17.სექტემბერი .2021 16:05

მთავრობამ პოსტ-პანდემიურ რეალობაში საზღვაო პოტენციალის შესასწავლად ₾400,000-იანი კვლევა დაუკვეთა

მთავრობამ პოსტ-პანდემიურ რეალობაში საზღვაო პოტენციალის შესასწავლად ₾400,000-იანი კვლევა დაუკვეთა
views 467
უკან

მთავრობა საქართველოს საზღვაო პოტენციალის შესასწავლად 400,000-ლარის დახარჯვას და ახალი კვლევის მომზადებას გეგმავს. ეკონომიკის სამინისტროს მიერ შესასყიდმა კვლევამ რამდენიმე ძირითად კითხვაზე უნდა გასცეს პასუხი.

კვლევის აღწერილობაში არაა დაკონკრეტებული თუ რომელ პორტებზე ფოკუსირებით იგეგმება ახალი კვლევის მომზადება, შესაბამისად მასში არც ფოთის, ბათუმის და არც ანაკლიის პორტის პროექტზე არაა საუბარი.

ახალმა კვლევამ შემდეგ კითხვებს უნდა გასცეს პასუხი:

“1) საქართველოს სანავსადგურე სექტორის გამოწვევების მასშტაბისა და ხასიათის განსაზღვრა.
2) საქართველოს, როგორც რეგიონული ლოგისტიკური ჰაბის (ნავსადგურებზე ფოკუსით) პოტენციალის შეფასება.
3) ტვირთბრუნვის პროგნოზის განახლება.
4) საქართველოს სანავსადგურე სექტორის ოპტიმიზაციისთვის განხორციელების გზები.

სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინდუსტრიის განვითარება საქართველოს მთავრობისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სანავსადგურე სექტორი წარმოადგენს ქვეყნის ლოგისტიკური ჯაჭვის ერთ-ერთ მთავარ ნაწილს, რომელზეც დამოკიდებულია არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონის სავაჭრო კავშირების დიდი ნაწილი. შესაბამისად, აუცილებელია ქვეყანას გააჩნდეს სიღრმისეული კვლევა ზემოაღნიშნული სექტორის გრძელვადიანი განვითარების დაგეგმვის და განხორციელებისთვის", - ნათქვამია სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, 2021 წლის 7 თვეში ქართულ პორტებში სულ 9.7 მილიონი ტონა ტვირთის მომსახურება/გადამუშავება მოხდა, რაც წინა წელთან შედარებით 0.4 მილიონი ტონით ნაკლებია. ამასთან, მიმდინარე წელს ქართულ პორტებში სულ 237,286 კონტეინერის მომსახურება მოხდა, რაც წლიურად 21%-ით არის შემცირებული.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის იანვარში საქართველოს მთავრობამ “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” ხელშეკრულება გაწყვიტა, რასაც როგორც კონსორციუმის, ასევე, მისი ერთ-ერთი ინვესტორის, ბობ მეიერის მხრიდან საარბიტრაჟო სასამართლოსთვის მიმართვა მოჰყვა. ანაკლიის განვითარების კონსორციუმი დავობს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულმა დესტრუქციულმა ნაბიჯებმა ამ ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება შეაჩერა, რამაც ინვესტორებს მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი მოუტანა. 2020 წლის დეკემბერში ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ პროექტის შესახებ ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტი ხელახლა უნდა მომზადდეს, სწორედ ამ დოკუმენტის მომზადების შემდეგაა ნავარაუდევი ახალი საერთაშორისო ტენდერის გამოცხადება.

ანაკლიის პორტის გარდა, მთავრობა აგრძელებს მოლაპარაკებებს ფოთის პორტის ოპერატორ APM Terminals-თან. უწყების ინფორმაციით, APM ფოთის პორტის გაფართოებას და ახალი ტერმინალის მშენებლობას, დაახლოებით, $170 მილიონიანი ინვესტიციით განიხილავდა. 

საქართველოს მთავრობამ 2020 წლის ივნისში ახალი ტერმინალის მშენებლობასთან დაკავშირებით ხელშეკრულების პირობების მოსამზადებლად საერთაშორისო იურიდიული კომპანია Hogan Lovells-ი დაიქირავა. იურიდიულ ფირმას სამუშაო ჯერ 2020 წლის 31 დეკემბრამდე უნდა დაესრულებინა, თუმცა ვადა 2021 წლის 30 ივნისამდე გაუგრძელდა. სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 1.2-მილიონიანი კონტრაქტი ახლა კიდევ რამდენიმე თვით, 30 სექტემბრამდე გახანგრძლივდა. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა