კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, ამ დროისთვის საქართველოში საწვავზე არსებული ფასები სამართლიანია და მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე პროცესებთან თანხვედრაშია.
როგორც ირაკლი ლექვინაძემ „საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა, ბოლო პერიოდში საწვავის გაძვირება საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობზე ფასების ზრდას უკავშირდება.
„საწვავის ფასებთან დაკავშირებით შემიძლია ვისაუბრო სააგენტოს პირველი კვარტალის ანგარიშის საფუძველზე, რომლის შედეგებიც უკვე გვაქვს და უახლოეს პერიოდში გავასაჯაროებთ. სამწუხაროდ, შიდა ბაზარზე საწვავის გაძვირების ტრენდი გვაქვს და ეს რიგი გარე ფაქტორებითაა გამოწვეული. მათ შორის, ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი 90 დოლარს მიუახლოვდა, რაზეც რეგიონალური კონფლიქტები ახდენს გავლენას. შიდა ბაზარს რაც შეეხება, ბოლო პერიოდში რამდენიმე თეთრიანი გაძვირება ამის თანმხვედრი პროცესია. ჩვენთან ლარის კურსი სტაბილურია, თუმცა გარე ფაქტორებს და მსოფლიო ფასის გავლენას ვერ გავექცევით. ჩვენს ბოლო ანგარიშზე დაყრდნობით, დღევანდელი მდგომარეობით, საწვავზე არსებული ფასები სამართლიანია და ის თანხვედრაშია მსოფლიო ბაზარზე არსებულ პროცესებთან, ამ დროისთვის რაიმე არასაბაზრო ფაქტორების გავლენას ვერ ვხედავთ“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
ცნობისთვის, ბოლო პერიოდში ბენზინგასამართი სადგურების ნაწილში საწვავმა გაძვირება დაიწყო და სხვადასხვა ტიპის ნავთობპროდუქტებზე ფასები ბოლო 10 დღეში 2-5 თეთრითაა გაზრდილი.