მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობის და სახელმწიფო კომპანიების საგარეო ვალი $10.4 მილიარდია

62bdbdacae956
შოთა ტყეშელაშვილი
30.06.22 19:27
871
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2022 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით სახელმწიფო ვალის სტატისტიკა გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, სახელმწიფო სექტორის, მათ შორის სახელმწიფო კომპანიების ვალი 10.4 მილიარდი დოლარია. 

უფრო დეტალურად, სახელმწიფო სექტორის ვალები ასე ნაწილდება:

• სახელმწიფო სექტორის მთლიანი საგარეო ვალი - 10.4 მილიარდი დოლარი (32.2 მლრდ ლარი), მშპ-ის 52.1%, საიდანაც:
• ცენტრალური მთავრობის საგარეო ვალი - 7.8 მილიარდი დოლარი (24 მლრდ ლარი), მშპ-ის 38.9%;
• სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები - 438.5 მლნ დოლარი (1.4 მლრდ ლარი), მშპ-ის 2.2%;
• სახელმწიფო საწარმოების სესხები - 1.2 მილიარდი დოლარი (3.9 მლრდ ლარი), მშპ-ის 6.3%;
• ეროვნული ბანკის საგგარეო ვალი - 942.6 მლნ დოლარი ( 2.9 მლრდ ლარი), მშპ-ის 4.7%. 

"2022 წლის პირველი კვარტალის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა საგარეო ვალდებულებებმა 942.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 477.9 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა (ნსუ)1, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, კერძო სექტორის საგარეო ვალმა წელს 9.9 მილიარდ დოლარს მიაღწია. მათ შორის ბანკების საგარეო ვალი 5 მილიარდი დოლარი, სხვა კომპანიების ვალი კი 4.9 მილიარდი დოლარია. ამ ვალის ნაწილი წარმოადგენს კომპანიების დამფუძნებლების მიმართ ვალს, ნაწილი კი უცხოური საკრედიტო ინსტიტუტების ვალს.

“საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 5.0 მლრდ აშშ დოლარი (15.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 25.0 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა - 4.9 მლრდ აშშ დოლარი (15.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 24.8 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა - 3.5 მლრდ აშშ დოლარი (10.7 მლრდ ლარი; მშპ-ს 17.3 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 90.9 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.

საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2022 წლის 31 მარტის მდგომარეობით, 13.3 მლრდ აშშ დოლარი (41.4 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ–ს 67.0 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 6.3 მლრდ აშშ დოლარია (19.6 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 31.7 პროცენტია.

საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2022 წლის 31 მარტის მდგომარეობით 22.1 მლრდ აშშ დოლარი (68.4 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 110.8 პროცენტია. 2022 წლის პირველ კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 6.1 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, ოპერაციული ცვლილების გამო ვალი 384.6 მლნ. აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო ფასის, საკურსო და სხვა ცვლილებების გამო ვალი შესაბამისად - 207.0 მლნ. აშშ დოლარით, 144.1 მლნ. აშშ დოლარით და 27.4 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა,”- ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკაში.