ევროპის საბჭოს საკონსტიტუციო-სამართლებრივმა მრჩეველმა ორგანომ ვენეციის კომისიამ 2026 წლის მარტში მიღებულ გრანტების კანონზე კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ "ქართული ოცნების" მიერ მიღებული კანონი პლურალიზმისა და დემოკრატიის საერთაშორისო სტანდარტებს ეწინააღმდეგება.
კერძოდ, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2026 წლის 4 მარტის საკანონმდებლო ცვლილებები მნიშვნელოვნად აფართოებს სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური მონაწილეობისა და უცხოური დაფინანსების შემზღუდავ სამართლებრივ ჩარჩოს. ამასთან, ცვლილებები კიდევ უფრო ამყარებს სამთავრობო კონტროლს და აძლიერებს საკანონმდებლო ჩარჩოს სისხლისსამართლებრივი სანქციების შემოღებით. სამთავრობო კონტროლის, გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და პატიმრობის საფრთხის წინაშე მდგარმა ფიზიკურმა თუ იურიდიულმა პირებმა შესაძლოა, თავი შეიკავონ კონვენციით დაცული კანონიერი საქმიანობისგან. შედეგად, გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობა, ისევე როგორც პოლიტიკაში მონაწილეობის უფლება სავარაუდოდ, შეიზღუდება არა მხოლოდ პირდაპირი აკრძალვების, არამედ ისეთი სამართლებრივი გარემოს შექმნით, სადაც სამოქალაქო აქტივობასთან დაკავშირებული რისკები მნიშვნელოვნად იზრდება.
ვენეციის კომისია "გრანტების კანონით" დაწესებული სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გადახედვას ითხოვს.
"ვენეციის კომისიას მტკიცედ მიაჩნია, რომ განსახილველი კანონმდებლობა არ ემსახურება საქართველოს სუვერენიტეტისა და პოლიტიკური პარტიების უცხოური გავლენისა და საგარეო ჩარევისგან დაცვის მიზანს. პირიქით, იგი არაპროპორციულ შეზღუდვებს უწესებს საქართველოს მოქალაქეების ძირითად უფლებებსა და პოლიტიკურ თავისუფლებას განსაკუთრებით გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებას. ხელს უშლის პოლიტიკური ოპოზიციის ჩამოყალიბებასა და არსებობას. ეს კანონმდებლობა ეწინააღმდეგება პლურალიზმისა და დემოკრატიის საერთაშორისო სტანდარტებს. საქართველოს სუვერენიტეტის, კონსტიტუციური წყობისა და პოლიტიკური პარტიების უცხოური გავლენისა და საგარეო ჩარევისგან დაცვის სანაცვლოდ, მოცემული კანონმდებლობა მათთვის ძირის გამოთხრის საფრთხეს ქმნის", - აღნიშნულია დასკვნაში.
2026 წლის 4 მარტს პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო პაკეტი, რომლითაც ცვლილებები შედიოდა „გრანტების შესახებ“ კანონში; „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონსა და სისხლის სამართლის კოდექსში.
























