ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია X-ზე ვენეციის კომისიის იმ დასკვნას გამოეხმაურა, რომელიც „გრანტების შესახებ“ კანონში შეტანილ ბოლო ცვლილებებს ეხება. გახარიას თქმით, ეს ცვლილებები სამოქალაქო საზოგადოების, კრიტიკული მედიისა და პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ არის მიმართული.
„ჯერ კიდევ 2023 წელს, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ პირველად სცადა რუსული სტილის კანონის შემოღება, მათი პროპაგანდის გასაბათილებლად ალტერნატივა შევთავაზეთ: თუ მათი რეალური მიზანი ჭეშმარიტი ფინანსური გამჭვირვალობა იყო სტიგმატიზაციის გარეშე, გამოვედით ინიციატივით, ცვლილებები მხოლოდ დამატებით ფინანსურ ანგარიშგებას შეხებოდა. გასაკვირი არ არის, რომ გამჭვირვალობა მათ მიზანს არასდროს წარმოადგენდა. ეს იყო წმინდა წყლის პროპაგანდა. სანაცვლოდ, ძალაუფლების შენარჩუნებაზე ორიენტირებულმა კორუმპირებულმა რეჟიმმა საბოლოოდ მაინც მიიღო „უცხოეთის აგენტების“ კანონი“, - წერს გახარია.
ყოფილი პრემიერის განცხადებით, მას შემდეგ გადადგმულმა თითოეულმა საკანონმდებლო ნაბიჯმა მათი გაფრთხილებების სიმართლე დაადასტურა.
მისივე შეფასებით, ვენეციის კომისიის დასკვნა ადასტურებს, რომ "მოქმედი რეჟიმი" განზრახ აზიანებს საქართველოს დემოკრატიული, ევროპული მომავლის პერსპექტივას.
ვენეციის კომისიის შეფასებით, საქართველოში 2026 წლის 4 მარტს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი არაპროპორციულად ზღუდავს ფუნდამენტურ უფლებებს და საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ პლურალიზმსა და პოლიტიკური ოპოზიციის არსებობას, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ, რომელიც წლებია კომისიას „არასერიოზულსა“ და გავლენების ქვეშ მყოფად მოიაზრებს დასკვნის მომზადებაში ჩართულობაზე უარი თქვა, რაც კომისიის მხრიდან „დასანანად“ შეფასდა.






















