მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნავთობის ღირებულება შედარებით შემცირდა - რა იწვევს ფასების მერყეობას: ანალიტიკოსების შეფასება

5dad53148a42a
მიხეილ ხაჩიძე
21.10.19 21:45
886
სავაჭრო კვირა ნავთობმა ფასების ვარდნით დაიწყო, მსოფლიო ბაზრებზე მისი ღირებულება მცირედით შემცირდა. ანალიტიკოსები განმარტავენ, რომ ბაზარი ამ ეტაპზე უარყოფითი ფაქტორების გავლენის ქვეშ რჩება, რაც ფასების არასტაბილურობაზე გავლენას მომავალშიც მოახდენს.


როგორც უცხოური ბიზნეს პორტალები იუწყებიან, ორშაბათს, Brent-ის ფიუჩერსული ფასი შემცირდა, ლონდონის ICE Futures-ის ბირჟაზე მისმა ღირებულებამ დღეს დილით, 0,16 აშშ დოლარით დაიკლო და ბარელზე $59.26 შეადგინა. აღსანიშნავია, რომ გასული კვირის ბოლო სავაჭრო დღეს, პარასკევს ბარელი ნავთობი 59,42 აშშ დოლარი ღირდა.


რაც შეეხება მეორე პოპულარული ტიპის ნავთობს, WTI-ის ფასი, ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟაზე (NYMEX) ამ დროისთვის 0,11 დოლარით არის შემცირებული და ბარელი $ 53,67 ღირს. პარასკევს კი, WTI 53,78 აშშ დოლარად ფასობდა.


ბაზრის მიმომხილველების განცხადებით, ფასების შემცირება ჩინეთისა და აშშ-ს სავაჭრო ომთან მჭიდრო კავშირშია. ამას გარდა, ერთ-ერთი ფაქტორი, ჩინეთის ეკონომიკის შესუსტებაა.


”საბაზრო განწყობა კვლავ პესიმისტურია, რადგან სუსტი ეკონომიკური მონაცემები ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა ჩინეთი, გავლენას ახდენს ინვესტორებზე, ამავდროულად, მიმდინარე სავაჭრო მოლაპარაკებები აშშ-სა და ჩინეთს შორის, განაგრძობენ ზეწოლას გლობალურ ეკონომიკურ ზრდაზე”, - ნათქვამია AxiTrader- ის მიმოხილვაში.


შეგახსენებთ, რომ როგორც გასულ კვირას გახდა ცნობილი, ჩინეთის მშპ-ის ზრდა მესამე კვარტალში თითქმის 30 წლის განმავლობაში მინიმალურ დონეზე დაეცა.