მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობის ახალი შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა პარლამენტს დღეს წარედგინება

602f6f32d8172
BM.GE
19.02.21 12:00
1450
მთავრობის ახალი შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა პარლამენტს დღეს წარედგინება. ამის შესახებ IPN წერს და აღნიშნული bm.ge-ის პარტია „ქართულ ოცნებაშიც“ დაუდასტურეს. როგორ ცნობილია, დღეს 18:00 საათზე ბიუროს სხდომაა ჩანიშნული, რომელზეც პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების განრიგი გადაწყდება.

ცნობისთვის: კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტმა მინისტრთა კაბინეტს ნდობა 2 კვირის ვადაში უნდა გამოუცხადოს, მაგრამ როგორც გუშინ პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, მთავრობის ახალი შემადგენლობას ნდობას უახლოეს დღეებში გამოუცხადებენ.

“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭომ და უმრავლესობამ საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი გუშინვე წარადგინა. ირაკლი კობახიძის თქმით, ღარიბაშვილის კანდიდატურა პარტიის პოლიტსაბჭომ ერთხმად, მისი წარდგენის საფუძველზე დაამტკიცა.

„ირაკლი ღარიბაშვილი არის „ქართული ოცნების“ სადამფუძნებელი და ერთ-ერთი ლიდერი, რომელსაც ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს პერიოდში ეკავა შს მინისტრის, ხოლო შემდეგ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა. ახლა ეკავა თავდაცვის მინისტრის პოზიცია. ის გამორჩეული გამოცდილების მქონე პოლიტიკოსია, რომელსაც წარმატებით შეუძლია გაუძღვეს მთავრობის საქმიანობასაც და იზრუნოს იმ გამოწვევების დაძლევაზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას. წარმატებები მას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ: პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გუშინ დილით გადადგა. თავისი გადაწყვეტილება მან "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას დაპატიმრების ვადებთან და ფორმებთან დაკავშირებით გუნდისგან განსხვავებული პოზიციით ახსნა.

“მოგეხსენებათ, გუშინ <17 თებერვალს> სასამართლომ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ეს გახლავთ ადამიანი, რომელიც დიდად არასოდეს სცემდა პატივს ქართულ კანონმდებლობას და რომელიც 20 ივნისს, ჩვენს მოქალაქებს მოუწოდებდა პარლამენტის შტურმისკენ. ის იყო ერთ-ერთი ორგანიზატორი პარლამენტში შეჭრის, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ჩემი აბსოლუტურად ურყევი პოზიციაა, რომ ერთი ადამიანის მიმართ თუნდაც კანონიერი მართლმსაჯულებით განსაზღვრული ღონისძიების აღსრულება, თუ ეს რისკს უქმნის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს, ან ქვეყანაში ქმნის პოლიტიკური ესკალაციის შესაძლებლობას, არის მიუღებელი.

დღეს განსაკუთრებით, როცა პოლიტიკური დაძაბულობა და პოლარიზაცია, თვითონ ქვეყნის განვითარებას და შემდგომ ქვეყნის უსაფრთხოების და მომავლის რისკებს ქმნის, მაშინ, როცა ყველანი ერთად ვებრძვით გლობალურ პანდემიას, ეკონომიკურ კრიზისს, რეგიონულ გამოწვევებს და რაც მთავარია, ყველანი ერთად ვებრძვით პოლიტიკურ პოლარიზაციას, რათა უკეთესი მომავალი შევუქმნათ ჩვენს შვილებს, ასეთი ღონისძიება უნდა ჩატარდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც გადაზღვეული იქნება ყველა სახის რისკი.

მე სამწუხაროდ, ჩემს გუნდთან ერთად ვერ მივაღწიე ერთობლივ აზრს ამ საკითხთან დაკავშირებით, მე მივიღე გადაწყვეტილება გადავდგე დაკავებული თანამდებობიდან. მე მჯერა და მინდა მჯეროდეს, რომ ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს პოლიტიკურ სივრცეში პოლარიზაციის შემცირებას, რამეთუ დარწმუნებული ვარ იმაში, რომ პოლარიზაცია და დაპირისპირება ჩვენს შორის არის ყველაზე დიდი რისკი ჩვენი ქვეყნისთვის, მისი ეკონომიკური განვითარების და ყველა სახის კრიზისის გამკლავებისთვის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.