მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ კორონავირუსის წინააღმდეგ ახალი გადაწყვეტილებები მიიღო

5e73a9ba0963b
თამთა ჯიჯავაძე
19.03.20 21:36
2601
უსაფრთხოების საბჭოს ფარგლებში შეხვედრის ძირითადი მიზანი გახლდათ გადაწყვეტილება, რომელიც უკვე მიღებულია, რომ ყველა სავაჭრო ობიექტი ქვეყნის მასშტაბით, გარდა სასურსათო მაღაზიებისა, სააფთიაქო ქსელისა, ბენზინგასამართი ქსელისა, საფოსტო გზავნილების ქსელისა და საბანკო განყოფილებებისა, უნდა იყოს დახურული იმისათვის, რომ ქვეყანაში სოციალური დისტანციის დაცვის და მობილურობის ხარისხი შევზღუდოთ, - ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის გადადგმული აუცილებელი ნაბიჯი, რომელიც იქნება დროში შეზღუდული, მაგრამ აუცილებელი იმისათვის რომ ვირუსის შიდა გადაცემა შევაფერხოთ.

„კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ღონისძიებების პირველი ეტაპი უკვე დასრულდა. ჩვენ გადავდივართ ახალ ეტაპზე - უკვე შიდა გავრცელების ეტაპზე, რაც დამატებით ღონისძიებების გამკაცრებას მოითხოვს მთავრობის მხრიდან.

ჩვენ თავის დროზე შევწყვიტეთ საგანმანათლებლო დაწესებულებების მუშაობა, შევწყვიტეთ სხვადასხვა კომერციული ობიექტების მუშაობა, დავხურეთ საზღვრები ისეთ ქვეყნებთან, რომლებიც იყვნენ ძირითადი რისკის შემცველები ვირუსის გარედან იმპორტის თვალსაზრისით. მაგრამ დღეს იქიდან გამომდინარე ჩვენ კონსულტაციების შედეგად, სულ უფრო და უფრო ვრწმუნდებით, რომ იწყება ქვეყანაში შიდა გავრცელების ეტაპი, იძულებული ვართ გადავდგათ გამკაცრების შემდები ნაბიჯები“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საჭიროება ჯერ ქვეყანაში არ არის.