მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მუშახელის დეფიციტია, ვინ უნდა დაკრიფოს ამდენი მოცვი, არ ვიცით“ – „ნაგორმის აგროსახლი“

614c300956db4
ინგა მურუსიძე
24.09.21 09:00
14213
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „ნაგომრის აგროსახლი“, რომელიც 5 წევრს აერთიანებს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში 2,5 ჰექტარზე მოცვის ბაღს ფლობს. პლანტაციის გაშენებისთვის, 2017 წლიდან განხორციელებულმა ინვესტიციამ 150,000 ლარზე მეტი შეადგინა, მათ შორის, 100,000 ლარზე მეტი შეღავათიანი აგროკრედიტია, ხოლო 35,000 ლარი პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში მიღებული თანადაფინანსება.

„ნაგორმრის აგროსახლი“ მოსავლის რაოდენობას და გაშენებული ბაღების ფართობებს ყოველწლიურად ზრდის. თუკი 2018 წელს მოსავალი 5 ტონამდე იყო, წელს უკვე მაჩვენებელი 15 ტონამდე გაიზარდა. როგორც BM.GE-ს „ნაგომრის აგროსახლის“ დირექტორი, ბესიკ წიქორიძე უყვება, სეზონმა საერთო ჯამში ცუდად ჩაიარა, რადგან შუა სეზონზე ფასების ვარდნა მოხდა, რამაც მეწარმეებს სერიოზული პრობლემები შეუქმნა.

როგორც ის ამბობს, ფასის ვარდნა, სავარაუდოდ, ხელოვნური იყო და ქართველმა ექსპორტიორებმა მიზანმიმართულად გააკეთეს ეს, რომ პროდუქტი იაფად ეყიდათ.

„საქმე ის არის, რომ დაახლოებით შუა სეზონზე ხელოვნურად მოხდა ფასის ვარდნა. ექსპორტიორებმა გაავრცელეს ინფორმაციები, თითქოს რუსეთში პროდუქტის შეტანასთან დაკავშირებით პრობლემები იყო, სინამდვილეში კი არც ერთი მანქანა არ გაჩერებულა, და არც ერთი კგ. მოცვის შეტანაზე პრობლემა არ ყოფილა. სავარაუდოდ, ექსპორტიორებმა გაავრცელეს ეს ინფორმაცია, მაგრამ არანაირი რუსეთის ბაზრის ჩაკეტვა არ მომხდარა, თუმცა ინფორმაციამ გამოიწვია პანიკა და ფასის ვარდნა 6 დან $2-მდე და ფასი ამის შემდეგ აღარ აწეულა“, - ამბობს წიქორიძე.

როგორც „ნაგომრის აგროსახლის“ დირექტორი ამბობს, კომპანიისთვის ახალმა ფასმა ზარალი არ გამოიწვია, თუმცა შემოსავლები მნიშვნელოვნად შეამცირა.

რაც შეეხება თავად მოცვის ხარისხს, მწარმოებლის მტკიცებით, საქართველოში საკმაოდ კარგი ხარისხის მოცვი მოდის, თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ რუსულ ბაზარზე გადის.

„ევროპაში გატანა ძალიანაც გვინდა, თუმცა რაოდენობა გვაქვს ცოტა და ამას ემატება ხარისხის სერთიფიკატი, რომელიც უნდა დაამზადო, ფინანსები და ა.შ. ეს საკითხი სახელმწიფოს მხრიდან საჭიროებს ხელშეწყობას მათ შორის მაგალითად სამაცივრე მეურნეობების მხრივ. ევროპაში ისე ცოტა მოცვს ვერ გაიტან, რამდენიც მოგვყავს, იმისთვის, რომ შეაგროვო მაცივარია საჭირო და ამ ეტაპზე, მაცივრები ერთეულებს აქვთ. მაცივრის გაკეთება თავის მხრივ შეუწყობს ხელს მწარმოებლებს, რომ აღარ იფიქრონ პროდუქტის გაფუჭებაზე და უფრო კარგად გაყიდონ“, - განაცხადა წიქორიძემ.

კიდევ ერთი პრობლემა, რაც მოცვის პლანტაციების მფლობელებს აქვთ, მუშახელია.

„მუშახელის სერიოზული დეფიციტი გვაქვს. ცოტა ხანში ვინ უნდა დაკრიფოს ამდენი მოცვი საერთოდ არ ვიცი. ვერ ვიტყვი, რომ ვინმე თურქეთში წავიდა. ძალიან ცოტა წავიდა, მაგრამ აქ მუშაობა მაინც არ უნდათ. ანაზღაურებას რაც შეეხება, გასულ წელს 1 კგ მოცვის საკრეფი ფასი 0.7 ლარი იყო, ხოლო წელს 1 ლარი გახდა. კარგ მკრეფავს დღიურად 60-70 ლარის აღება შეუძლია“, - ამბობს წიქორიძე.