მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა კავშირია საცობსა და მშენებლობას შორის? - ურბანისტი კახა კალაძეს პასუხობს

საცობი თბილისში

ურბანისტი ანა ბიბილაშვილი თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას ეხმაურება და განმარტავს, თუ რატომ არის მჭიდრო მშენებლობები დედაქალაქში არსებულ სატრანსპორტო კოლაფსთან პირდაპირ კავშირში. ბიბილაშვილის შეფასებით, ქაოსური განაშენიანების თვალსაჩინო მაგალითებია ვაკე-საბურთალოს ტერიტორია და ლაგუნა ვერეს მიმდებარე არეალი. ასევე, პრობლემურია ვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორია, სადაც დაგეგმილი პროექტები არსებულ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურასთან შეუსაბამოა.

მისი განმარტებით, ნებისმიერი ახალი საცხოვრებელი კომპლექსი ნიშნავს ასობით ახალ მოსახლეს და, შესაბამისად, ასობით ახალ ავტომობილს კონკრეტულ ლოკაციაზე.

“ქაოსური განაშენიანება გვაქვს მაგალითად ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე, მათ შორის ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე. ასევე პრობლემურია ვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორია, რომლის არეალიც სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მხრივ ძალიან პრობლემურია.

მათ შორის პრობლემებია იმ დაანონსებულ პროექტების არეალებში, რომლებმაც მეტ-ნაკლებად გადაიწია ან შეცვალეს, მაგრამ თითოეული განაშენიანება, რომელიც იგეგმება, უნდა მოერგოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას.

ჩვენ ქალაქის გზების სისტემას ვერ შევცვლით ყოველ ჯერზე, როდესაც ვიღაცას მოუნდება, რომ იმ ადგილას ააშენოს მაღალსართულიანი შენობები ან მჭიდროდ განაშენიანებული შენობები.

რა კავშირია საცობსა და მშენებლობას შორის? თუ რაღაც ადგილას გაჩნდება რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი, სადაც იცხოვრებს პირობითად 1000 ოჯახი ან 500 ოჯახი, იმ 500 ოჯახს დასჭირდება პირობითად 500 მანქანა ან თუნდაც 300 მანქანა. ეს ავტომობილები ყოველდღიურად უნდა მივიდნენ იმ ტერიტორიაზე და უნდა გამოვიდნენ იმ უბნებიდან, ხომ? შესაბამისად, იმ უბნის გარშემო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა დაიტვირთება ამ ოდენობის ავტომობილებით და შესაბამისად კიდევ უფრო მეტი პრობლემა გაჩნდება”, - აცხადებს ურბანისტი ანა ბიბილაშვილი.

ცნობისთვის, "რა ქაოსზე ვსაუბრობთ?! სად არის ქაოსური განაშენიანება?!" - ასეთი განცხადება გააკეთა კახა კალაძემ თბილისში არსებულ მშენებლობებზე და განაშენიანებაზე, რომელიც წლებია ურბანისტების კრიტიკის საგანია. როგორც კალაძემ აღნიშნა, საცობებს აქვს თავისი გამომწვევი მიზეზები, რასთანაც მშენებლობა კავშირში არ არის. მისი შეფასებით, ქალაქის განვითარება ხდება გენერალური გეგმის მიხედვით, რომელიც 2019 წელს იქნა მიღებული, ხოლო პროექტები, რომელიც ურბანულად საერთო ხედვას ეწინააღმდეგება არ ხორციელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები