მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ ვაზიანში ახალი აეროპორტის ასაშენებლად ტექნიკური კვლევები დაიწყო

64957edadcffe
შოთა ტყეშელაშვილი
23.06.23 16:02
1284
თბილისს ახალი საერთაშორისო აეროპორტი ექნება - ამას ითვალისწინებს მთავრობის მიერ გაცხადებული გეგმა, რომლის მიხედვითაც, ახალი საერთაშორისო აეროპორტი სავარაუდოდ, ვაზიანის აეროდრომის ბაზაზე აშენდება. ამჟამად ვაზიანის აეროპორტი თავდაცვის სამინისტროს საკუთრებაშია და მას სამხედრო დანიშნულება აქვს. ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ახალი აეროპორტის ასაშენებლად საჭირო ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევებს ავსტრიული კომპანია Airport Competence GmbH-ი ჩაატარებს.

“ვიწყებთ ვაზიანის ტერიტორიის, როგორც დედაქალაქის აეროპორტის განვითარებისთვის შესაძლო ალტერნატიული ლოკაციის შესწავლას - ტექნიკური კვლევები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება, თუ სად და რა ფორმით მოხდება ქვეყნის მთავარი აეროპორტის პროექტის განხორციელება - აშენდება ახალი აეროპორტი ვაზიანში, თუ გაფართოვდება არსებული აეროპორტი. ჩვენი მიზანია, რომ ქვეყანას ჰქონდეს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო აეროპორტი, რომელიც იქნება ასევე ტრანზიტურ-ლოგისტიკური ცენტრი მაღალი დონის სამგზავრო თუ სატვირთო ტერმინალებით და უპასუხებს იმ საავიაციო ტენდენციებს და მგზავრთა მოთხოვნებს, რაც იქნება მომდევნო ათწლეულების განმავლობაში“ - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ახალი აეროპორტის პროექტთან დაკავშირებით, დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ ეკონომიკის სამინისტროს მიმართა კითხვით, მოხდა თუ არა თავდაცვის სამინისტროს პოზიციების გათვალისწინება ახალი აეროპორტის მშენებლობასთან დაკავშირებით. ეკონომიკის სამინისტროს პასუხიდან ირკვევა, რომ 5 ივნისს შეიქმნა უწყებათაშორისი კომისია, რომელიც აეროპორტის საკითხებზე იმუშავებდა.

“საკითხის შესწავლის მიზნით საქართველოს მთავრობის 2023 წლის 5 ივნისის N1054 განკარგულებით შექმნილია მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისია, რომლის შემადგენლობაში ჩართულია ყველა რელევანტური უწყების, მათ შორის საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლები. აღნიშნული კომისიის ფორმატში გაიმართება ყველა სახის აუცილებელი კონსულტაცია. ამასთან, გაცნობებთ, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ვერ იქნა მოძიებული წარსულში აღნიშნული ინიციატივის განხილვის შესახებ ოფიციალური დამადასტურებელი დოკუმენტაცია,”- ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს პასუხში.

თბილისის აეროპორტსა და ვაზიანის სამხედრო აეროდრომის ასაფრენ ბილიკებს შორის პირდაპირი დაშორება 8 კილომეტრს შეადგენს. თუმცა, საავტომობილო გზა ამაზე ორჯერ მეტად დაგრძელდება. კახეთის გზატკეცილზე თბილისის აეროპორტის გადასახვევიდან ვაზიანის გადასახვევამდე მანძილი 8 კილომეტრს შეადგენს, ხოლო ვაზიანის გადასახვევიდან, სამხედრო აეროდრომამდე მანძილი 8.5 კილომეტრია. შესაბამისად, მთლიანობაში აეროპორტამდე მისვლა 16,5 კილომეტრით დაგრძელდება. ამ მანძილის გავლა ავტომობილით Google-ის შეფასებით, 24 წუთში არის შესაძლებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები