06.ოქტომბერი .2020 21:27

მთაწმინდა-რუსთაველის საბაგიროს დასასრულებლად, სატრანსპორტო კომპანია 8.3 მლნ ლარის შესყიდვაზე თანხმობას ითხოვს

views 525
უკან

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, თბილისის სატრანსპორტო კომპანია მთაწმინდა-რუსთაველის საბაგიროს დასასრულებლად 8.3 მილიონი ლარის გამარტივებული შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობას ხელახლა ითხოვს. 

პროექტის დასასრულებლად კომპანიამ განაცხადი თავდაპირველად 25 სექტემბერს გააკეთა. მაშინ თბილისის სატრანსპორტო კომპანია უთითებდა, რომ ახალი საბაგიროსთვის ტექნიკური აღჭურვილობა ჯერ კიდევ 2012 წელს, კომპანია Dopplemayr-თან დადებული შეთანხმების შედეგად იყო აწყობილი, თუმცა პროექტის განუხორციელებლობის გამო, მათი საქართველოში იმპორტი ამ დრომდე არ მომხდარა, რის გამოც იზრდებოდა რისკი, რომ ამ ინვენტარის ამორტიზება მოხდებოდა. შესაბამისად, აუცილებელი იყო, რომ პროექტის დასასრულებლად კომპანიას 8.3 მილიონი ლარის გამარტივებული შესყიდვა განეხორციელებინა. ამ განცხადების პასუხად, 30 სექტემბერს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელმა, ლევან რაზმაძემ თბილისის სატრანსპორტო კომპანიას წერილობით მიმართა და კომპანიის მიერ წარდგენილი ინფორმაციის დასაბუთება მოითხოვა. ამის შემდეგ სატრანსპორტო კომპანიამ განაცხადი უკან გაიხმო და ახლა პროექტის დასრულებისთვის განაცხადი ახალი ფორმით წარადგინა.

მთაწმინდა-რუსთაველის საბაგიროს განხორციელება თავდაპირველად, 2012 წლის ივნისში გაფორმებული შეთანხმებით განისაზღვრა, თუმცა მას შემდეგ მისი ტექნიკური პარამეტრები რამდენჯერმე შეიცვალა. ყველაზე მეტი ცვლილება რუსთაველის გამზირზე, საბაგიროს გაჩერების ადგილმდებარეობამ განიცადა, რომელიც თავდაპირველად სასტუმრო "რედისონის" მიმდებარედ განისაზღვრა. ტერიტორიის მიმდებარედ საბაგიროს ბეტონის მზიდი ბოძებიც ნაწილობრივ აშენდა, თუმცა შემდგომში დედაქალაქის მთავრობის გადაწყვეტილებით "რედისონის" ნაცვლად, საბაგიროს ბოლო გაჩერებად "მეცნიერებათა აკადემიის" შენობა განისაზღვრა. 

"ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2016 წლის 20 აპრილის №15.16.355 განკარგულების 1-ლი პუნქტით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ (შემდგომ ტექსტში კომპანია) დაევალა 2012 წლის 5 ივნისს ქალაქ თბილისის მერიასა და “Doppelmayr Seilbahnen GmbH”-ს (შემდომ ტექსტში „Doppelmayr”) შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება.

აღნიშნული ხელშეკრულებით საბაგირო გზის მარშრუტი განსაზღვრული იყო ქალაქ თბილისში, ვარდების მოედნიდან მთაწმინდის პარკის მიმართულებით. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს 2016 წლის 19 თებერვლის N7 ოქმის საფუძველზე, მიღებული იქნა უარყოფითი გადაწყვეტილება ვარდების რევოლუციის მოედანზე საბაგირო გზის ქვედა სადგურის მოწყობის პროექტთან დაკავშრებით და გაიცა რეკომენდაცია , საბაგირო გზის ქვედა სადგურის სსიპ „მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საბაგირო გზის ძველ სადგურთან განთავსების საკითხის განხილვასთან დაკავშირებით. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ „ტექნოლოგიური განვითარების ფონდმა“, რომელიც ქალაქ თბილისის მთავრობის 2013 წლის 8 მაისის N16.04.538 დადგენილებით ასრულებდა ქალაქ თბილისის მერიის ვალდებულებების „Doppelmayr”-თან გაფორმებულ ხელშეკრულებაში, „მთაწმინდის პარკთან დამაკავშირებელი საბაგირო გზის მშენებლობასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2016 წლის 16 მარტის N10.07.212 განკარგულების საფუძველზე, მიმართა სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს“, საბაგირო გზის ძველი სადგურის შენობის ამჟამინდელი კონსტრუქციული მდგომარეობის და მიმდებარე ტერიტორიის გეოლოგიის შესწავლის თაობაზე, საიდანაც მიღებული იქნა დადებითი რეკომენდაცია საბაგირო გზის ქვედა სადგურის გამოყენების შესახებ, ასევე დადებითი რეკომენდაცია გაიცა აღნიშნულთან დაკავშირებით “Doppelmayr” -ის 2016 წლის 24 მაისის N378 წერილით, ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე და შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ (ს/ნ 202886788) გენერალური დირექტორის 2016 წლის 6 ივნისის N01/2944 (მერიაში რეგისტრაციის N197049/08) წერილის შესაბამისად, დგინდება რომ შესაძლებელია საბაგირო გზის ქვედა სადგურის განთავსება მითითებულ ტერიტორიაზე.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2016 წლის 8 ივნისის №22.03.475 განკარგულების 1-ლი პუნქტით, შეიცვალა საბაგირო გზის მარშრუტი, კერძოდ ქვედა საგურის განთავსების ადგილად ვარდების მოედნის მაგივრად განისაზღვრა - სსიპ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მიმდებარე ტერიტორიაზე, საბაგირო გზის ძველი სადგური,"- ნათქვამია განაცხადში. 

შესყიდვის ტექნიკური მოთხოვნების დოკუმენტიდან ირკვევა, რომ 2012 წელს გაფორმებული კონტრაქტით საბაგირო გზის ტექნოლოგიური ნაწილი უკვე წარმოებულია და მასში თანხაც არის გადახდილი. თუმცა აღნიშნული მასალები საქართველოში საბაგიროს კონსტრუქციის დაუმთავრებლობის გამო არ გამოგზავნილა და ის შვეიცარიასა და ავსტრიაში კომპანია Doppelmayr-ის საწყობებში ინახებდა. ამასთან, რვა წლის განმავლობაში უფუნქციოდ ყოფნის გამო, საბაგიროს ზოგიერთი დეტალი შესაძლოა უკვე ამორტიზებული იყოს, რის გამოც მათი ხელახალი შემოწმება და აუცილებლობის შემთხვევაში თავიდან წარმოება შეიძლება გახდეს აუცილებელი. 

"ვინაიდან, საბაგიროს ტექნოლოგიური ნაწილის დამამზადებელია ავსტრიული კომპანია “Dopplemayr Seilbahnen GmbH”, რომელიც უკვე შეძენილია და დასაწყობებულია ავსტრიაში, შესაბამისად მანვე უნდა უზრუნველყოს საბაგირო გზის გადაკეთებისათვის აუცილებელი ნებისმიერი მომსახურების განხორციელება.  სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე, სამუშაოების განხორციელების პროცესში თავს იჩენს არაპროგნოზირებული ოდენობის და მასშტაბის გაუთვალისწინებელი სამუშაოები, რომლის წინასწარ დაგეგმვა, შეფასება და შემდგომში მართვა შეუძლებელია მისაღები სიზუსტით. დამატებით მოგახსენებთ რომ, “Dopplemayr Seilbahnen GmbH” – თან 2012 წლის 5 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულების სრული ღირებულება (4 064 300 ევრო) ანაზღაურებულია მომწოდებლისათვის, რაც ავტომატურად გულისხმობს რომ მომავალი ტექნოლოგიური ნაწილის ნებისმიერი ცვლილება ან/და ახლის დამზადება უნდა განხორციელდეს კომპანია “Dopplemayr Seilbahnen GmbH”-დან,"- ნათქვამია დოკუმენტში, რომელსაც ხელს "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" ხელმძღვანელი გიორგი შარკოვი აწერს.

ახალი საბაგიროს მშენებლობა მომდევნო 24 თვის განმავლობაში უნდა დასრულდეს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა