრობამ დღეს ბანკებისგან 35 მლნ ისესხა, ობლიგაციებზე მოთხოვნა 2.5-ჯერ მეტი იყო

მთავრობამ დღეს ბანკებისგან 35 მლნ ისესხა, ობლიგაციებზე მოთხოვნა 2.5-ჯერ მეტი იყო
views 675
უკან

დღეს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 35 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ამ ფასიანი ქაღალდების საშუალო შეწონილი განაკვეთი 8.11 იქნება. ამასთან, ირკვევა, რომ ობლიგაციების შესყიდვაზე ბანკების მხრიდან მოთხოვნა 2.54-ჯერ მეტი იყო.

"აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 89 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.050 პროცენტით, მაქსიმალური 8.120 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.112 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონურმა საპროცენტო განაკვეთმა 8.125 პროცენტს შეადგინა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში,"- ნათქვამია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

სახაზინო ობლიგაციების და სახაზინო ვალდებულებების გამოშვებით საქართველოს მთავრობა შიდა ვალს იღებს. 2020 წელს მთავრობამ 2.9 მილიარდი ლარის ობლიგაციები და სახაზინო ვალდებულებები გამოუშვა და 1 მილიარდი ლარის ფასიანი ქაღალდები დაფარა, შესაბამისად შიდა ვალიც 1.9 მილიარდით გაიზარდა. წელს, ჯამურად შიდა ვალის ზრდა არ იგეგმება.