მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იპოთეკით დაცული ობლიგაციების მოცულობა 2-3 წელიწადში ₾3 მლრდ-ის ფარგლებში იქნება - ნიკოლოზ გაგუა

6418697e4ee8a
ელენე გოგბერაშვილი
20.03.23 18:29
1159
სტატიაში საუბარია:
პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო ჩარჩოს და ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მარეგულირებელი წესის შემდეგ ბანკებს იპოთეკური პორტფელის უზრუნველყოფით ობლიგაციების გამოშვება შეეძლებათ.

იპოთეკით დაცული ობლიგაციები ძირითადად ბანკებისთვის არის გამიზნული, თუმცა ობლიგაციების გამოშვება ნებისმიერ ფინანსურ ინსტიტუტს შეეძლება, რომელიც იპოთეკურ სესხს გასცემს. რაც შეეხება ინვესტორებს, როგორც ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი ნიკოლოზ გაგუა bm.ge-სთან განმარტავს, ეს ინსტრუმენტი საინტერესო იქნება არასაფინანსო კორპორატიული სექტორისთვის და მიმზიდველი იქნება საცალო ინვესტორებისთვისაც. ამასთან დაინტერესების შემთხვევაში იპოთეკით დაცული ობლიგაციების ინვესტორებს შორის შეიძლება იყოს ასევე საპენსიო ფონდიც.

„ჩვენ ვთვლით, რომ ეს ინსტრუმენტი პოპულარული იქნება არასაფინანსო კორპორატიულ სექტორში. ვთვლით, რომ ძალიან მიმზიდველი იქნება ასევე საცალო ინვესტორთათვის და მნიშვნელოვანი სტიმული იქნება ბაზრისთვის, თუნდაც იმიტომ, რომ იპოთეკით დაცული ობლიგაციების მოცულობა დაახლოებით ₾2-3 მილიარდის ფარგლებშია ნავარაუდევი შემდეგი 2-3 წლის განმავლობაში, რაც ბევრჯერ აღემატება დღევანდელი ობლიგაციების ბაზარს. აღნიშნული ინსტრუმენტი ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება იმისათვის, რომ ახალი დაფინანსების ინსტრუმენტი გახდეს იპოთეკებისათვის, დადებით გავლენას შეიტანს ასევე იპოთეკური სესხების პირობების გაუმჯობესებაში“,-აცხადებს ნიკოლოზ გაგუა.

სპეციალისტების ვარაუდით, ბანკების მიერ იპოთეკის პორტფელით უზრუნველყოფილი ობლიგაციების ინვესტორი პირველ ეტაპზე ეროვნული ბანკი იქნება, თუმცა ეს ინსტრუმენტი საინტერესო შეიძლება იყოს როგორ ინსტიტუციური, ისე საცალო ინვესტორებისთვის. ამასთან როგორც "ალფა კაპიტალ ედვაიზორის" მმართველი პარტნიორი ირაკლი ელაშვილი განმარტავს, იპოთეკით დაცული ობლიგაციები სერიოზული ბუსტერი იქნება ადგილობრივი კაპიტალის ბაზრისთვის.

„ეს ობლიგაციები შესაძლოა იყოს საინვესტიციო რეიტინგის მატარებელი ფასიანი ქაღალდი, რაც პირველი ასეთი ფასიანი ქაღალდი იქნება ბაზარზე და ქვეყანაზე მაღალი რეიტინგის მქონე შეიძლება იყოს იმის გამო, რომ ის არის უზრუნველყოფილი. ამას კონკრეტული ემისიების მიხედვით ვნახავთ.

ძალიან მნიშვნელოვანია შედარებით მცირე ბანკების აქტივობა ამ ახალი პროდუქტის ნაწილში. ვიცით, რომ თიბისი ბანკსა და საქართველოს ბანკს გააჩნია იპოთეკის ყველაზე მსხვილი პორტფელი საქართველოში, თუმცა ანალოგიური პორტფელები შედარებით მცირე ზომით გააჩნიათ თითქმის ყველა სხვა ბანკს და მნიშვნელოვანი იქნება ამ ბანკების აქტივობაც, იპოთეკით უზრუნველყოფილი ობლიგაციების ბაზარზე“,- განმარტავს ირაკლი ელაშვილი.

საქართველოში მოქმედ ბანკებს სულ 9,9 მილიარდი ლარის მოცულობის იპოთეკური კრედიტები აქვთ გაცემული. ახალი საკანონმდებლო ჩარჩოს პირობებში მათ ამ სასესხო პორტფელიდან ახალი ფინანსური ინსტრუმენტის - "იპოთეკით უზრუნველყოფილი ობლიგაციების" შექმნა შეუძლიათ. ეს ნიშნავს, რომ ბანკები მათში არსებული იპოთეკური კრედიტიდან შეძლებენ თავად ამ სესხების ნაწილი ჩადონ უზრუნველყოფაში და მის სანაცვლოდ გამოუშვან ახალი ობლიგაციები. შედეგად, ქართულ ბანკებს საკუთარი საქმიანობისთვის დამატებითი ფინანსური რესურსის მოზიდვის შესაძლებლობა უჩნდებათ.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები