მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს, კონკურენციის მიმართულებით საქართველოსა და EU-ის კანონმდებლობის შესაბამისობა 75%-ია - ირაკლი ლექვინაძე

ირაკლი ლექვინაძე

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარის, ირაკლი ლექვინაძის თქმით, დღეს, საქართველოსა და ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისობა კონკურენციის და მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით გაუმჯობესებულია.

ირაკლი ლექვინაძემ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული TWINNING-ის პროექტის დახურვის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ორი წლის განმავლობაში, პროექტის ფარგლებში, საკმაოდ მნიშვნელოვანი ღონისძიებები გატარდა.

"მადლობა თანამშრომლობისთვის და მხარდაჭერისთვის პროექტში მონაწილე ყველა დაინტერესებულ მხარეს. დღეს, პროექტის ექსპერტების შეფასებით, საქართველოსა და ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისობა კონკურენციის მიმართულებით 75%-ია, რაც 2022 წელს, პროექტის დაწყების ეტაპზე 60%-ს შეადგენდა, ხოლო მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით იყო 70% და დღეს არის 85%.

პროექტის ფარგლებში მიღებული რეკომენდაციების საფუძველზე, 30-მდე კანონქვემდებარე დოკუმენტი და სხვა სახელმძღვანელო მასალა დამუშავდა. მათ შორის, მომხმარებელთა უფლებების დაცვის პირველი ეროვნული სტრატეგია, რომელიც მარეგულირებელი უწყებების ჩართულობით მომზადდა. ასევე, პროექტის ფინანსური მხარდაჭერით, კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის საკითხებზე, საზოგადოებრივი ცნობიერების გაზრდის მიზნით, შეიქმნა 4 საინფორმაციო ვიდეო რგოლი, რომელიც ყველა ქართულ მედია არხზე განთავსდა.

საანგარიშო პერიოდში, განხორციელდა 80-მდე მრგვალი მაგიდა, სემინარი და სამუშაო შეხვედრა სხვადასხვა მიზნობრივი აუდიტორიის მონაწილეობით. შეხვედრებში მონაწილეობდნენ სამთავრობო და საპარლამენტო უწყებების, ბიზნესის, არასამთავრობო და აკადემიური სექტორის, სამოქალაქო საზოგადოების, მარეგულირებელ უწყებების, სასამართლო ხელისუფლების და მედიის წარმომადგენლები. განხორციელდა 4 სამუშაო-სასწავლო ვიზიტი ვენაში და ვილნიუსში, რომელიც სააგენტოს თანამშრომელთა კვალიფიკაციის გაძლიერების მიმართულებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო.

წელს, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო 10 წლის იუბილეს აღნიშნავს. სწორედ 2014 წელს, მას შემდეგ რაც საქართველომ ევროასოცირების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, შეიქმნა საქართველოს კონკურენციის სააგენტო. 2020 წელს, კანონმდებლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა და ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოექცა საქართველოს კონკურენციის კანონმდებლობა. 2021 წლიდან, დაგვემატა ანტიდემპინგის რეგულირების ფუნქცია, 2022 წლიდან კი მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულება. გატარებული რეფორმების პარალელურად, ჩვენმა უწყებამ არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც სხვადასხვა სექტორებს შეეხებოდა“, - ირაკლი ლექვინაძემ და ევროკავშირის მისიას, ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებს, პროექტში მონაწილე უწყებებს ჩართულობისთვის, მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

სააგენტოს ინფორმაციით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული TWINNING-ის პროექტის დახურვის ცერემონია 23 მაისს გაიმართა და ესწრებოდნენ - სამთავრობო და საპარლამენტო ხელისუფლების, პროექტის პარტნიორი - ლიეტუვის და ავსტრიის კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის უწყებების, დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო, ადგილობრივი კოლეგა უწყებების და აკადემიური სექტორის წარმომადგენლები.

ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტი (EU Twinning Project) “საქართველოს კონკურენციის სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერება“ 2022 წლის 1 ივნისს დაიწყო და 2 წელს გაგრძელდა. პროექტის ფარგლებში, კონსულტაციებს და ტექნიკურ მხარდაჭერას სააგენტოს - ლიეტუვის და ავსტრიის კონკურენციის უწყებების პროფესიონალთა გუნდი უწევდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები