მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობას მოლოდინი აქვს, რომ საქართველოს მშპ წელს 65.6 მილიარდს მიაღწევს

6298aabf87149
შოთა ტყეშელაშვილი
02.06.22 16:19
861
საქართველოს მთავრობის პროგნოზით, 2022 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 65.6 მილიარდ ლარს მიაღწევს. მთავრობა მიიჩნევს, რომ არსებული კრიზისის მიუხედავად, წელს მაინც მიიღწევა 6%-იანი რეალური ეკონომიკური ზრდა, რის შედეგადაც მშპ-ს ზომა 65.6 მილიარდ ლარი იქნება.

6%-იან ეკონომიკურ ზრდას 2022 წლის ბიუჯეტიც ითვალისწინებს, თუმცა მისი მიხედვით მშპ-ის საპროგნოზო ზომა 64.8 მილიარდ ლარზე იყო დაგეგმილი. ახალი პროგნოზით, მშპ-ს ჯამური ზომა აქამდე პროგნოზირებულზე 0.8 მილიარდი ლარით უფრო მეტია.

“საბაზისო სცენარში 2022 წელს ზრდის პროგნოზი 6.0 პროცენტის დონეზეა შეფასებული, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში ზრდა საშუალოდ 5.2 პროცენტის ფარგლებშია მოსალოდნელი. ამგვარი სცენარის პირობებში ეკონომიკა საშუალოვადიან პერიოდში ახერხებს დაკარგული ეკონომიკური ზრდის დაახლეობით 3/4-ის აღდგენას,”- ნათქვამია მთავრობის ანგარიშში.

ეკონომიკის აღდგენის მსგავსი პარამეტრების მოლოდინი აქვს მსოფლიო ბანკსაც. რამდენიმე დღის წინ, კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელმა სებასტიან მოლინეუსმა BMG-ის განუცხადა, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 2022 წლისთვის 5.5%-მდე ზრდიან. უკრაინაში ომის დაწყებიდან მალევე მსოფლიო ბანკმა პროგნოზი 2.5%-მდე შეამცირა, თუმცა განახლებული შეფასებით მსოფლიო ბანკში მიიჩნევენ, რომ 5.5%-იანი ზრდის მიღწევა რეალურია. 

საქართველოს მთავრობის გათვლებით, ერთ მოსახლეზე მშპ-ს მოცულობა 2021 წელს არსებული 5,015 დოლარიდან $6,284 მდე გაიზრდება, რაც 20%-იან ზრდას წარმოადგენს. ამ მატების წარმმართველი ეკონომიკის მოცულობის ზრდასთან ერთად, ლარის გაცვლითი კურსის შედარებითი გამყარება უნდა იყოს. 

განახლებული პროგნოზით, ასევე მშპ-ის 45%-დე მცირდება სახელმწიფო ვალის მოცულობა, რაც 5 პროცენტული პუნქტით უფრო ნაკლებია, ვიდრე აქამდე 2022 წლისთვის იყო პროგნოზირებული.