ურბანისტი ანა ბიბილაშვილი “საქმის კურსთან” ინტერვიუს დროს სამ პროექტს ასახელებს, რომელიც ქალაქში ან უკვე მიმდინარეა ან დაგეგმილია, რაც ქალაქს მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე დააყენებს. მისი თქმით, ეს პროექტებია გმირთა მოედნისა და ლაგუნა ვერეს არეალში დაგეგმილი ცათამბჯენების მშენებლობა, ასევე იპოდრომის ტერიტორიის განაშენიანება, სადაც ურბანისტის შეფასებით, ახალი მაღლივი კორპუსები სატრანსპორტო ნაკადების კატასტროფულ ზრდას გამოიწვევს.
ბიბილაშვილი აცხადებს, რომ კიდევ ერთი პრობლემური არეალი არის ვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორია, სადაც არსებული ინფრასტრუქტურა ფიზიკურად ვერ გაუძლებს დაგეგმილ დატვირთვას.
“ურბანული შეცდომების გამოყოფა გამიჭირდება, იმიტომ რომ ბევრია, მაგრამ გამოვყოფდი სამ პროექტს. პირველი ეს არის გმირთა მოედნის არეალის სამშენებლო განვითარება. ეს მხოლოდ ლაგუნა ვერეს არ ეხება, მეორე მხარესაც ცათამბჯენების სისტემაა დაგეგმილი, ცირკის მოპირდაპირე მხარესაც, ფერდზე რამდენიმე ცათამბჯენია დაგეგმილი. ანუ ამ ტერიტორიის ქალაქგეგმარებით განვითარებას აქვს თავისი რამდენიმე კომპონენტიანი ხარვეზი, რომელიც მომავალში შეუძლებელს გახდის ამ გარემოს გამოსწორებას. ეს ერთ-ერთი პირველი უმნიშვნელოვანესი კვანძია ქალაქისთვის, უმთავრესი სატრანსპორტო მიმართულებით და ძალიან ბევრი კულტურული და ეკოლოგიური მიმართულებით.
მეორე არის იპოდრომის ტერიტორიის განვითარება: მათ შორის შედის თვითონ იპოდრომის იმ ფორმით განვითარება, რომელიც დღემდე ხდება და არასოდეს არ დასრულდა. დაზიანდა ლანდშაფტური არეალი. იპოდრომის მიმდებარე ნაკვეთზე ასევე ცათამბჯენების სისტემის შემოთავაზება, გამოიწვევს კიდევ დამატებით სატრანსპორტო ნაკადების გაზრდას და ეკოლოგიურად ძალიან შეცვლის იმ არეალს.
მესამე - ვაგონშემკეთებელი ქარხნის არეალი: რომლის მიმდებარე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა შეუძლებელია, რომ მოერგოს იმ განვითარებას, რომელიც შემოთავაზებულია და ამაზე არავინ არც საუბრობს, არც ფიქრობს. თვითონ პროექტში წარმოდგენილია რაღაც აბსტრაქტული სატრანსპორტო ანგარიშები, რომელიც ფიზიკურად ვერ განხორციელდება ისე” - ამბობს ურბანისტი ანა ბიბილაშვილი.




























