მსოფლიო ბანკმა შუა დერეფნის ლოგისტიკური შესაძლებლობების შესახებ გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც აფასებს თუ რა მოთხოვნა იქნება ამ სატრანსპორტო მარშრუტზე 2030 წლისთვის. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, შუა დერეფნის განვითარებას საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვანი სტიმულირება შეუძლია.
მსოფლიო ბანკის კვლევაში აღნიშნულია, რომ ახალ ბაზრებთან გაუმჯობესებულ წვდომასა და ქვეყნის საექსპორტო კალათაში ახალი პროდუქტების დამატებას კი ექსპორტირებული საქონლის ერთ ტონაზე ღირებულების 107 აშშ დოლარით გაზრდა შეუძლია. თუმცა, ამასთანავე დოკუმენტში ხაზგასმულია სხვადასხვა გამოწვევები, რომლებიც საქართველოს აქვს, მათ შორისაა საკონტეინერო გადაზიდვების მაღალი ტარიფი, ასევე უკეთესი კოორდინაციის აუცილებლობა მთელი დერეფნის გასწვრივ უფრო ხელსაყრელი ფასების უზრუნველსაყოფად.
"რამდენიმე დაგეგმილი საინვესტიციო პროექტი გააძლიერებს ვაჭრობასა და სატრანსპორტო გამტარუნარიანობას. 2022 წელს მთავრობამ განაცხადა საჯარო-კერძო სექტორის ახალი პარტნიორობის ფორმირების შესახებ ანაკლიის ღრმაწყლიანი პორტის განვითარებასთან დაკავშირებით შავ ზღვაზე, რომელსაც შეეძლება დიდი კონტეინერების გადამზიდი გემების მიღება. საქართველო ასევე ზრდის ფოთის არსებული პორტის სიმძლავრეს. თუმცა, ეს ინვესტიციები უნდა შეფასდეს არსებული ინფრასტრუქტურის ოპერაციული ეფექტიანობის გაუმჯობესების მიზნით.
მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინვესტიციების მეშვეობით ასევე გაიზარდა ბაქო-თბილისის რკინიგზის სიმძლავრე და განხორციელდა მისი მოდერნიზაცია.
შუა დერეფნის პოტენციალის რეალიზება საჭიროებს ინვესტიციების მაღალ დონეს ლოგისტიკასა და ტრანსპორტის ინფრასტრუქტურაში. მსოფლიო ბანკის ანგარიში განსაზღვრავს ღონისძიებებს, რომლებიც საქართველოს შეუძლია განახორციელოს შუა დერეფნის ტრანსპორტის და ლოგისტიკის ეფექტიანობის ასამაღლებლად, მათ შორის:
○ ტრანსპორტის ფასების გამჭვირვალობისა და პროგნოზირებადობის უზრუნველყოფა, დაინტერესებულ მხარეებს შორის ნდობის გაძლიერება;
○ ტვირთების გადაადგილების მიკვლევადობის უზრუნველყოფა რეალური დროის საინფორმაციო სისტემების საშუალებით.
○ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეუფერხებელი გადასვლის ხელშეწყობა, პროცესების გამარტივება როგორც რკინიგზის, ისე კასპიის ზღვის მარშრუტისთვის.
○ ტვირთის კონსოლიდაციის წახალისება და სარკინიგზო ტრანსპორტზე გადასვლა აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანსპორტო ბალანსის გასაუმჯობესებლად, ლოგისტიკური ჰაბების შექმნის სტიმულირებით.
○ პორტი - რკინიგზა/საგზაო ოპერაციების გაზრდა და ნავიგაციის არხების ოპტიმიზაცია საერთო ეფექტიანობის ასამაღლებლად.
○ კონკურენტუნარიანობის გასაუმჯობესებლად კონტეინერის საპორტო ტარიფების შემცირება, რომელიც ამჟამად ყველაზე მაღალია შავ ზღვაზე.
○ მოძრავი შემადგენლობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა განსაკუთრებით საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის კვეთის პუნქტში და საგზაო და საპორტო საერთაშორისო გადაზიდვების გაუმჯობესება სატრანსპორტო ქსელის განვითარების მიზნით,"- ნათქვამია მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.