მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობას EU-სთან მოლაპარაკებები აქვს, რათა საქართველოდან რუსეთში ავტოექსპორტი არ შეჩერდეს

64a2c018c37e2
შოთა ტყეშელაშვილი
03.07.23 16:21
1170
ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობას ევროკავშირთან მოლაპარაკებები აქვს, რათა საქართველოდან რუსეთში მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი არ შეჩერდეს. საუბარია სანქციების მეთერთმეტე პაკეტის მიერ დაწესებულ შეზღუდვებზე, რამაც აქამდე მოქმედი სანქციების რეჟიმი გაამკაცრა. აქამდე რუსეთში EU-დან 50,000 ევროზე ძვირად ღირებული ავტომობილების ექსპორტი იკრძალებოდა, 23 ივნისს მიღებული გადაწყვეტილებით კი, ევროკავშირმა მეორადი ავტომობილების ექსპორტიც შეზღუდა.

უფრო დეტალურად, აკრძალვა ასეთია - აკრძალულია რუსეთში ისეთი მეორადი ან ახალი ავტომობილის შეყვანა, რომლის ძრავის მოცულობაც 1,900 კუბურ სანტიმეტრს (1.9 ლიტრს) აჭარბებს, ასევე აკრძალულია რუსეთში ახალი და მეორადი ელექტრომობილების შეყვანა. ასევე ძრავის ზომის მიუხედავად, აკრძალულია რუსეთში ახალი და მეორადი ჰიბრიდული ავტომობილების მოდელების შეყვანა.

ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, მსუბუქი ავტომობილებით ვაჭრობა საქართველოსთვის შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა, ამიტომაც EU-ს მიმართეს დამაზუსტებელი კითხვებით, რა ჩაითვლება და რა არა სანქციების დარღვევად. BMG-ის კითხვაზე პასუხისას მინისტრმა განაცხადა ისიც, რომ მთავრობა იმედოვნებს, რომ აღნიშნული მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება.

“ეს კითხვა დასვით და ეს კითხვა ჩვენც გვქონდა. ხშირ შემთხვევაში მთელი რიგი რგოლებია ჩართული ამ სფეროში. ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ სავაჭრო ოპერაციები, ხშირ შემთხვევაში ხდება შემოყვანა, აღდგენა და ასე შემდეგ და აქედან გამომდინარე ხდება დამატებული ღირებულების შექმნა ჩვენს ეკონომიკაში. ეს გარემოებები ჩვენს პარტნიორებს ავუხსნეთ, მათ გაიგეს რამდენად აქტუალურია, ამჟამად ვართ მოლაპარაკებების პერიოდში, როდესაც მოხდება დაზუსტება და იმედი მაქვს, რომ პოზიტიურად გადაწყდება ქართველი დილერებისთვის და ამ ინდუსტრიას ექნება საშუალება რომ გააგრძელოს კვლავაც სავაჭრო ოპერაციები.

ჩვენ ამას ჩვენი პარტნიორების ნაცვლად ვერ გეტყვით, თუმცა საუბარია დაზუსტებაზე. ამაზე კომუნიკაცია და მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს,” - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ცნობისთვის, სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, დევიდ ო’სალივანმა 28 ივნისს, ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციების მეთერთმეტე პაკეტზე BMG-ის კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ თუკი საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირიდან ყიდულობენ შესაბამისი კატეგორიის ავტომობილებს, მათი შემდგომში რუსეთში რეექსპორტის მიზნით, მაშინ ეს სანქციებისთვის გვერდის ავლას წარმოადგენს. თუმცა, ამავდროულად ო’სალივანმა იმედი გამოთქვა, რომ შესაბამისი რისკების აღმოფხვრაზე საქართველოს ხელისუფლება მუშაობს.

“თუკი საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირიდან ახდენენ ავტომობილების იმპორტს, რუსეთში მათი შემდგომი რეექსპორტის მიზნით, ეს მართლაც სანქციებისთვის თავის არიდება იქნება. რამდენადაც ვიცით, ეს ამჟამად ასე არ არის, თუმცა ჩვენი ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლება უყურებს ამ საკითხს და ჩვენ თვალყურს მივადევნებთ თუ რა იქნება მომდევნო კვირების და თვეების განმავლობაში,”- განაცხადა დევიდ ო’სალივანმა.

შეგახსენებთმ მსუბუქი ავტომობილები რუსეთის ფედერაციაში საქართველოს რიგით მესამე უმსხვილესი საექსპორტო საქონელია. 2023 წლის 5 თვეში საქართველოდან რუსეთში სულ 2,943 ცალი ავტომობილი გავიდა, რომელთა ღირებულებაც 41 მილიონი დოლარი იყო. ექსპორტი წლიურად 458%-ით არის გაზრდილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები