მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვის შეხვდა პრემიერი დავოსში და რაზე ისაუბრა

ირაკლი ღარიბაშვილი - დავოსი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე საქართველოს დელეგაცია იმყოფებოდა. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, პრემიერ-მინისტრმა შემდეგ პანელურ დისკუსიებსა და ორმხრივ შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა:

ანაკლია, ახალი აეროპორტი, სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთთან - პრემიერი შუა დერეფანთან დაკავშირებულ პანელზე

ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე შუა დერეფანის განვითარების შესახებ გამართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. პანელზე "ევრაზიის ახალი განთიადი?" ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად EBRD-ის პრეზიდენტი ოდილ რენო-ბასო, სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი, ყაზახეთის ეკონომიკის მინისტრი ალიბეკ კუანტიროვი და თურქული ჰოლდინგის Sabancı-ის CEO ჩენკ ალპერი მონაწილეობდნენ.

ფორუმზე საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში დაკავშირებადობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით მიმდინარე პროექტების და მასში სახელმწიფო ინვესტიციების შესახებ ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე ისაუბრა ჩინეთთან ურთიერთობების დაახლოების და მისი სტრატეგიული ურთიერთობების რანგში აყვანის შესახებაც.

“ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ დეკემბერში მიღებული გადაწყვეტილების - საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შემდეგ, ჩვენ მოველით რომ საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა გაიზრდება.

ჩვენ მოწოდებული ვართ შუა დერეფანის განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანისკენ. ორი წლის წინ ჩვენ ყაზახეთის და აზერბაიჯანის მთავრობასთან ერთად მოვხაზეთ საკმაოდ მნიშვნელოვანი საგზაო რუკა და გვაქვს მკაფიო გეგმა, თუ როგორ უნდა განვავითაროთ ეს გზა. ეს მოიცავს პორტების გაფართოებას, რკინიგზის მოდერნიზაციას და აეროპორტების განვითარებას.

მოგახსენებთ უკანასკნელი მაჩვენებლების შესახებ. 2024 წელს გვსურს, რომ დავიწყოთ ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ანაკლიაში. ასევე რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი მიმდინარეობს, რომელიც წელს დასრულდება. ამის შემდეგ საქართველოს რკინიგზის ტექნიკური გამტარიანობა გაორმაგდება და წელიწადში 48 მილიონი ტონა გახდება. ჩვენ ამასთანავე გვსურს ახალი აეროპორტის მშენებლობის დაწყება, რადგანაც გვსურს, რომ საქართველოს, როგორც საავიაციო ჰაბის პოზიციონირება მოვახდინოთ.

მსურს, ასევე ვახსენო ჩინეთის ინტერესიც შუა დერეფანის განვითარებისთვის. მქონდა საკმაოდ წარმატებული ვიზიტი ჩინეთში, შევხვდი პრეზიდენტ სი ძინ პინს და გადავწყვიტეთ, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობა სტრატეგიულ დონემდე ავიყვანოთ და ვფიქრობთ, ეს ჩართულობა შუა დერეფანის გააქტიურებას ხელს შეუწყობს”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

    შეხვედრა Mærsk-ის ხელმძღვანელ რობერტ მაერსკ უგლასთან

    შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხი Maersk-ის შვილობილის, APM Terminals-ის საქმიანობა იყო, რომელიც საქართველოში ფოთის პორტის ოპერატორია.

    ყურადღება გამახვილდა შუა დერეფნის, როგორც ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ალტერნატიული მარშრუტის, მნიშვნელობაზე. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველო დაინტერესებულია „შუა დერეფნის" სრულმასშტაბიანი ფუნქციონირებით და მხარს უჭერს საერთაშორისო ფორმატში აღნიშნული სატრანსპორტო მარშრუტის პოპულარიზაციას.

    პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ფოთის საზღვაო ნავსადგურში ტვირთბრუნვის გაზრდილ მაჩვენებელს და აღნიშნა, რომ 2023 წელს ფოთის საზღვაო ნავსადგურში ჯამურად გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობა, 2022 წელთან შედარებით, 65.7%-ით არის გაზრდილი.

    დანიური კომპანია Maersk-ის ბიზნესსაქმიანობა მოიცავს: გადაზიდვას, პორტის ექსპლუატაციას, მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტსა და საწყობს. კომპანია დაფუძნებულია კოპენჰაგენში. ის ფლობს შვილობილ კომპანიებსა და ოფისებს 130 ქვეყანაში. მათ შორის ის საქართველოში შვილობილი კომპანიის - APM Terminals-ის მეშვეობით ოპერირებს.

    შეხვედრა EBRD-ის პრეზიდენტ ოდილ რენო-ბასოსთან

    ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის(EBRD) პრეზიდენტ ოდილ რენო ბასოს შეხვდა.

    შეხვედრაზე, რომელიც დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა, საქართველოსა და EBRD-ს შორის წარმატებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და ის პროექტები მიმოიხილეს, რომლებიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

    მთავრობის მეთაურმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სტრატეგიული მიმართულებების დაფინანსების კუთხით EBRD-ის მხარდაჭერა მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელების საშუალებას იძლევა.

    მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს საქართველოში დივერსიფიცირებული პორტფელი აქვს, რომელიც შეადგენს დაახლოებით 5 მილიარდ ევროს 289 პროექტში. ირაკლი ღარიბაშვილმა ოდილ რენო ბასოს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

      პრემიერმა მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში "ტყვიის შემცველობისგან თავისუფალი ატმოსფერული ჰაერისკენ"

      ირაკლი ღარიბაშვილმა, USAID-ის ადმინისტრატორის სამანტა პაუერის მიწვევით, მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში, სახელწოდებით - "ტყვიის შემცველობისგან თავისუფალი ატმოსფერული ჰაერისკენ".

      პანელური დისკუსია დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში USAID-ის ორგანიზებით გაიმართა.

      საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად დისკუსიაში მონაწილეობდნენ USAID-ის ადმინისტრატორი სამანტა პაუერი, McKinsey Global Health Institute-ის დირექტორი ლუსი პერეზი და ტანზანიის სახელმწიფო მინისტრი ეკონომიკისა და ინვესტიციების საკითხებში მუდრიკ სორაღა.

      დისკუსიაზე USAID-ის ადმინისტრატორმა სამანტა პაუერმა სისხლში ტყვიის შემცველობის დონის შემცირების კუთხით საქართველოს წარმატებულ მაგალითზე ისაუბრა და ამ მიმართულებით გაწეული ძალისხმევისთვის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მადლობა გადაუხადა.

      შეხვედრა კომპანია TAQA-ს ხელმძღვანელს-იასიმ ჰუსეინ აჰმედ ტაბეტთან

      შეხვედრაზე განსახილველ საკითხებს შორის იყო ქვეყნის ენერგეტიკული პოტენციალი და საქართველოში კომპანიის ინვესტიციების გაფართოების შესაძლებლობა.

      იასიმ ჰუსეინ აჰმედ ტაბეტმა ირაკლი ღარიბაშვილს კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტები გააცნო. თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრმა ქვეყანაში არსებული ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, განახლებადი ენერგეტიკის განვითარება საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

      კომპანია TAQA არაბთა გაერთიანებული საამიროების დივერსიფიცირებული ენერგეტიკული კომპანიაა, რომელიც 2005 წელს დაარსდა. კომპანია TAQA არაბთა გაერთიანებული საამიროების მსხვილი ენერგეტიკული კომპანიის „მასდარის“ 43% -იან წილს ფლობს, რომელიც საქართველოში 100 მგვტ სიმძლავრის მზის ელექტროსადგურს ავითარებს.

        ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია Alshaya Group-ის აღმასრულებელ თავმჯდომარეს მოჰამედ ალშაიას შეხვდა

        მოჰამედ ალშაიამ პრემიერ-მინისტრს კომპანიის პრიორიტეტები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო. თავის მხრივ, მთავრობის მეთაურმა მას საქართველოში არსებული ხელსაყრელი ბიზნესგარემოსა და სტაბილური ეკონომიკური ვითარების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვეს და ამ მიმართულებით კონკრეტული სფეროები განიხილეს.

        Alshaya Group-ი ქუვეითის სახელმწიფოს უმსხვილესი კომპანიაა, რომელიც ფრენჩაიზის ოპერატორია 70-ზე მეტი საცალო ბრენდისთვის, მათ შორისაა Starbucks-ი, Mothercare-ი, H&M-ი, Debenhams-ი, American Eagle Outfitters-ი, Payless-ი და სხვ. კომპანიის პორტფოლიო მოიცავს არაერთ სექტორს: ჯანმრთელობის, სილამაზის, ავეჯის, მოდის, კვების, დასვენებისა და გართობის სექტორებს. ის მსოფლიოს მასშტაბით ათასობით მაღაზიას, კაფეს, რესტორანს, ონლაინ- და ციფრულ ბიზნესს ფლობს. Alshaya Group-ს, საცალო ოპერაციების გარდა, ათვისებული აქვს უძრავი ქონების, სამშენებლო, სასტუმროების, ავტომობილების სფეროები. კომპანიაში 46 000 ადამიანზე მეტია დასაქმებული.

        Koc Holding-ის დამფუძნებელთან ლევენთ ჩაკიროღლუსთან შეხვედრა

        მთავრობის მეთაურმა პირველი შეხვედრა კომპანია Koç Holding-ის აღმასრულებელ თავმჯდომარესთან - ლევენთ ჩაკიროღლუსთან გამართა. განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოში კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, ასევე - ახალ პროექტებსა და სფეროებში თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები. Koç Holding-ი არის უმსხვილესი თურქული კომპანია, მასში დასაქმებულია 105,000 ადამიანი და მისი შემოსავალი 34,97 მილიარდ დოლარს შეადგენს.

        “განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოში კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, ასევე - ახალ პროექტებსა და სფეროებში თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები. მხარეებმა ასევე იმსჯელეს ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე. პრემიერ-მინისტრმა ამ მიმართულებით ქვეყნის დიდ პოტენციალს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ მთავრობის პოლიტიკის შედეგად ბოლო წლებში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი პირდაპირი შემოსავალი ტურიზმიდან,”- წერს მთავრობის ადმინისტრაცია.

        შეხვედრა ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტთან ისააკ ჰერცოგთან

        “მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის დინამიკა განიხილეს. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის პარტნიორობა და მეგობრობა ყოველთვის მაღალ ნიშნულზეა.

        განსახილველ საკითხებს შორის იყო ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა გმობს ისრაელის სახელმწიფოსა და მოქალაქეებზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმებს. ირაკლი ღარიბაშვილმა და ისააკ ჰერცოგმა ერთმანეთს გაუზიარეს მოსაზრებები უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებული გამოწვევების თაობაზე,”- წერს საქართველოს მთავრობა.

        დიალოგი დიპლომატიაზე დასავლეთ ბალკანეთში

        ირაკლი ღარიბაშვილმა მონაწილეობა მიიღო დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ დიალოგში, სახელწოდებით - "დიალოგი დიპლომატიაზე დასავლეთ ბალკანეთში".

        დიალოგის მონაწილეებმა ევროკავშირში დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების დაჩქარებული ინტეგრაციის პროცესზე იმსჯელეს. ლიდერებმა ხაზი გაუსვეს ევროკავშირის გაფართოებისა და ამ პროცესში გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას და აღნიშნეს, რომ ახალი ქვეყნების გაწევრიანება ევროკავშირს კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს.

        საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად დიალოგში მონაწილეობდნენ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პრეზიდენტი ბრენდე ბორგე, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდერ ვუჩიჩი, ჩრდილო მაკედონიის პრეზიდენტი სტევო პენდაროვსკი, კოსოვოს პრემიერ-მინისტრი ალბინ კურტი, ხორვატიის პრემიერ-მინისტრი ანდრეი პლენკოვიჩი, მოლდოვის პრემიერ-მინისტრი დორინ რეჩანი, მონტენეგროს პრემიერ-მინისტრი მილოჟკო სპაჟიკი, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება, ავსტრიის რესპუბლიკის ევროპული და საერთაშორისო საქმეთა ფედერალური მინისტრი ალექსანდრ შალენბერგი, შვეიცარიის კონფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი იგნასიო კასისი, სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრი ტანია ფაჯონი, ბოსნია და ჰერცოგოვინის ფედერაციის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ბორიანა კრიშტო და ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ესპენ ბარტ ეიდე.

        გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

        მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები