აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის პირველი ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, შუა სატრანსპორტო დერეფანში ბიზნესი რამდენიმე გამოწვევას აწყდება.
როგორც დავით ცირდავამ „საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა რკინიგზის მაღალი ტარიფებია. მისი თქმით, აუცილებელია, რომ დერეფნის მონაწილე ქვეყნებმა - საქართველომ, აზერბაიჯანმა და ყაზახეთმა ერთიანი ტარიფები შეიმუშაონ.
ტარიფების გარდა, დავით ცირდავა გამოწვევად ასახელებს ინფრასტრუქტურასაც და აცხადებს, რომ ამ მიმართულებით გაუმჯობესებას საჭიროებს როგორც რკინიგზის, ასევე საპორტო ინფრასტრუქტურა. მისი თქმით, აუცილებელია, რომ ფოთის პორტის გაფართოების პროექტი დროულად განხორციელდეს.
„რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, გეოპოლიტიკური ვითარების რადიკალურად ცვლილებამ გააჩინა შესაძლებლობა, რომ აზია ევროპას უმოკლესი გზით, შუა დერეფნის საშუალებით დაკავშირებოდა. თუმცა აქ გამოწვევებმაც იჩინა თავი. რკინიგზაზე რომ ვისაუბროთ, აქ არ არსებობს ერთიანი ტარიფები. შუა დერეფნის მონაწილეები საქართველოსთან ერთად აზერბაიჯანი და ყაზახეთიც არიან და აუცილებელია, რომ ამ მიმართულებით ერთიანი ტარიფი დადგინდეს.
თუმცა ამით გამოწვევები არ ამოიწურება. პრობლემაა ასევე რკინიგზის ვაგონები, რომელიც მოდერნიზებას საჭიროებს. ამ მიმართულებით არის რკინიგზაში გამოწვევები მარცვლეულის და ნავთობის გადაზიდვასთან დაკავშირებით. თუმცა პრობლემები საპორტო მიმართულებითაცაა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ანაკლიის პორტის პროექტი განხორციელდეს. თუმცა იქამდე უნდა ვისაუბროთ ფოთის პორტის პოტენციალზეც. ფაქტია, ამ მიმართულებით შეფერხებებია. არის შესაძლებლობა, რომ ფოთის პორტი 3-4 მეტრით დაღრმავდეს და უფრო დიდი მოცულობის გემები მიიღოს. ჩვენ ტვირთბრუნვა დღეს გვჭირდება, ამიტომ აუცილებელია, რომ ეს ყველაფერი გამოვიყენოთ და პოტენციალად არ დარჩეს“, - განაცხადა დავით ცირდავამ.