მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მზად ვართ ღია დიალოგისთვის... ულტიმატუმის ენით საუბარი მიუღებელია“ – „ბორჯომის“ განცხადება

629de2df208ee
ვიქტორია მღებრიშვილი
06.06.22 15:18
2309
კომპანია „IDS ბორჯომი საქართველო“ პრემიერ-მინისტრის მიერ დღეს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, რომელიც დამსაქმებელსა და დასაქმებულებს შორის მედიაციის პროცესს შეეხებოდა. აღნიშნულ საკითხზე კომპანია განცხადებას ავრცელებს და დასაქმებულებთან ღია დიალოგისთვის მზაობას გამოთქვამს.

„პირველ რიგში გვინდა აღვნიშნოთ, რომ მივესალმებით პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას, კომპანია „IDS ბორჯომი საქართველოს“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შრომის ინსპექციის ჩართვის შესახებ.

როგორც არაერთხელ განვაცხადეთ, ჩვენ მზად ვართ ღია დიალოგისთვის და მზად ვართ მივაწოდოთ შრომის ინსპექციას სრული და ამომწურავი ინფორმაცია, როგორც ზოგადად კომპანიის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, რა ვითარებაში აღმოჩნდა და რა სირთულეებთან უწევს გამკლავება კომპანიას დაწესებული სანქციებისა, გაყინული ანგარიშებისა და ბაზრებზე გართულებული წვდომის პირობებში, ასევე კანონის სრული დაცვით განხორციელებულ რეორგანიზაციის პროცესზე, რომლის შედეგადაც კომპანიამ მაქსიმალურად შეუნარჩუნა ბორჯომში დასაქმებულებს სამუშაო ადგილები.

შექმნილ ვითარებაში, მაშინ როდესაც ნებისმიერი ბიზნეს კომპანია სრულ რეორგანიზაციას ჩაატარებდა, ჩვენ მივიღეთ უპრეცედენტო გადაწყვეტილება და მასშტაბური გათავისუფლებების ნაცვლად, თანამშრომელთა 90%-ზე მეტს შევუნარჩუნეთ სამუშაო ადგილი, ასევე, უცვლელი დარჩა მათი სახელფასო განაკვეთი და კრიზისის მიუხედავად არ შემცირებიათ. შეიცვალა მხოლოდ არასამუშაო საათების დაანგარიშების სისტემა, თუმცა ის კვლავაც ინდუსტრიაში დამკვიდრებულ პრაქტიკაზე უკეთესია. ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ნამუშევარი საათების ანაზღაურება უცვლელი რჩება ყველა თანამშრომლისთვის. რაც შეეხება რეორგანიზაციის შედეგად შემცირებულ თანამშრომლებს, მათ სრულად აქვთ მიღებული კუთვნილი ხელფასი, ასევე 2 თვიანი კომპენსაცია, როგორც ამას კანონმდებლობა ითხოვს.

რაც შეეხება ხელფასების დაგვიანების შესახებ გაჟღერებულ ინფორმაციას, როგორც უკვე აღვნიშნეთ, უკიდურესად შეზღუდული ფინანსური რესურსების პირობებში, პირველ რიგში, იმ თანამშრომლების ანაზღაურება ირიცხება, ვინც ამ ეტაპზე წარმოების პროცესშია ჩართული. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ჩვენი კომპანია მუშაობს მინიმალური დატვირთვით, ძირითადად საქართველოს ბაზრისთვის.

ასევე, გვინდა გამოვეხმაუროთ გავრცელებულ დეზინფორმაციას, თითქოსდა კომპანიას უცხო ქვეყნის მოქალაქეები აჰყავს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ეს არის სიცრუე, პროცესების ესკალაციის მცდელობა და კომპანია ბორჯომს არც ერთი ახალი თანამშრომელი არ დაუქირავებია“, - ნათქვამია განცხადებაში.

„IDS ბორჯომი საქართველოში“ აცხადებენ, რომ მათთვის ყველა თანამშრომელი მნიშვნელოვანია, თუმცა თვლიან, რომ ულტიმატუმის ენით საუბარი მიუღებელია.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი კომპანიის თითოეული თანამშრომელი. ამასთანავე, ვაცხადებთ, რომ სრულიად მიუღებელია ულტიმატუმის ენით საუბარი და წარმოებაში ჩართული თანამშრომელების მიმართ აგრესია. ნებისმიერ მსგავს ქმედებას მოყვება შესაბამისი რეაგირება, კანონის სრული დაცვით.

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და მომავალშიც გავაკეთებთ იმისთვის, რომ უახლოეს მომავალში სრულმასშტაბიანად აღვადგინოთ წარმოება, დავიბრუნოთ ბაზრები და კვლავაც გავაგრძელოთ ჩვენი თანამშრომლებისთვის სექტორში საუკეთესო პირობების შექმნა. ასევე, მივესალმებით შექმნილი ვითარების კონსტრუქციული დარეგულირებისკენ გადადგმულ თითოეულ ნაბიჯს“, - აცხადებენ კომპანიაში.

ცნობისთვის: "IDS ბორჯომი საქართველოს" მხრიდან წარმოების გაჩერების შესახებ, აპრილში გაკეთებული განცხადების შემდეგ, ადმინისტრაციის მიერ დასაქმებულებისთვის შეთავაზებული ახალი სამუშაო ხელშეკრულებების გამო უთანხმოება წარმოიშვა და აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირის მხარდაჭერითა და ჯანდაცვის სამინისტროს ჩართულობით მედიაციის პროცესი დაიწყო, რომელიც 27 მაისს უშედეგოდ დასრულდა. მას შემდეგ კომპანიის თანამშრომლებმა 4 ძირითადი მოთხოვნით საპროტესტო აქციები წამოიწყეს. დღეს მთავრობის სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „ბორჯომის“ აქციების სახელმწიფოსთვის გადაცემის შესახებ განაცხადა და აღნიშნა, რომ ბორჯომის საწარმოში დამსაქმებელსა და დასაქმებულებს შორის არსებული უთანხმოების სამედიაციო პროცესში ჯანდაცვის სამინისტრო ჩაერთვებოდა.